1.
მერიის მოხელის ვაკანსია წარმოიშობა:

ა)
მერიის საშტატო ნუსხაში მოხელის ახალი საშტატო ერთეულის (მოხელის თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ბ)
მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ამ თანამდებობის შემცირების საფუძველზე;
გ)
მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე.
2.
მერიაში არსებული ვაკანსიის შევსებამდე, მერიის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:
ა)
მერის პირველ მოადგილეს ან მოადგილის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში - მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, ან არასაკმარისია - მერიის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ ფუნქციისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ)
მერიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;

გ)
მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;

დ)
მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – შესაბამისი სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს;

ე)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში - მერიის ერთ-ერთ მოხელეს კომპეტენციის ფარგლებში.