საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) შორის ჩარჩო ხელშეკრულება (არეგულირებს ესბ-ს საქმიანობას საქართველოში)
მიღების თარიღი 21.06.2007
ძალაში შესვლა 18.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №200/15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველო ა. ალექსიშვილი | ევროპის საინვესტიციო ბანკი თ. გერსფელტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება (საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) შორის ჩარჩო ხელშეკრულება (არეგულირებს ესბ-ს საქმიანობას საქართველოში)
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) შორის ჩარჩო ხელშეკრულება (არეგულირებს ესბ-ის საქმიანობას საქართველოში)
თბილისი, 21 ივნისი 2007
დადებულია მხარეთა შორის:
საქართველო, წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით
მისამართი: ქ. თბილისი, 0162, ი. აბაშიძის ქ. №70, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ალექსი ალექსიშვილის სახით
შემდგომში „საქართველო“
ერთი მხრივ, და
ევროპის საინვესტიციო ბანკი,
სათავო ოფისი: კონრად ადენაუერის 100, ლ – 2950 ლუქსემბურგი – კირჰბერგი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, წარმოდგენილი ვიცე-პრეზიდენტის ბატონი ტორსტენ გერსფელტის სახით
შემდგომში „ბანკი“
მეორე მხრივ,
ითვალისწინებენ რა 1996 წლის 22 აპრილს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, ერთი მხრივ, ევროპულ გაერთიანებას (შემდგომში „ეგ“) და მის წევრ ქვეყნებსა, და მეორე მხრივ, საქართველოს შორის;
სურთ რა ევროკავშირის საბჭოსა და ბანკის მმართველო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაამარტივონ საქართველოსთვის საინტერესო საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, სესხების, გარანტიების და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, და ამ მიზნით, ამგვარ პროექტებზე გარკვეული დაცვისა და ბანკისთვის გარკვეული უფლებებისა და პრივილეგიების გავრცელება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განმარტებები
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის:
„ბენეფიციარი“ (ან „ბენეფიციარები“) გულისხმობს ნებისმიერ პირს, მათ შორის საქართველოს, ფიზიკურ პირს ან კერძო ან საჯარო სამართლით განსაზღვრულ პირს, რომელიც პროექტისათვის აბანკიდან მიიღებს დაფინანსებას სესხის, გარანტიის ან სხვა ინსტრუმენტის სახით. ეს პირი შეიძლება იყოს მათ შორის ბანკისაგან სესხის ამღები, თანადებიტორი, გარანტორი, ბანკისგან გარანტირებული სესხის გამცემი და მისი მსესხებელი ან პროექტის განმახორციელებელი;
„პროექტი“ გულისხმობს ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს, რომელსაც ბანკი აფინანსებს პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით ან, რომლის სესხზეც ბანკს გაცემული აქვს გარანტია და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) პროექტი, ან ბანკის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის გავლით, და
(ბ) საქართველოს მთავრობა ითხოვს მის დაფინანსებას ან აღიარებს, რომ აღნიშნული დაფინანსება განეკუთვნება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების სფეროს,
როდესაც ბანკი დათანხმდება დაფინანსებაზე წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ისევე როგორც, შეთანხმების მოსალოდნელი გაფორმების ან ძალაში შესვლის წინა პერიოდში;
„გადასახადი“ ნიშნავს ნებისმიერ საერთო სახელმწიფოებრივ, რეგიონალურ ან ადგილობრივ, ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირ გადასახადს, მოსაკრებელს, გადასახდელს, დაკავებას ან ფინანსურ ხარჯს.
მუხლი 2🔗
ბანკის საქმიანობა
ბანკს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად განახორციელოს ბანკის წესდებით გათვალისწინებული და პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის პროექტის დაფინანსებისათვის სესხების და/ან გარანტიების გაცემა, სესხის აღება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საშუალებით, ისევე როგორც ამ თანხების ფლობა, გამოყენება, განკარგვა და ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება ნებისმიერ ვალუტაში. პროექტის შეფასების საფუძველზე, ბანკს შეუძლია გადაწყვიტოს პროექტის დაფინანსება და განსაზღვროს დაფინანსების პირობები.
მუხლი 3🔗
ბანკის დაბეგვრა
ბანკისათვის გადასახდელი პროცენტი და ყველა სხვა გადასახდელი, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან, ისევე როგორც ამგვარ საქმიანობებთან დაკავშირებული ბანკის აქტივები და შემოსავლები, გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ბანკის არცერთი საქმიანობა არ გამოიწვევს ბანკისა და მისი აქტივების დაბეგვრას.
მუხლი 4🔗
ვალუტის კონვერტაცია და თანხების გადარიცხვა
წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელების განმავლობაში საქართველო ვალდებულია:
(ა) უზრუნველყოს: (1) რომ ბენეფიციარებს შეეძლოთ, ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში არსებული საბაზრო გაცვლითი კურსის მიხედვით, ბანკისადმი სესხების, გარანტიებისა და სხვა ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით; და (2) რომ შესაძლებელი იყოს ამგვარი თანხების საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ თავისუფალი, სწრაფი და ეფექტური გადარიცხვა, იმისათვის, რომ ბენეფიციარებმა შეძლონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება ბანკისადმი შესაბამისი საკონტრაქტო ან სხვა ინსტრუმენტის პირობების შესაბამისად;
(ბ) უზრუნველყოს: (1) რომ ბანკს შეეძლოს სესხებიდან, გარანტიებიდან, აქტივებიდან, ან სხვა ნებისმიერი საქმიანობიდან ქართულ ვალუტაში მიღებული თანხების ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში კონვერტაცია არსებული საბაზრო გაცვლითი კურსის მიხედვით, ასევე უზრუნველყოს, რომ ბანკმა შეძლოს თავისუფლად, დაუყოვნებლივ და ეფექტურად კონვერტირებული თანხების საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადარიცხვა ბანკის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშებზე; ან, ბანკის არჩევანის შესაბამისად, (2) ბანკს ჰქონდეს ამ თანხების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;
(გ) უზრუნველყოს, რომ ბანკს შეეძლოს ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში თანხის კონვერტაცია, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში არსებული საბაზრო გაცვლითი კურსის მიხედვით.
მუხლი 5🔗
პროექტებზე გავრცელებული რეჟიმი
(1) საქართველო უზრუნველყოფს, რომ პროექტებზე და მათი განხორციელებისათვის გაფორმებულ კონტრაქტებზე ფისკალური, საბაჟო და სხვა საკითხებთან მიმართებაში გავრცელდება არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ და/ან გარანტირებულ პროექტებსა და კონტრაქტებზე ან გათვალისწინებულია ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმებით მსგავს საკითხებთან მიმართებაში ან შიდა კანონმდებლობით; ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხელსაყრელი პირობების შერჩევით.
(2) საქართველო უზრუნველყოფს თითოეული პროექტის სრულ და მუდმივ დაცვას და უსაფრთხოებას ექსპროპრიაციისა და დავებისაგან, რამდენადაც ეს საჭიროა პროექტიდან მისაღები შემოსავლის შესანარჩუნებლად, რომელიც გამოყენებული იქნება აღნიშნული პროექტისთვის აღებული ვალის მომსახურების მიზნით.
მუხლი 6🔗
საჯარო ტენდერი
ბანკს შეუძლია დააფინანსოს პროექტები ტენდერის გამოცხადების და სხვა სახის კონკურსის საფუძველზე კონტრაქტების გაფორმებით პერიოდულად ძალაში მყოფი ბანკის წესების და პროცედურების მიხედვით.
მუხლი 7🔗
ბანკის სტატუსი და პროექტებისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა
(1) საქართველოს ტერიტორიაზე ბანკი ისარგებლებს სრული სამართალსუბიექტურობით, მათ შორის ხელშეკრულების დადების, მოძრავი და უძრავი ქონების შეძენისა და განკარგვის ასევე სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლებით.
(2) ბანკი, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობებისათვის ისარგებლებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაწესებული ყველაზე შეღავათიანი პირობებით, ან ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული პირობით, რომლებიც არეგულირებს ამგვარ საქმიანობებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უფრო შეღავათიანია.
(3) კერძოდ, ბანკისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული საფინანსო ბაზარი და მისი ვალდებულებები, ფასიანი ქაღალდები და სხვა მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც უნდა სარგებლობდეს არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, მათ შორის დაბეგვრის თვალსაზრისით, როგორითაც სარგებლობენ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მქონე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია.
მუხლი 8🔗
ბანკის პრივილეგიები და იმუნიტეტები
(1) ბანკის აქტივები გათავისუფლებულია:
(ა) ჩხრეკისა და ყველა სახის ექსპროპრიაციისაგან;
(ბ) ნებისმიერ სახის ყადაღის დადებისაგან, ისევე როგორც კონფისკაციისაგან, მანამ ბანკის წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება იმ სასამართლოს მიერ, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამ სახის საქმეთა განხილვა;
(2) ბანკის წარმომადგენლები, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, ისარგებლებენ სულ მცირე შემდეგი იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით:
(ა) იმუნიტეტით, სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებისგან, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბანკი მოხსნის ამგვარ იმუნიტეტს;
(ბ) საქართველოს მიერ მინიჭებული დიპლომატიური პრივილეგიებითა და შეღავათებით ოფიციალური კომუნიკაციების, დოკუმენტების გაცვლისა და მგზავრობისათვის.
მუხლი 9🔗
ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების მოგვარება
(1) საქართველო იღებს ვალდებულებას ნებისმიერი დავის მიმართ, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბანკსა და ბენეფიციარს ან ნებისმიერ მესამე მხარეს შორის: (ა) უზრუნველყოს საქართველოს სასამართლოების უფლებამოსილება, სცნონ კომპეტენტური სასამართლოს ან ტრიბუნალის, მათ შორის ევროპული გაერთიანების მართლმსაჯულების სასამართლოს, ან ნებისმიერი ეგ-ის წევრი ქვეყნის ეროვნული სასამართლოს, ან ეგ-ის წევრი ქვეყნის ეროვნული სასამართლოს, ან ნებისმიერი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შესაბამისი სასამართლო პროცესის შედეგად გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება; და (ბ) უზრუნველყოს ნებისმიერი ამგვარი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შესაბამისი ეროვნული წესებისა და პროცედურების მიხედვით.
(2) ამასთანავე, საქართველო თანახმაა არ შეეწინააღმდეგოს საქართველოსა და ბანკს შორის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავის შედეგად ამგვარი კომპეტენტური სასამართლოს ან ტრიბუნალის, ისევე როგორც ევროპული გაერთიანების მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
მუხლი 10🔗
სუბროგაცია
წინამდებარე ხელშეკრულებით ბანკისათვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობა შეუძლია (ა) ბანკს თავისი სახელით, ისევე როგორც ეგ-ის წარმომადგენლის სახელით, როდესაც ეგ ბანკს გადაურიცხავს თანხებს ნებისმიერი გარანტიის ან დაზღვევისათვის ნებისმიერ სესხთან, გარანტიასთან ან სხვა ინსტრუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დამტკიცებულია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, ასევე (ბ) გარკვეულ შემთხვევაში, ამგვარი უფლებებით სარგებლობა შეუძლია ეგ-ის სუბროგაციის უფლების საფუძველზე.
მუხლი 11🔗
თანამშრომლობა
საქართველო თანახმაა 30 დღის ვადაში წერილობით უპასუხოს ბანკის მოთხოვნას, რომ პროექტის დაფინანსების განაცხადი ხვდება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების სფეროში. საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ დროულად შეატყობინებს ბანკს ნებისმიერი გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიების, ან ნებისმიერი სხვა გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბანკის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინტერესებზე.
მუხლი 12🔗
დავების მოგვარება
(1) ნებისმიერი დავა, უთანხმოება, წინააღმდეგობა ან საჩივარი (ყველა მოხსენებული, როგორც „დავა“) წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულების არსებობის, მოქმედების, ინტერპრეტაციის, განხორციელების ან შეწყვეტის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად მოგვარებული უნდა იქნეს საქართველოსა და ბანკს შორის მოლაპარაკებით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ დავა საქართველოსა და ბანკს შორის მეგობრულად არ მოგვარდა ნებისმიერი მხარის მიერ დავის შესახებ ცნობის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, დავა, ნებისმიერი მხარის მიერ, უნდა გადაეცეს ევროპული გაერთიანების მართლმსაჯულების სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის.
(3) ამასთანავე, საქართველო უარს აცხადებს იმუნიტეტზე და უფლებაზე ევროპული გაერთიანების მართლმსაჯულების სასამართლოს ნებისმიერ დავასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა და ცვლილებების შეტანა
(1) წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც ბანკი აცნობებს საქართველოს მთავრობას, მის მიერ სარატიფიკაციო დოკუმენტის ან საქართველოსა და ბანკს შორის ორმხრივად შეთანხმებული სხვა ინსტრუმენტის დამოწმებული ასლის, ისევე როგორც წინამდებარე შეთანხმების იურიდიული ძალის შესახებ სამართლებრივი დასკვნის მიღების თაობაზე.
(2) ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
მუხლი 14🔗
მოქმედების ვადა
(1) წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
(2) ბანკს შეუძლია საქართველოსათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება ან გაათავისუფლოს საქართველო წინამდებარე ხელშეკრულებით საქართველოს მიერ აღებული ყველა ან ზოგიერთი ვალდებულებებისაგან. ამგვარი შეტყობინების გაგზავნა, თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, არ იმოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე ხელშეკრულების შეწყვეტის დღისათვის მიმდინარე პროექტებსა და ფინანსურ ოპერაციებზე არსებულ ბანკის უფლებებსა და ინტერესებზე.
(3) საქართველოს შეუძლია ბანკისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. ამგვარი შეტყობინების გაგზავნა არ იმოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე ხელშეკრულების შეწყვეტის დღისათვის მიმდინარე პროექტებსა და ფინანსურ ოპერაციებზე არსებულ ბანკის უფლებებსა და ინტერესებზე.
მუხლი 15🔗
საჯაროობა
საქართველო ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების ბენეფიციარებზე საჯაროდ გავრცელებას (ამ ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო, საგარანტიო და სხვა ინსტრუმენტებით დაფინანსებულ პროექტებთან მიმართებაში) და ადასტურებს, რომ ამგვარი გავრცელება წინააღმდეგობაში არ მოვა ნებისმიერი კომპეტენტური მმართველი ორგანოს წესდებასთან და მის ფუნქციონირებასთან.
მუხლი 16🔗
საკონტაქტო ინფორმაცია
მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა მოხდება ქვემოთ მითითებულ მისამართებზე:
საქართველოსთვის: ქ. თბილისი, 0162, ი. აბაშიძის ქ. №70
ბანკისთვის: კონრად ადენაუერის ბულვარი 100, ლ - 2950 ლუქსემბურგი
ზემოაღნიშნულის დასტურად, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას ინგლისურ ენაზე, სამ პირად, თითო გვერდი ხელმოწერილია საქართველოს მხრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის, ბატონ იოსებ სხირტლაძის და ბანკის მხრიდან განყოფილების უფროსის, ქალბატონ ბარბარა ბალკეს მიერ.
შესრულებულია: 2007 წლის 21 ივნისს, თბილისში
ხელმოწერილია მხარეების მიერ:
საქართველო
ა. ალექსიშვილი
ევროპის საინვესტიციო ბანკი
თ. გერსფელტი