დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2017
ძალის დაკარგვა 23.12.2022
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №31 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016163).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური
1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.
2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6 . სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19 მუხლით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.სამსახურის ფუნქციებია:
ა)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება;
ე) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობის და ეფექტიანობის შეფასება;
ზ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებებისა და ხარჯების კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის რისკის მართვის ხარისხის შეფასება;
თ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
მ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;
პ)საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები
1.სამსახური უფლებამოსილია:
ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა;
ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერს;
ე) შიდა აუდიტის ანგარიში წარუდგინოს მერს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს, მერთან შეთანხმებით;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.