სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2017
ძალის დაკარგვა 18.01.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №53 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 12.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2017 წლის 21 დეკემბერი
ქ. გორი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება (შემდგომში – დებულება) გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების (შემდგომში – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება) შესასრულებლად სავალდებულო წესებს.
მუხლი 2🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიზანი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდება ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და მათი სკოლისთვის მომზადება. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ხელს უწყობს და ითვალისწინებს ბავშვის ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, აგრეთვე ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების აღზრდას.
მუხლი 3🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და გათავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, წესდებისა და შინაგანაწესის საფუძველზე;
ბ) განსაზღვროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
გ) დამფუძნებელთან შეთანხმებით დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც;
დ) განახორციელოს საავტორო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი);
ე) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სკოლისათვის მომზადებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნას სასკოლო მზაობის ცენტრი და შეიმუშაოს სათანადო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი).
2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია და იძლეოდეს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განვითარების საშუალებას;
ბ) შეიმუშაოს შინაგანაწესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულების ნორმებთან და აწარმოოს კანონით დადგენილი დოკუმენტაცია;
გ) ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას;
დ) ყველა ბავშვს შეუქმნას მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისთვის საჭირო პირობები, რაც სწორი პედაგოგიური სტრატეგიით მიიღწევა;
ე) ეხმარებოდეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რაც ინდივიდუალური პროგრამებითა და მულტიდისციპლინარული ჯგუფის (მშობელი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სამედიცინო პერსონალი, სპეციალური განათლების პედაგოგი) ერთობლივი მუშაობით მიიღწევა;
ვ) ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადო პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებების მიღწევას.
ზ) მისი მართვის სტრატეგია ხელს უწყობდეს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სამუშაო ხარისხის ამაღლებას;
თ) უზრუნველყოს აღმზრდელისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) შეთანხმებული (თანამშრომლობითი) მუშაობა აღსაზრდელის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი:
ა) მოქმედებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო
დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) განსაზღვრავს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების
საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო განრიგს
გორის მუნიციპალიტეტის მერთან
შეთანხმებით;
გ) უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის სისტემატურ ამაღლებას;
დ) უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას
მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით;
ე) პასუხს აგებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო
დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის რაიმე მიზეზით
მისი
ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს - განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს;
ვ) პასუხს აგებს ფინანსური და მატერიალური სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე;
ზ) ადგენს
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
თ) აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და მათ გადაყვანას. იღებს ზომებს ბავშვთა
კონტინგენტის ასათვისებლად;
ი) ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობისა და
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
კ) უზრუნველყოფს სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;
ლ) მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილ დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;
მ) პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარიული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე,
მათ შორის
უზრუნველყოფს კვების მენიუს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას;
ნ) შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო
დაწესებულების შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა;
ო) უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას;
პ) ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მუხლი 5🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მართვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი და მისი ადმინისტრაცია ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის უნდა ფლობდნენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შინაგანაწესს, სადაც ასახულია:
ა.ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათი ფუნქციები და მართვა;
ა.ბ) სტრატეგიული დაგეგმვა;
ა.გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის და მისი მართვის წესები;
ა.დ) საქმისწარმოება;
ა.ე) აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები;
ა. ვ) ურთიერთობები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებასა და მშობლებს შორის;
ა.ზ) თანამშრომელთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, მათი სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან გათავისუფლების წესი;
ა.თ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები;
ა.ი) ფინანსური მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სადაც ასახული იქნება:
ბ.)სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის სტრუქტურა;
ბ.ა) საბიუჯეტო დაფინანსება;
ბ.ბ) არასაბიუჯეტო შემოსავლები;
ბ.გ) მატერიალური სახსრების ხარჯების ეფექტურობა;
ბ.დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
დ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
ე) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანებებს.
ვ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების თათბირების ოქმებს.
ზ) პროდუქტების უწყისები და პროდუქტების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნებს.
თ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ინვენტარის აღრიცხვის წიგნს.
ი) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც შემუშავდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტზე“ (მთავრობის დადგენილება № 488/30.10.2017) დაყრდნობით ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
კ) პერსონალის პირად საქმეებს.
ლ) აღსაზრდელთა პირად საქმეს.
მ) აღსაზრდელების სრულ სიას.
ნ) ცნობა აღსაზრდელის მიერ ტრავმის/დაზიანების მიღების შესახებ.
ო) სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტს.
მუხლი 6🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში
ასაკობრივი ჯგუფები და მათი სპეციფიკა
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა არსებობდეს ასაკობრივი ჯგუფები შემდეგი კონტინგენტით:
ა) 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 35 ბავშვისა;
გ) 4-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 40 ბავშვებისა;
დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფი – 5 წლიდან სკოლის დაწყებით საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე – არაუმეტეს 40 ბავშვისა.
2. ბავშვთა მცირე კონტინგენტის შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება, სადაც გაერთიანდებიან მომიჯნავე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვები.
3. მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მიღებას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
4. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში პერსონალის რაოდენობა შეადგენს 3 (სამ) ადამიანს: 2 (ორი) აღმზრდელი და 1 (ერთი) აღმზრდელის თანაშემწე.
მუხლი 7🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების საშტატო განრიგი
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების საშტატო განრიგი განისაზღვრება ამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საშტატო განრიგი:
ა) დირექტორი;
ბ) მნე;
გ) მეთოდისტი;
დ) აღმზრდელ;
ე) აღმზრდელის თანაშემწე;
ვ) ბუღალტერი;
ზ) მზარეული;
თ) დამლაგებელი;
ი) დარაჯი;
კ) მუსიკის მასწავლებელი;
ლ) სამედიცინო პერსონალი (ექთანი/ექიმი);
მ) ფსიქოლოგი;
ნ) სპეციალური განათლების მასწავლებელი;
ო) ლოგოპედი;
პ) საქმის მწარმოებელი;
ჟ) ცეცხლფარეში;
რ) მრეცხავი;
ს) მზარეულის თანაშემწე;
ტ) ცეკვის მასწავლებელი;
უ) უცხო ენის მასწავლებელი.
მუხლი 8🔗.
სასწავლო-სააღმზრდელო წლის ხანგრძლივობა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სამუშაო რეჟიმი:
1.
სასწავლო-სააღმზრდელო წლის ხანგრძლივობა:
ა) სასწავლო-სააღმზრდელო წელი
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებისათვის
დაიწყოს 1 სექტემბერს და დასრულდეს 25 ივლისს;
ბ) საშობაო არდადეგების პერიოდი განისაზღვროს 29 დეკემბრიდან
– 7 იანვრის ჩათვლით, ხოლო
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდეს 8 იანვრიდან;
გ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალისთვის საშვებულებო პერიოდი განისაზღვროს 26 ივლისიდან – 24 აგვისტოს ჩათვლით;
დ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალის გამოცხადება მოხდეს 25 აგვისტოს.
2.
სამუშაო რეჟიმი:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებისათვის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვროს 9 საათით: დილის 9.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე;
ბ) სამუშაო დღეების რაოდენობა განისაზღვროს კვირაში 5 დღით, 2 დღის (შაბათი და
კვირა) დასვენებით.
მუხლი 9🔗.
აღსაზრდელთა ჩარიცხვა
1.
აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხდება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2.
აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭებათ:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რიცხული (მოსიარულე)
ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
ბ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს და მათ აღსაზრდელებს;
გ) დევნილი და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აღსაზრდელებს;
დ) ოჯახებს და მათ აღსაზრდელებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე;
ე) ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექცია უფლებამოსილია განახორციელოს აღსაზრდელთა რეგისტრაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ დებულებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობამდე.
3. აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს 3
თვით ადრე
რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, სადაც მითითებული იქნება პირობები და ვადები.
4. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია
უნდა განხორციელდეს 1 ივნისიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაგრძელდეს
25 აგვისტომდე, ხოლო ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექცია უფლებამოისლია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი.
5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია
გააგზავნოს მონაცემები, როგორც ახლად
მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში და სააგენტოში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
6. აღსაზრდელის ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ორი ფოტოსურათი (¾);
დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
ე) სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
7. აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს (2 ეგზემპლარი).
8. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით, რომელსაც თან ერთვის მშობლის (კანონიერ წარმომადგენელს) ხელმოწერა და თარიღი.
9. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა;
ბ) მშობელი რეგისტრაციის გავლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს;
10. აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელსა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მუხლი 10🔗.
აღსაზრდელის უსაფრთხოება
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს და პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს ეკრძალება:
ა) სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი;
ბ) დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი;
გ) დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით;
დ) დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;
ე) იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით;
ვ) დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს სხვა ოთახში;
ზ) დააძალოს დაძინება;
თ) დააძალოს ჭამა ან დალევა;
ი) აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით.
2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს ოქმი მოწმესთან ერთად და ამის საფუძველზე უფლებამოსილია, თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) პედაგოგიური პერსონალის ყურადღება აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროების მიმართ;
ბ) პედაგოგიური პერსონალის მიერ მზრუნველობის გამოჩენა აღსაზრდელის მიმართ დღის განმავლობაში. გათვალისწინებული უნდა იყოს აღსაზრდელის ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები.
4. აღსაზრდელის მშობელი უფლებამოსილია:
ა) დაათვალიეროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში);
ბ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს ან დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში;
გ) იცოდეს მისი შვილის ჯგუფის დღიური განრიგი და ყოველდღიური სასწავლო პროგრამა;
დ) გამოთქვას შენიშვნა ზეპირი ან წერილობითი ფორმით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
დ.ა) შენობის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
დ.ბ) სასწავლო პროგრამა;
დ.გ) სასწავლო პერსონალის კვალიფიკაცია;
დ.დ) დისციპლინა და ა.შ.
5. ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც მოვალეობიდან გამომდინარე ეს პირდაპირ ეხება ან/და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორთან. თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. დაუშვებელია აღსაზრდელის მშობელმა:
ა) მოითხოვოს მისი შვილის განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;
ბ) განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა.
7. მშობელი ვალდებულია:
ა) დაემორჩილოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ დადგენილ წესებს;
ბ) სრული ინფორმაცია მიაწოდოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ;
გ) აღსაზრდელი მიიყვანოს დროულად ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შუალედში;
დ) აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად;
ე) დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში გაიყვანოს აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში (რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად);
ვ) ნებისმიერი სახის პრეტენზია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ფორმით.
8. დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პედაგოგიურმა პერსონალმა აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან წაყვანის უფლება მისცეს მხოლოდ მშობელს ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნულ პიროვნებას. გამონაკლის შემთხვევებში, როცა მშობელი ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პიროვნება ვერ ახერხებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დარეკავს და გააფრთხილებს პედაგოგიურ პერსონალს ამ პიროვნების შესახებ. ამ შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია, შეამოწმოს იმ პიროვნების პირადობის მოწმობა და ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი.
9. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით განისაზღვროს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად.
მუხლი 11🔗.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში (პროგრამული მოთხოვნები)
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასწავლო გეგმა დაფუძნებული უნდა იყოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტზე“ (მთავრობის დადგენილება №488/30.10.2017).
2. 0-დან 5 წლამდე ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი მოიცავს ბავშვის განვითარების (აღზრდა-განათლების) შემდეგ სფეროებს:
ა) ფიზიკური და სენსორული განვითარება;
ბ) სოციალურ-ემოციური განვითარება;
გ) კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება;
დ) შემეცნებითი განვითარება;
ე) დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის განვითარება.
3. თემატური მიმართულებებია:
ა) ხელოვნება;
ბ) წიგნიერება;
გ) ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეცნიერების ელემენტები.
4. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი დაყოფილია ბავშვის განვითარების სფეროებად:
ა) ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
ბ) სწავლისადმი მიდგომა;
გ) სოციალურ-ემოციური განვითარება;
დ) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
ე) მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება.
5. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა, გუნდური მუშაობის საფუძველზე, უნდა შეიმუშაოს და დირექციასთან შეათანხმოს სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა შეიძლება იყოს 2, 3, 4-კვირიანი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე.
6. თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს გუნდური მუშაობის საფუძველზე და შესაბამისად განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები.
მუხლი 12🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სათამაშო, სასწავლო და სამუშაო მასალა
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ჯგუფი საკმარისი რაოდენობის და სხვადასხვა ნაირსახეობის სათამაშოთი, სამუშაო მასალით, რაც განისაზღვრება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობით, ასაკით და განვითარების დონით.
2. ჯგუფში არსებულმა სათამაშოებმა და სხვადასხვა სასწავლო მასალამ უნდა უზრუნველყოს:
ა) შემოქმედებითი და დრამატული (როლური) თამაში;
ბ) სოციალიზაცია;
გ) კოგნიტური თამაშები;
დ) კვლევა-ექსპერიმენტირება ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, კერძოდ კი ისეთ დარგებში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა, ხატვა-ძერწვა და სხვ.
ე) აქტიური (მოძრავი) თამაშები;
ვ) ინდივიდუალური მიზნების (სურვილების) განხორციელების შესაძლებლობა.
3. ჯგუფის პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია იცოდეს:
ა) თითოეული სათამაშოს დანიშნულება/ ფუნქცია და ის, თუ რის განვითარებას უწყობს ხელს და რამდენად შეეფერება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს;
ბ) თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა განლაგებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
გ) თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა, უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას, უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, სუფთა, არატოქსიკური და არ უნდა ჰქონდეს ადვილად მოსაძრობი პატარა ნაწილები, რაც ბავშვების სიცოცხლისათვის საშიში იქნება.