ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის
მუხლი 1🔗. წინამდებარე დოკუმენტის მიზანი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).
2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;
გ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 3🔗. გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი
1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს ან დააკონკრეტოს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს ბავშვს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პერსპექტივას.
2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე.
4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.
7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
9. პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.
10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
11. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
12. დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით.
13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს.
14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს.
15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.
მუხლი 6🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეული ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა.
3. პერსონალი უზიარებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ.
4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე.
5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა მშობლებთან.
7. პერსონალი, ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.
8. პერსონალი არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას.
9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ბავშვისგან ან მისი მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან არ იღებს ფულს ან საჩუქარს (მინიმალური ღირებულების საჩუქრის და ტკბილეულისა).
10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.
მუხლი 7🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალს აქვს პოზიტიური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.
2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში.
4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.
5.პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.
6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.
7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად.
8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას, პირად ცხოვრებას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას.
9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.
10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას.
11. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში;
12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.
მუხლი 8🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და ა.შ.) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ.
2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას.
3. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
5. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და სხვა).
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა
პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.