სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.01.2018
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №7/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №7/ნ
2018 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის „კ.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი
სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ინსტრუქციის რეგულირების სფერო
სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სპეციალური სადაზღვევო შენატანის (შემდგომში – შენატანი) დაწესების წესსა და პირობებს, ასევე, შენატანის ოდენობას და გადახდის ვადას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც დეპოზიტების დაზღვევის ფონდის (შემდგომში – ფონდი) სახსრები არ არის საკმარისი.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სპეციალური სადაზღვევო შენატანი – კომერციული ბანკის მიერ ერთჯერადად გადასახდელი სპეციალური სადაზღვევო შენატანი, რომელიც გამოითვლება ამ კონკრეტულ კომერციულ ბანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობიდან, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვალუტაშია დაზღვეული დეპოზიტი განთავსებული;
ბ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის განაკვეთი – პროცენტი, რომელიც გამოითვლება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ფონდში აკუმულირებულ სახსრებსა და ანაზღაურებისთვის საჭირო თანხებს შორის უარყოფითი სხვაობის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1 (ერთი) პროცენტისა.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი), „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ თავად ამ ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.
მუხლი 3🔗.
შენატანის დაწესების წესი და პირობები
1. შენატანის დაწესების და გადახდევინების მთავარ მიზანს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული დეპოზიტების შეუფერხებლად და დროულად ანაზღაურება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საბანკო სისტემისადმი ნდობას.
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ აღმოჩნდება, რომ ფონდში აკუმულირებული სახსრები არ არის საკმარისი დაზღვეული დეპოზიტების სრულად ასანაზღაურებლად, მაშინ სააგენტო გამოითვლის ფონდში არსებულ სახსრებსა და ასანაზღაურებელ თანხას შორის სხვაობას.
3 .თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა ნაკლებია ან ტოლია კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ის და თუ შენატანის გადახდა ზიანს არ აყენებს კომერციული ბანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან), სააგენტო გამოითვლის კომერციული ბანკის მიერ გადასახდელი შენატანის ოდენობას და აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნის წერილს უგზავნის კომერციულ ბანკებს.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა ნაკლებია ან ტოლია კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ის, მაგრამ შენატანის გადახდამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან), მაშინ სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შენატანის საჭიროზე ნაკლები პროცენტის დაწესების ან საერთოდ შენატანის დაწესებაზე უარის თქმის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხევაში, სააგენტოს უფროსმა სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს წინადადება/წინადადებები ანაზღაურებისთვის საჭირო თანხების მოზიდვის გზებისა და საშუალებების შესახებ.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა მეტია კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ზე, მაშინ სააგენტოს უფროსი შენატანის განაკვეთის ოდენობისა (არაუმეტეს 1%) და ანაზღაურებისთვის საჭირო, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ წინადადებით მიმართავს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ შენატანის განაკვეთის შემოთავაზებული ოდენობის გადახდა ზიანს არ უნდა აყენებდეს კომერციული ბანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან).
7. ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, შენატანის განაკვეთის ოდენობისა და სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
8. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შენატანის პროცენტული ოდენობის გამოთვლისას კომერციულ ბანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობის გამოთვლის მიზნებისთვის ბაზისად აღებული უნდა იქნეს მიმდინარე თვის წინა თვის ბოლო დღე.
9. სააგენტო ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი შენატანის გადახდის მოთხოვნით მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შენატანი.
10. თითოეული კომერციული ბანკისთვის შენატანის ჯამური ოდენობა 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ კომერციულ ბანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1 (ერთი) პროცენტს. დაზღვეული დეპოზიტების მოცულობის დაანგარიშების ბაზისად აღებული უნდა იქნეს მიმდინარე თვის წინა თვის ბოლო დღე.
მუხლი 4🔗.
სანქციები
ამ ინსტრუქციის დარღვევისთვის კომერციული ბანკის სანქცირების წესი და სანქციის ოდენობა განისაზღვრება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ნორმატიული აქტით.