შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის" გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32158-17
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – შპს „იბერია მით ჰოლდინგ“ (ს/ნ405108217)
წარმომადგენელი – რევაზ ლაშქარავა (დირექტორი)
მოთხოვნა – შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენლის თამარ ცაგურიშვილის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაეზუსტებინა სს „თიბისი ბანკის“ მიმართ შპს „იბერ მით ჯორჯიას“ ვალი – 2 813 624.21 ლარი და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიმართ შპს „იბერ მით ჯორჯიას“ ვალი – 2 227 772.17 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 5 041 396.38 ლარს, და 2016 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული 1 831 731 აშშ დოლარი წარმოადგენდა თუ არა ერთი და იგივე თანხას, ამასთან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარკვევით უნდა მიეთითებინა მისთვის ცნობილი კრედიტორების ნუსხა.
აღნიშნული განჩინება შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელს თამარ ცაგურიშვილს ჩაბარდა 2017 წლის 27 ნოემბერს, რომელმაც ხარვეზის შევსების მიზნით 2017 წლის 04 დეკემბერს მომართა სასამართლოს განცხადებით, სადაც მითითებული იქნა, რომ სს „თიბისი ბანკის“ და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ფულადი მოთხოვნები განმცხადებლის მიმართ დაკმაყოფილებულია შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად და დღეის მდგომარეობით განმცხადებლის კრედიტორებს წარმოადგენენ მხოლოდ სსიპ – შემოსავლების სამსახური (უზრუნველყოფილი კრედიტორი) და შპს „იბერია მით ჯორჯია“ (არაუზრუნველყოფილი კრედიტორი).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13-15, მე-18, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ (ს/ნ 405108217) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2018 წლის 18 იანვარს 17 სთ/ზე საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №19 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე