რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/586
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016515
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საგზაო გადაზიდვების შესახებ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
დოკუმენტის ტექსტი
რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/586
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის და 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს №1371/2007 რეგულაციის (EC) „რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“ დებულებების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულება.
2.
ამ ბრძანების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტმა.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულება
თავი I. მგზავრთა ინფორმირების ზოგადი წესი
მუხლი 1🔗
ეს დებულება აწესრიგებს ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის და 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს №1371/2007 რეგულაციით (EC) გათვალისწინებულ მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის, კომპენსაციის გაცემის წინაპირობებსა და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმებს.
მუხლი 2🔗
1. დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დანიშნულების პუნქტი – მგზავრის ბილეთში მითითებული ჩამოსხდომის პუნქტი;
ბ) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი – ფიზიკური პირი, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუმცა ნებისმიერი მიზეზით მისი გადაადგილება შეზღუდულია და საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა სხვა მგზავრების მსგავსად მან შეძლოს სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა;
გ) ტურ-ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას და ამ საქმიანობის ფარგლებში მომხმარებლის სახელით ყიდულობს მატარებლით მგზავრობის ბილეთ(ებ)ს და ახდენს მათ შემდგომ მიწოდებას.
2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია საქართველოს სარკინიგზო კოდექსში.
მუხლი 3🔗
1. სამგზავრო (მათ შორის, რეგიონული მიმოსვლის) მატარებლების მოძრაობის განრიგი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგში შეტანილი ყველა ცვლილება მგზავრთა საყურადღებოდ ოპერატიულად უნდა იქნეს გამოცხადებული. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა მიიღებს გადაწყვეტილებას მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შეწყვეტის, შეჩერების ან გადავადების შესახებ, ასეთი გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის თარიღამდე უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, გარდა ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეული შემთხვევისა, რა დროსაც შეუძლებელია მგზავრთა ინფორმირება წინასწარ.
2. მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, რკინიგზა ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია:
ა) მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პირობების შესახებ;
ბ) ყველაზე სწრაფი მგზავრობის განრიგისა და პირობების შესახებ;
გ) ყველაზე დაბალფასიანი მგზავრობის განრიგისა და პირობების შესახებ;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის მგზავრობის ხელმისაწვდომობის, პირობებისა და ასეთი პირებისათვის მატარებელში არსებული მოწყობილობების შესახებ;
ე) მატარებლით ველოსიპედის გადატანის/ტრანსპორტირების შესაძლებლობის და პირობების შესახებ;
ვ) მწეველებისა და არამწეველებისათვის განკუთვნილი ადგილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირველი და მეორე კლასის ვაგონებში ადგილების, ძილისთვის განკუთვნილი ადგილების და საძილე ვაგონების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ნებისმიერი ქმედების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მგზავრობის შეწყვეტა ან დაგვიანება;
თ) მატარებლის ვაგონში ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ;
ი) დაკარგული ბარგის დაბრუნების მოთხოვნის პროცედურების შესახებ;
კ) პრეტენზიების წარდგენის პროცედურების შესახებ.“;
3. მგზავრობის დროს რკინიგზამ მგზავრებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) მატარებლის ვაგონში ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ;
ბ) მომდევნო სადგურის შესახებ;
გ) შესაძლო/მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ;
დ) ძირითადი დამაკავშირებელი მომსახურებების შესახებ;
ე) უსაფრთხოების წესების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რაც იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ სრულად და ნათლად იქნას აღქმული მიწოდებული ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პირების მოთხოვნებს, რომლებსაც გააჩნიათ სმენითი ან/და მხედველობითი შეზღუდვები“.
თავი II . შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფა
მუხლი 4🔗
1. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი, სხვა ნაგებობები და მოწყობილობები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის, გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის ფუნქციონალური თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) მოთხოვნების შესაბამისად.
2.მატარებელში ან სადგურში თანმხლები/გამცილებელი პერსონალის არარსებობის შემთხვევაში, რკინიგზამ ყველა გონივრული ზომა უნდა მიიღოს, რომ რკინიგზით მგზავრობა ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის.
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების მიერ იმ რკინიგზის სადგურიდან გამგზავრებისას, ტრანზიტით მგზავრობისას ან ჩამოსვლისას, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პერსონალით, რკინიგზამ ზემოაღნიშნულ პირებს უსასყიდლო დახმარება უნდა აღმოუჩინოს, რათა მათ შეძლონ გამგზავრებისას მატარებელზე ასვლა ან დანიშნულების პუნქტში ჩასვლისას მატარებლიდან ჩამოსვლა.
4. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის სადგური არ არის დაკომპლექტებული შესაბამისი პერსონალით, რკინიგზამ უნდა მიაწოდოს მგზავრებს ინფორმაცია პერსონალით დაკომპლექტებული უახლოესი რკინიგზის სადგურების შესახებ და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ.
5. რკინიგზის პერსონალმა უსასყიდლოდ დახმარება უნდა აღმოუჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებს მატარებლის ვაგონში ყოფნისას, ვაგონში ასვლისას და ვაგონიდან ჩამოსვლისას.
ამ პუნქტის მიზნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის ვაგონში გასაწევი დახმარება გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ მათ შეძლონ ყველა იმ მომსახურებით სარგებლობა, რომლებითაც სხვა მგზავრები სარგებლობენ, თუ მათი შესაძლებლობების და გადაადგილების უნარის შეზღუდულობის ხარისხი არ აძლევს მათ საშუალებას დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ ისარგებლონ ამ მომსახურებებით.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, რკინიგზის წარმომადგენლებმა (ვაგზლის უფროსისა და ბილეთების გამყიდველის სახით) და ტურ-ოპერატორებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესაბამისად:
ა) დახმარების გაწევა მოხდება იმ პირობით, რომ რკინიგზა, ვაგზლის უფროსი, ბილეთების გამყიდველი და ტურ-ოპერატორი, რომლისგანაც მოხდა ბილეთის შეძენა, ინფორმირებულია ასეთი დახმარების აუცილებლობაზე მინიმუმ 48 საათით ადრე დახმარების საჭიროებამდე შეტყობინების გაგზავნის გზით. როდესაც ბილეთი რამდენიმე მგზავრობის განხორციელების საშუალებას იძლევა, ერთი შეტყობინება საკმარისია, რადგან იგულისხმება, რომ მომდევნო მგზავრობ(ებ)ის თარიღ(ებ)ის/დრო(ებ)ის შესახებ რკინიგზისთვის უკვე მიწოდებულია შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) რკინიგზის წარმომადგენლებმა, (სადგურის უფროსის და ბილეთების გამყიდველის სახით) და ტურ-ოპერატორებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ, რაც აუცილებელია შეტყობინების მისაღებად;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, რკინიგზამ, ყველა გონივრული ზომა უნდა მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის დახმარების აღმოსაჩენად, რათა მათ შეძლონ სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობა;
დ) რკინიგზის ვაგზლის გარეთ განლაგებულ ტერიტორიაზე (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) სხვა პირების უფლებებზე ზეგავლენის გარეშე, რკინიგზამ უნდა გამოყოს ადგილები, რკინიგზის ვაგზალში ან/და მის გარეთ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირები შეძლებენ განაცხადონ თავიანთი ჩამოსვლის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ დახმარება;
ე) დახმარების გაწევა მოხდება იმ პირობით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირები გამოცხადდებიან „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ადგილებზე რკინიგზის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ დადგენილ დროს, და აცნობოს აღნიშნულის შესახებ რკინიგზას. აღნიშნული დრო არ უნდა იყოს 60 წუთზე მეტით ადრე გამოქვეყნებული გამგზავრების ან რეგისტრაციის დაწყების დროიდან. თუ არ არის დადგენილი დრო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებმა უნდა განაცხადონ თავიანთი მოსვლის შესახებ ამისათვის გამოყოფილ ადგილებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უნდა გამოცხადდნენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში და აცნობონ აღნიშნულის შესახებ რკინიგზას მინიმუმ 30 წუთით ადრე, გამოქვეყნებული გამგზავრების ან რეგისტრაციის დაწყების დროიდან.
7. რკინიგზის ბრალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაადგილებისათვის საჭირო ან სხვა სპეციფიკური მოწყობილობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუშვებელია რაიმე სახის პასუხისმგებლობის ლიმიტის (შეზღუდვის)დაწესება.
თავი III. მატარებლით ველოსიპედის გადატანის წესი
მუხლი 5🔗
თუ მოძრავი შემადგენლობა იძლევა საშუალებას, ველოსიპედის ვაგონში განთავსება არ მოითხოვს განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას და უარყოფითად არ აისახება შესაბამის სარკინიგზო მომსახურებაზე, რკინიგზის მიერ დადგენილი წესით, საფასურის გადახდევინებით ან მის გარეშე ნებადართულია მატარებელში მგზავრის მიერ მხოლოდ ერთი დაუშლელი ველოსიპედის გადაზიდვა.
თავი IV. პასუხისმგებლობა და კომპენსაცია
მუხლი 6🔗
მატარებლის დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრის მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ ეძლევა ცნობა მატარებლის დაგვიანების შესახებ.
მუხლი 7🔗
1. თუ რკინიგზის ბრალით მგზავრი გარდაიცვლება ან მის ჯანმრთელობას მიადგება ზიანი, რკინიგზა ვალდებულია კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის დადგენიდან გონივრულ ვადაში წინასწარ გადაუხადოს კომპენსაცია გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად. კომპენსაციის ოდენობა მიყენებული ზიანის პროპორციული უნდა იყოს.
2. წინასწარი კომპენსაცია არ შეიძლება განხილულ იქნას ვალდებულების აღიარებად და შეიძლება გაქვითულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემდგომ გადასახდელი თანხიდან. ამასთან, წინასწარი კომპენსაცია არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგინდება რომ გარდაცვალება ან ზიანი რკინიგზის ბრალით არ იყო გამოწვეული.
3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რკინიგზა სადავოდ ხდის მის ბრალს მგზავრის ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, ის ვალდებულია მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა გონივრული ზომა მიიღოს მგზავრის დასახმარებლად, რათა მან მიიღოს კომპენსაცია მესამე მხარის მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
1. რკინიგზა პასუხისმგებელია მგზავრის წინაშე იმ დანაკარგისა თუ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მატარებლის მომსახურების შეწყვეტის, დაგვიანების ან მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანების მიზეზით, მგზავრობის გაგრძელება იმავე დღეს შეუძლებელია, ან შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ იქნება გონივრული მგზავრს მოეთხოვოს მგზავრობის იმავე დღეს გაგრძელება. ზიანი მოიცავს მგზავრის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრულ ხარჯებს, ასევე იმ პირების ინფორმირების გონივრულ ხარჯებს, რომლებიც მგზავრს ელოდება.
2. რკინიგზა თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მატარებლის მომსახურების შეწყვეტა, დაგვიანება ან მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანება გამოწვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიზეზით:
ა) გარემოებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინიგზის ოპერირებასთან და რომელსაც რკინიგზა თავიდან ვერ აირიდებდა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გულისხმიერების/ზრუნვის მიუხედავად და რომლის შედეგების თავიდან არიდებაც მას არ შეეძლო;
ბ) მგზავრის ბრალეულობა; ან
გ) მესამე პირის ქმედება, რომელსაც რკინიგზა თავიდან ვერ აირიდებდა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გულისხმიერების/ზრუნვის მიუხედავად და რომლის შედეგების თავიდან აცილებაც მას არ შეეძლო.
3. იმ ზიანის ანაზღაურების საკითხი, რომელიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
1. თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლა 60 წუთზე მეტი დაგვიანებით, მგზავრს უფლება აქვს:
ა) აუნაზღაურდეს ბილეთის მთლიანი ღირებულება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე; ან
ბ) გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე; ან
გ) გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.
2. ტრანსპორტირების უფლების დაკარგვის გარეშე მგზავრს უფლება აქვს მოსთხოვოს რკინიგზას კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ბილეთში მითითებულ გამგზავრების და დანიშნულების პუნქტებს შორის ადგილი აქვს დაგვიანებას და ბილეთის საფასური არ ანაზღაურებულა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა:
ა) ბილეთის ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში;
ბ) ბილეთის ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში.
4. მგზავრებს, რომლებსაც აქვთ სააბონემენტო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მოქმედების პერიოდშიც ადგილი ჰქონდა მგზავრობის არაერთჯერად დაგვიანებას ან შეწყვეტას და მგზავრობის დაგვიანების ან შეწყვეტის დროს სააბონემენტო ბილეთის მფლობელი მგზავრი მატარებლით მგზავრობდა, უფლება აქვთ მოითხოვონ ადეკვატური კომპენსაციის გადახდა რკინიგზის საკომპენსაციო პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურებით ნათლად უნდა იყოს დადგენილი დაგვიანების განსაზღვრის და კომპენსაციის დაანგარიშების კრიტერიუმები.
5.დაგვიანებისათვის კომპენსაციის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ ფასის პროპორციულად, რომელიც გადაიხადა მგზავრმა დაგვიანებით მიწოდებული (ან მიღებული) მომსახურებისათვის.
6. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება (ბილეთი) გაფორმებულია ორი მიმართულების (გამგზავრება და დაბრუნება) მგზავრობისათვის, დაგვიანებისათვის კომპენსაციის დაანგარიშება გამგზავრების ან დაბრუნების გზაზე უნდა განხორციელდეს ბილეთის ფასის ნახევრის პროპორციულად. ანალოგიურად, ნებისმიერი სხვა ფორმის ტრანსპორტირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც იძლევა რამდენიმე თანმდევ მონაკვეთზე მგზავრობის შესაძლებლობას, დაგვიანებული მომსახურების ფასი იანგარიშება მთლიანი ფასის პროპორციულად.
7. დაგვიანებისათვის ბილეთის ფასის კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში. კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ვაუჩერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სხვა მომსახურების ფორმით, თუ მისი პირობები არ არის მგზავრისათვის ზედმეტად მკაცრი (განსაკუთრებით, მოქმედების ვადისა და დანიშნულების პუნქტის გათვალისწინებით). მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხით.
8. დაგვიანებისათვის ბილეთის ფასის კომპენსაციის ოდენობა არ შეიძლება შემცირდეს ფინანსური ტრანზაქციის ხარჯების გამო, როგორებიცაა საკომისიო, ტელეფონის ან ბეჭდით დამოწმების ხარჯები. რკინიგზას უფლება აქვს დააწესოს მინიმალური ზღვარი, რომელზე ნაკლები ოდენობითაც არ უნდა მოხდეს კომპენსაციის გადახდა და რომლის ოდენობაც არ უნდა იყოს შესაბამისი ბილეთის ღირებულების 25%-ზე ნაკლები.
9. მგზავრს არ აქვს დაგვიანებისათვის კომპენსაციის მიღების უფლება, თუ ის ინფორმირებული იყო მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე, ან დაგვიანება სხვადასხვა მომსახურების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლებია.
10. გამგზავრების ან დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რკინიგზა ან შესაბამისი სადგური ვალდებულია მიაწოდონ მგზავრებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, სავარაუდო გამგზავრების და დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დროის შესახებ.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანება აღემატება 180 წუთს, რკინიგზა ვალდებულია მგზავრებს უსასყიდლოდ შესთავაზოს:
ა) ლოდინის დროის შესაბამისად, საკვები და გამაგრილებელი სასმელები, თუ მათი მარაგი არსებობს მატარებელში ან რკინიგზის სადგურში, ან გონივრულად შესაძლებელია მათი მარტივად მიწოდება;
ბ) როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი და ტრანსპორტირება რკინიგზის სადგურსა და სასტუმროს/საცხოვრებელ ადგილს შორის, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამით გაჩერება, ან აუცილებელია დამატებითი დროით გაჩერება (აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო რეისებზე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი გაჩერდა ლიანდაგზე, ტრანსპორტირება მატარებლიდან რკინიგზის სადგურამდე, ალტერნატიული გამგზავრების პუნქტამდე ან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, როდესაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს.
12. თუ სარკინიგზო მომსახურების გაგრძელება შეუძლებელია, რკინიგზამ უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოს მგზავრები ალტერნატიული სატრანსპორტო მომსახურებით.
13. მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, რკინიგზა ვალდებულია ბილეთზე დაამოწმოს სარკინიგზო მომსახურების დაგვიანების, შეწყვეტის ან მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანების ფაქტი, თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი.
14. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისას, რკინიგზა ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შეზღუდული შესაძლებლობების, გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების და მათი თანმხლები პირების საჭიროებებს.
თავი V. მომსახურების ხარისხის სტანდარტები და პრეტენზიებზე
რეაგირების მექანიზმი
მუხლი 10🔗
1. რკინიგზამ უნდა განსაზღვროს მომსახურების ხარისხის სტანდარტები და შეიმუშაოს ხარისხის მართვის სისტემა მომსახურების ხარისხის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად. მინიმალური მომსახურების ხარისხის სტანდარტები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ინფორმაცია მომსახურებისა და ბილეთების შესახებ;
ბ) მომსახურების დროულად მიწოდება, მომსახურების შეფერხებაზე რეაგირების ზოგადი პრინციპები;
გ) მომსახურების შეწყვეტა;
დ) მოძრავი შემადგენლობის და სადგურის მოწყობილობების სისუფთავე (ჰაერის ხარისხი ვაგონებში, სანიტარიული მოწყობილობების ჰიგიენა და ა.შ.);
ე) მომხმარებელთა კმაყოფილების დონის კვლევა;
ვ) პრეტენზიებზე რეაგირება, თანხის დაბრუნება და კომპენსაცია მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის დახმარების გაწევა.
2. რკინიგზამ უნდა აკონტროლოს თავისი საქმიანობა, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. რკინიგზამ ყოველწლიურად უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში მომსახურების ხარისხის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშთან ერთად. მომსახურების ხარისხის შესრულების შესახებ ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს რკინიგზის ვებგვერდზე. დამატებით, ეს ანგარიშები უნდა განთავსდეს ევროპის სარკინიგზო სააგენტოს (ERA) ვებგვერდზე.
მუხლი 11🔗
1. რკინიგზით მგზავრობის ბილეთების გაყიდვისას, რკინიგზამ და ტუროპერატორმა მგზავრებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების მიზნით, რკინიგზამ და ტურ-ოპერატორმა შეიძლება გამოიყენონ მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები.
2. რკინიგზამ, რკინიგზის ვაგზალში და მატარებლის ვაგონში მგზავრებს სათანადო ფორმით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ორგანოს ან ორგანოების (ასეთის შექმნის შემდეგ) საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომელიც უფლებამოსილია ამ წესებით გათვალისწინებული უფლება-მოვალებების შესრულებაზე განახორციელოს ზედამხედველობა.
3. მგზავრს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს ამ წესების დარღვევაზე საჩივრების განხილვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 12🔗
რკინიგზა ვალდებულია ჩამოაყალიბოს მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევის თაობაზე წარდგენილ პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმი. ამასთან, რკინიგზა ვალდებულია ინფორმაცია მისი საკონტაქტო მონაცემებისა და სამუშაო ენ(ებ)ის შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს მგზავრებისათვის.
მუხლი 13🔗
რკინიგზა ვალდებულია მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია განიხილოს და დასაბუთებული პასუხი წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში, ან გამონაკლის შემთხვევებში და გონივრული საფუძვლის არსებობისას, წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის განხილვისა და პასუხის გაცემის თარიღის შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეტენზიის განხილვისა და განმცხადებლისათვის პასუხის გაცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის მიღების დღიდან 3 თვეს.
მუხლი 14🔗
რკინიგზა ვალდებულია ამ წესების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევის თაობაზე მიღებული პრეტენზიების რაოდენობისა და კატეგორიების, განხილული პრეტენზიების, პასუხის გაცემის დროის და შესაძლო გაუმჯობესებების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 15🔗
ამ ბრძნების მე-4 მუხლის 1-ლი პუქნტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება რკინიგზამ უზრუნველყოს ამ დებულების ამოქმედების შემდგომ ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენისას ან/და ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელებისას, ეტაპობრივად.
მუხლი 16🔗
ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო პროცედურების ჩამოყალიბება რკინიგზამ უზრუნველყოს ამ დებულების ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი თვისა, ხოლო ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს არაუგვიანეს ამ დებულების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
თავი VI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 17🔗
ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ამ წესების დარღვევაზე საჩივრების განმხილველი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედებიდან.