კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.12.2017
ძალაში შესვლა 01.02.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 01.01.2024
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№2/ნ
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „კ.ი“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი თებერვლიდან. სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი
კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ინსტრუქციის რეგულირების სფერო
წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ მათი მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის (შემდგომში – კლიენტი) სტანდარტიზებული და უნიფიცირებული წესით დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ აუცილებელი, უტყუარი, გასაგები, თავისდროული, სრულყოფილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს და/ან შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს კლიენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბანკმა კლიენტს უნდა მიეწოდოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დეპოზიტორების ნდობა საბანკო სისტემის მიმართ.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ თვით ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 4🔗.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვალდებულება კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტიზებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით
1. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კომერციული ბანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამზადებს ბროშურების მოდელს, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის და კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მეთოდის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბროშურების მოდელს სააგენტო აწვდის ყველა კომერციულ ბანკს.
3. სააგენტო კომერციულ ბანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში განსათავსებელად აწვდის პლაკატების მოდელს, რომელზეც ასახული იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.
4. სააგენტო კომერციულ ბანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში განსათავსებელად აწვდის ლოგო-სტიკერების მოდელს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს სააგენტოს ლოგო.
5. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კომერციული ბანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით სააგენტო კომერციულ ბანკებს აწვდის კლიენტებთან საკომუნიკაციო მასალას ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სახით.
6. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო მასალებს სააგენტომ უნდა მიაწოდოს ყველა კომერციულ ბანკს.
7. კომერციული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ტრეინინგების ჩატარებას.
მუხლი 5🔗.
კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას კომერციული ბანკების ვალდებულება
1. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით:
ა) უზრუნველყოს ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
ბ) პლაკატები განათავსოს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
გ) სააგენტოს ლოგო-სტიკერი განათავსოს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე;
დ) კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) დაუგზავნოს კლიენტებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული საშუალებებით (შეტყობინება კლიენტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და შეტყობინება ინერნეტ-ბანკის მეშვეობით) დანართი №1-ის შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულებაში დანართი №1-ის შესაბამისად.
3. კომერციული ბანკი ვალდებულია ბროშურები, პლაკატები და სააგენტოს ლოგო-სტიკერები მიაწოდოს კლიენტთან ურთიერთობის მქონე ყველა ფილიალს/წარმომადგენლობას.
4. კომერციული ბანკი ათავსებს ბროშურებს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში კლიენტებისათვის ადვილად შესამჩნევ ადგილებზე.
5.კომერციული ბანკი ათავსებს პლაკატებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში და სააგენტოს ლოგო-სტიკერებს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე.
6. კომერციულმა ბანკმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირი ფორმით უნდა მიაწოდოს კლიენტებს. თუ კლიენტმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სცდება დანართი №1-ში, ასევე ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ფარგლებს, კომერციულმა ბანკმა კლიენტს უნდა მიაწოდოს სააგენტოს საკონტაქტო მონაცემები, რათა კლიენტმა შეძლოს თავის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოსგან მიღება.
7. კომერციული ბანკი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე სადეპოზიტო პროდუქტების განყოფილებაში წინამდებარე ინსტრუქციის დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფარგლები
1. კომერციულ ბანკს შეუძლია საკუთარ რეკლამაში (ტელე, რადიო, ბეჭდურ, ვებ. გვერდზე და სხვა) მიუთითოს მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში საკუთარი მონაწილეობის ფაქტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მითითება უნდა გაკეთდეს ამ ინსტრუქციის დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გამოვლინდა კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ფაქტი, მაშინ სააგენტო განიხილავს კომერციული ბანკისთვის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციის შეფარდების საკითხს.
დანართი №1
კომერციული ბანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:
„2018 წლის 1 იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონის თანახმად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 5,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge“
რა თანხა ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოს მიერ? – ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 5,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით
როგორ ვისარგებლო დეპოზიტების დაზღვევით? – კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე
კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პირობები – სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღე, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები
ანაზღაურების ვალუტა – ლარი
დანართი №2
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციულ ბანკი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
„2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“
დანართი №3
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი სარეკლამო მასალებისთვის გამოიყენოს შემდეგი ტექსტი:
„ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში.“.