საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის ანგარიშს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 311 განცხადება, მათ შორის ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი იქნა 14 განცხადება. საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის MY.GOV.GE მეშვეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
წარმოდგენილი განცხადებებიდან საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 160 შემთხვევაში, 60 შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, 2 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 77 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო 10 განცხადებაზე დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ა) 28 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) 4 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა კანონის განმარტებას, რაც სცილდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს;
გ) 17 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ იქნა სხვა პირის პერსონალური მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უარი ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის ინტერესს;
დ) 22 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა აღრიცხვას არ აწარმოებდა;
ე) 6 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დაცულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო 1 შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა. ამასთან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა 2 სარჩელი და ამჟამად მიმდინარეობს საქმეთა განხილვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმისას საქართველოს პროკურატურის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე პირის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას. ამასთან, ნაწილობრივ მოთხოვნილ იქნა ისეთი ინფორმაცია, რომლის აღრიცხვას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებდა. შესაბამისად დაინტერესებულ პირს მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში დაცული ინფორმაცია და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.
განუხილველად იქნა დატოვებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი ის განცხადებები, რომლებიც არ პასუხობდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნებს.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2017 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, დამუშავებაზე, შექმნასა და დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრი – საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე