საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საანგარიშო პერიოდი:

2016 წლის პირველი დეკემბერი _ 2017 წლის პირველი დეკემბერი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში _ კომისია ) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შერულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

 

კომისია კორესპონდენციას იღებს შემდეგ მისამართებზე:

საფოსტო: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18;

ტელ/ფაქსი: +995 32 2921625;

E-mail: post@gncc.ge;

ვებ გვერდი: http://gncc.ge/ge/sadjaro-informaciis-motxovna;

ანალიტიკური პორტალი: http://analytics.gncc.ge.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის დანიშნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ივნისისის №6/4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 მაისის №6/14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 26 მაისის №6/20 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის წევრ ვახტანგ აბაშიძეს.

საანგარიშო პერიოდში იურიდიული და ფიზიკური პირებისგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოვიდა სულ 118 (ას თვრამეტი) კორესპონდენცია.

მათ შორის იყო:

31 მოთხოვნა კომისიის სხდომების ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, საქმისწარმოების მასალების, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების, კომპანიების მიერ წარმოდგენილი წერილების, განაცხადებების ასლების, ასევე ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე;

5 მოთხოვნა კომისიის მიერ წარმოებული სასამართლო პროცესების, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და მათზე რეაგირების, მაუწყებლებთან თვითრეგულირების მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; ადმინისტრაციული წარმოების მასალების, მათ შორის სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის გამოთხოვაზე;

9 მოთხოვნა ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ, ასევე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის: მულტიპლექს პლატფორმაზე დაშვების კრიტერიუმები; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები; რიგი ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადე, კონტენტის გავრცელებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვისა თუ მესამე პირებზე გადაყიდვის უფლებები, გავრცელების ტექნოლოგიები, ლიცენზიების ასლები და ა.შ.;

5 მოთხოვნა 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ: მონიტორინგის ფარგლებში კომისიის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები, შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საქალაქო სასამართლოს რეაგირების შედეგები და გადაწყვეტილებები, ოქმების ასლები; დარღვევათა შესახებ შემოსული საჩივრების საფუძველზე კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის რაოდენობა; ტელეკომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამისთვის ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობის, გრაფიკის, ტარიფის და გაწეული მომსახურების შესახებ; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაქვემდებარებული ბეჭდური მედიის ჩამონათვალი; არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხთან დაკავშირებით კომისიის პოზიცია.

11 მოთხოვნა კომისიის აპარატში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებამდე და ცვლილებების შემდგომ (30.12.2016 წ.) პერიოდში:

● ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი; კომისიასა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა (საშტატო და არასაშტატო თანამდებობები) და გათავისუფლებულ პირთა, გამოცხადებულ ვაკანსიათა რაოდენობა; ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად გათავისუფლებულ დასაქმებულთა რაოდენობა, ჩატარებული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები; კომისიის აპარატის სხვადასხვა საშტატო ერთეულთან დაკავშირებით ინფორმაცია და სამუშაოთა აღწერილობები;

● კომისიის აპარატში დასაქმებულთა ტესტირების და გასაუბრების შედეგები, დასაქმებულებზე გაცემული ხელფასის/პრემიის/საქმიან ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯის რაოდენობა თანამდებობების, გაცემული თანხების, გვარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მითითებით. მომთხოვნ პირს მიეწოდა ინფორმაცია მხოლოდ კომისიის აპარატში დასაქმებულებზე გაცემული პრემიის/ხელფასის/სამივლინებო ხარჯის ჯამური ოდენობის თაობაზე და განემარტა, რომ თანამდებობები, გაცემული თანხები და გვარები წარმოადგენს პირად ინფორმაციას, რომლის გასაჯაროების უფლება კომისიას დასაქმებულის თანხმობის გარეშე, არ გააჩნია. ასევე განემარტა, რომ კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კომისიაში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ატესტაციის შედეგების თაობაზე. ინფორმაცია გაიცა მხოლოდ იმ დასაქმებულებზე, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მოთხოვნილი ინფორმაციის გავრცელებაზე;

● კომისიის მიერ თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის/საქმიანი ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობა გვარისა და სახელის მითითებით, ასევე კომისიის თავმჯდომარის ბრძენების ამონაწერი; ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის ოდენობისა და მიზნობრიობის თაობაზე;

● ატესტაციის პროცესში დასაქმებულებთან გასაუბრების ვიდეო/აუდიო ჩანაწერის ან ოქმის მიწოდება, რის თაობაზეც განემარტა მომთხოვნ პირს, რომ დასაქმებულის გასაუბრება შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის აუდიო ან ვიდეოჩაწერის უფლება კომისიას არ აქვს დასაქმებულის თანხმობის გარეშე. ატესტაციის პროცესში არცერთ დასაქმებულს არ მოუთხოვია ჩანაწერის წარმოება. ასევე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასაქმებულთან გასაუბრების ოქმები შეიცავს პირად ინფორმაციას, რომლის გასაჯაროების უფლება კომისიას არ აქვს დასაქმებულის თანხმობის გარეშე;

48 მოთხოვნა ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ, ასევე, ლიცენზიის მფლობელ პირებთან დაკავშირებით სხვადასხვა სტატისტიკური, წილების შესახებ და საკონტაქტო სახის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე (ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდება 26 შემთხვევაში განხორციელდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). ასევე განემარტა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებს, რომ კომისიაში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც არ არის ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, გამოქვეყნებულია კომისიის ანალიტიკურ პორტალზე (http://analytics.gncc.ge), ან კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge, შესაბამის მისამართზე). უმეტეს შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება იყო მოთხოვნილი ელექტრონულ ფოსტაზე, ან ელექტრონული ფორმატით, კომპაქტურ დისკებზე ჩაწერილი სახით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე.

10 მოთხოვნა სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. კერძოდ მოთხოვნილი იყო: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფი პირობების დარღვევის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ასლი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის N67 განკარგულების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების 26 მუხლის მე-4 პუნქტისა და 30-ე მუხლის საფუძველზე მომხმარებელთა მიერ წარმოდგენილ საჩივრებზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც ეხებოდა „დაუშვებელი პროდუქციის“ შეზღუდვის საკითხს; კომისიის 2017 წლის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო, ასევე რეგულირების საფასურის გადამხდელი ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების ჩამონათვალი საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით; 2012 წლიდან დღემდე კომისიის მიერ ჩამოწერილი, მათ შორის აუქციონის წესით რეალიზებული და სხვა იურიდიულ პირებზე გასხვისებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი; 2007 წელს სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის მასალა.

რიგი საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომისიის მიერ მომზადდა და გაიგზავნა განმარტებები:

● სხვადასხვა განმარტება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებთან, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა ატესტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N652/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ატესტაციის წესთან დაკავშირებით;

● ინფორმაციის მომთხოვნ პირს განემარტა, რომ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 7 მარტის №2002/21/EC ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ ე.წ. „ჩარჩო დირექტივასა“ და 2002 წლის 7 მარტის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ავტორიზაციის შესახებ დირექტივა ე.წ. „ავტორიზაციის დირექტივასთან“ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა განხორციელდეს შეთანხმების ამ ნაწილის ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად. მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამისი ცვლილებების პროექტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში;

● რიგი ავტორიზებული პირის მიერ მიმდინარე წელს წარმოდგენილ ელექტრონული ანგარიშგების ფორმების მინაცემებში გამოკვეთილ უზუსტობასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ კომისიაში დაწყებულია უზუსტობების მიზეზის მოკვლევა. მოკვლევის დასრულებისთანავე კომისია განაახლებს მონაცემების გამოქვეყნება/გაცემას;

● განიმარტა, რომ ონლაინ და ბეჭდური გამოცემები არ შედის კომისიის რეგულირების სფეროში. გამონაკლისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალსიწინებული შემთხვევები;

● გაიცა დეტალური განმარტებები კომისიის ბიუჯეტის შექმნის წყაროსთან, კომისიის თანამდებობის პირების ვალდებულებებთან, კომისიაში დასაქმებულ პირებთან, კომისიაში დასაქმების წესთან დაკავშირებით;

● განიმარტა, რომ 2016 წლის ივლის-ოქტომბერში კომისიამ და კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულმა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებმა მონაწილეობა მიიღეს სატელეკომუნიკაციო დარგის სექტორულ სახელფასო კვლევაში, რომელიც განახორციელა „იუაი საქართველომ“ (EY-საქართველო). ხელშეკრულების შესაბამისად, კვლევის შედეგები კონფიდენციალურია და კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს მესამე პირებზე აღნიშნული კვლევის შედეგები;

● განიმარტა, რომ კომისიას არ გაუწევია რეკლამის/ სპონსორობის/ ტელეშოპინგის/ პროგრამაში პროდუქტის (საქონელი/მომსახურება) წარმოების, განთავსებისა და გავრცელების ხარჯები.

● რიგ შემთხვევაში კომისიის მიერ განემარტა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას არ მოეპოვება (03.04.2017წ. ელექტრონული წერილი).

„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის და ამავე კანონის მე–8მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2016-2017 წლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა შეჩერებულია 9 კორესპონდენციაზე. ზემოაღნიშნულ პირებს წერილობით ეცნობა, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება მათ მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის კომისიაში წარმოდგენის შემდეგ, როგორც ეს გათვალისწინებულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით.

საანგარიშო პერიოდში კომისიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას გასაჩივრებასთან დაკავშირებული არანაირი ხარჯები არ გაუღია და, შესაბამისად, მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2017 წელი) კომისიაში შემოსული 118 კორესპონდენციიდან პასუხგაცემულია 116; წარმოებაში არის 2 განცხადება.

საანგარიშო პერიოდში კომისიას საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მიღებულია 15 გადაწყვეტილება კომერციულ და ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ; 1 გადაწყვეტილება კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ გასაჩივრებულა.

საანგარიშო პერიოდში მიღებულია 7 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის (გადაწყვეტილებების საიდუმლო დანართები) ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნაწილი გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის ბ) ქვეპუნატის, აგრეთვე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, კომისია სისტემატიურად აწარმოებს ავტორიზებულ პირთა და სალიცენზიო/სანებართვო უწყებრივ რეესტრებს, რომელიც მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კომპანიების შესახებ საინფორმაციო ბაზას. ზემოაღნიშნული ბაზა შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას კომპანიების ავტორიზაციის, მინიჭებული სიხშირეების, სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის და სხვა მონაცემების თაობაზე.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი 2006 წლიდან იწარმოება ელექტრონულ ფორმატში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ინფორმაციის რაოდენობა და ტიპოლოგია მოიცავს როგორც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, ასევე დამატებით მონაცემებს.

2014 წლის 06 მაისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ შევიდა ცვლილება და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი - www.gncc.ge);

ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს (www.gncc.ge).

კომისიის წარდგინებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

კომისიაში შემოსულ ან მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 28 ფაქტი.

განადგურდა კომისიაში დაცული ვადამოსული (2014 წლის ნომებრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ტრაფიკის (გამავალი, შემავალი და შიდა ზარები) ამსახველი CDR–ები და შედგა განადგურების 12 ოქმი.

კომისია, ასევე, ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე. კერძოდ:

ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს; ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე და ა.შ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა, დაცულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, ცნობები საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ და განსახილველი საკითხების პროექტები, დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება საჯარო ზეპირი მოსმენები (საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 65 ცნობა, ჩატარებულია 45 ზეპირი მოსმენის, 20 მოსამზადებელი და 82 სხდომა. კომისიის სხდომებზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, გადაწყვეტილებები და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა.

კომისიის თავმჯდომარე                                         კახი ბექაური