ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2017
ძალის დაკარგვა 28.02.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.06.2018
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.04.2018
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2017 წლის 22 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და წარმომადგენლების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2🔗
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.
მუხლი 3🔗
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები, წარმომადგენლები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗
მერიის ადგილსამყოფელია: ქალაქი ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗
1. მერიის საქმიანობას უძღვება მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში –
მერი).
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
3. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗
1. მერი უძღვება მერიის საქმიანობას.
2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დადგენილი წესით.
3. მერი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54 მუხლის პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს.
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრიანების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ქმნის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ)უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს კანონით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს მერის წარმომადგენელი და მერის წარმომადგენელის თანაშემწე(ები). მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
4. მერის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე.
მუხლი 8🔗
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და წარმომადგენლების მუშაობას, ხელს უწყობენ მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 9🔗
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (პროფესიული საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მერის დავალებით, ასრულებს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელი, ხოლო ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში –
სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
თავი III
მერიის სტრუქტურული ერთეულები და წარმომადგენლები
მუხლი 10🔗
1.მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე მერის დავალებებს.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო სამსახური;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახური;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახური;
ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;
თ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდუტის სამსახური;
ი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
კ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
3.მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 11🔗
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
9.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
10.პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
11. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
მუხლი 12🔗
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეტის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
თავი IV
მერიის სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 13🔗
1. მერია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებების შესაბამისად.
2. მერი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე მერიის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.
მუხლი 14🔗
1. მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.
მუხლი 15🔗
1. მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნას მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 16🔗
1. მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ბრძანებათა აღრიცხვა ხორციელდება დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად.
თავი V
მერიის რეორგანიზაცია
მუხლი 17🔗
მერიის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა განსაზღვრული წესის შესაბამისად.
თავი VI
მერიის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატების შეტანა
მუხლი 18🔗
მერიის დებულებაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით.