შპს ,,სოლო 500-ის" გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/25770-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2017 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი: შპს ,,სოლო 500“ (ს/კ 432543759)
წარმომადგენელი: ალენი სოფრომაძე, დირექტორი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,სოლო 500“-ის დირექტორმა ალენი სოფრომაძემ და მოითხოვა შპს „სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ შპს ,,სოლო 500“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 5 იანვრიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვები. 2016 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ხანძრისას დაიწვა კომპანიის მიერ გამზადებული მესამე პირთა დავალებით საქართველოში შემოსატანი პროდუქცია, რომლითაც კომპანიას უნდა მიეღო მნიშვნელოვანი შემოსავალი. აღნიშნული ტრაგედიის შემდგომ, კომპანიის ხელმძღვანელისა და პარტნიორის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა კომპანიის კრედიტორთა ვალების გადახდა. 2017 წლის აპრილის თვიდან, შპს „სოლო 500“ -ს დაემატა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც აღიარებულ იქნა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ. კომპანიის მთელ ქონებაზე გამოყენებულია საგადახდო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო 2017 წლის 5 აპრილის ბრძნებით საბანკო ანგარიშზე გაცემულია საინკასო დავალებები, 2017 წლის 3 მაისიდან კომპანიის მთელ ქონებას ადევს ყადაღა. საწარმოს ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური (რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 89 780.42 ლარს) და 30 არაუზრუნველყოფილი კრედიტორი. შპს ”სოლო 500”-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. განმცხადებლის მითითებით, საწარმო გადახდისუუნაროა და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,სოლო 500“-მა მოითხოვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივლისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შპს „სოლო 500“-ს დაევალა დამატებით მტკიცებულების წარმოდგენა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან იმის დასადასტურებლად, რომ შპს „სოლო 500“ არ არის სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მფლობელი; განმცხადებელს დაევალა ასევე მის მიერ მითითებული ვალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განესაზღვრა 5 (ხუთი) დღის ვადა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებელს კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩაბარდა 2017 წლის 1 აგვისტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 4 აგვისტოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „სოლო 500“-მა და წარმოადგინა წერილობითი ინფორმაცია შპს „სოლო 500“-ის მთლიანი დავალიანების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს „სოლო 500“-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში და კრედიტორებს იმავე განჩინებით განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ „სოლო 500“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს „სოლო 500“ გამოცხადდება გაკოტრებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინება შპს „სოლო 500“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2017 წლის 23 აგვისტოს.
2017 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ –შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმცხადებელს დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2017 წლის 10 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით.
2017 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით.
2017 წლის 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა საქმის წარმოების ხარჯის – 5000 ლარის სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ს.ფ. 58).
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასა და მასზე თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „სოლო 500“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სოლო 500“-ის (ს/ნ 432543759) განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „სოლო 500“-ის მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „სოლო 500“-ს (ს/ნ 432543759) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „სოლო 500“-ის (ს/ნ 432543759) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „სოლო 500“-ს (ს/ნ 432543759), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ,,სოლო 500''-ის (ს/ნ 432543759) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნას 2018 წლის 5 იანვარს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6, დარბაზში N9.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ გვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ.
11. დაევალოს მეურვეს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა არა უგვიანეს 2017 წლის 6 დეკემბრისა.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე