„პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№293
სარეგისტრაციო კოდი
010110000.22.027.016793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №293

2018 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.22.027.016643) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირი ან სხვა მოხელე (მათ შორის, პირი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს მერიის საქმიანობის სამართლებრივი  დახმარება), ხოლო 2 – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კომისიის შემადგენლობაში შეყვანა ხდება მისი წინასწარი თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მომართვის საფუძველზე.

3. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი – მუნიციპალიტეტის მერიის მოხელე, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. კომისიის მდივნად შესაძლებელია დაინიშნოს პირი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის მოხელე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეული.“.

3. მე-6 მუხლის:

ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი მოხელე ვალდებულია, უზრუნველყოს კომისიის წევრების, დაინტერესებული პირის (მისი წარმომადგენლის), აგრეთვე იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც მდებარეობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დასახლება, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გონივრულ ვადაში (მაგრამ არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე) ინფორმირება (კომუნიკაციის წერილობითი ან ზეპირი ფორმით განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად) კომისიის სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, რომელზედაც განიხილება შესაბამისი განცხადება/მიმართვა. კომისიის სხდომაზე პირის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.“;

ბ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ასეთი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, გაუგზავნოს კომისიის საქმიანობის ანგარიში სამინისტროს, აგრეთვე – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9. ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში

ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ამავე სტრუქტურული ერთეულის შესაბამის მოხელეთა ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სტრუქტურული ერთეული და ამავე სტრუქტრული ერთეულის შესაბამისი მოხელეები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი