სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 29.12.2017
ძალის დაკარგვა 10.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 04.06.2020
📋 აუქმებს — 2 აქტი
- “ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ” აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება 06.04.2000
- “დებულება ელექტრობაზარზე სადავო საკითხების პროცედურული წესების შესახებ” აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება 15.05.2000
დოკუმენტის ტექსტი
სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№54
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1.
დამტკიცდეს თანდართული „სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები“.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა)
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილება „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი: 120.013.004.182);
ბ)
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2000 წლის 15 მაისის №5 დადგენილება „დებულება ელექტრობაზარზე სადავო საკითხების პროცედურული წესების შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი: 120.013.004.249).საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგოჩა შონია
სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების სამართლებრივი საფუძვლები
1. სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები (შემდგომში – წესები) შემუშავებულია ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკანონმდებლო აქტების გარდა, სადავო საკითხების განხილვისას კომისია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროების მარეგულირებელი სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. წესების მიზანი და მოქმედების სფერო
1. წესების მიზანია დაადგინოს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურები, მოაწესრიგოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასა ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი.
2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ სადავო საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
3. ამ წესების მოქმედება ვრცელდება სადავო საკითხების განხილვაში მონაწილე ყველა პირზე და წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საწარმოებისა და მომხმარებლებისათვის.
4. პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ წესებით გათვალისწინებულ პროცედურებზე და მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე დავის შემთხვევისა.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სადავო საკითხი – მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოშობილი დავა, რომლის გადაწყვეტა შედის კომისიის განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებაში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე კომისიის მიერ გამოცემული სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად;
ბ) ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების სფეროში მოქმედი საწარმოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) გაუქმების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ;
გ) განცხადება – დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა კანონიერი ინტერესის ხელყოფის, უფლების მოპოვების და სადავო საკითხის გადაწყვეტის თაობაზე;
დ) კანონიერი ინტერესის ხელყოფა – საწარმოს მხრიდან მომხმარებლის კანონიერი უფლების დარღვევა/ინტერესის შეზღუდვა ან მისი განხორციელებისათვის ხელის შეშლა. კანონიერი ინტერესის ხელყოფის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა მომხმარებელმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ამგვარი ხელყოფის შესახებ;
ე) საწარმო – ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
ვ) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ან შესაბამისი მოთხოვნის წარდგენით გაცხადებული აქვს სურვილი ისარგებლოს საწარმოს მომსახურებით, აგრეთვე აბონენტი, რომელიც რეგისტრირებულია საწარმოს მონაცემთა ბაზაში და რომელსაც მინიჭებული აქვს აბონენტის ნომერი;
ზ) მტკიცებულება – ყველა ნივთიერი და წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტი, ფოტო- ან/და ვიდეომასალა, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა წერილობითი და ზეპირი ჩვენება, სპეციალისტისა და საექსპერტო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც მხარეები ასაბუთებენ მათ მიერ საქმეში მოყვანილ გარემოებებს (ფაქტებს);
თ) დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;
ი) დარიცხვა – ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სფეროებში საწარმოს მიერ დადგენილების გამოცემით ან დადგენილების გამოცემის გარეშე მომხმარებლის მიმართ წაყენებული ფულადი მოთხოვნა;
კ) მომსახურება – ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება, გატარება, დისპეტჩერიზაცია, იმპორტი ან ექსპორტი, ბუნებრივი გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება, განაწილება ან გატარება, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში, აგრეთვე, ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელზე, სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთება, სიმძლავრის გაზრდა;
ლ) სტრუქტურული ერთეული – კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია, შესაბამისად, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
მუხლი 4🔗. კომისიის დამოუკიდებლობა
1. სადავო საკითხის გადაწყვეტისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით. კომისიის საქმიანობაზე რაიმე სახის ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა სადავო საკითხთან დაკავშირებით მისაღებ შედეგზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით აკრძალულია.
2. სადავო საკითხის განხილვისას კომისიის დამოუკიდებლობის ხელყოფა და საქმიანობის ხელშეშლა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 5🔗. თანასწორობა და შეჯიბრებითობა
1. სადავო საკითხების განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს მხარეთა ინტერესების დაბალანსების პრინციპით, რაც გულისხმობს მხარეების კანონიერი უფლებების თანაბარწილად და სამართლიან დაცვას.
2. კომისიაში სადავო საკითხების განხილვა მიმდინარეობს ყველა პირის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით.
3. სადავო საკითხის განხილვაში მონაწილე ყველა პირი თანასწორია და დაუშვებელია რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
4. კომისიაში სადავო საკითხი განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეებს უფლება აქვთ, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად და დასაზუსტებლად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 6🔗. ზეპირი მოსმენა
1. კომისია სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენის საფუძველზე. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა, გარდა დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისა.
2. კომისია უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
3. ამ წესებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიას უფლება აქვს გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. თუ სადავო საკითხის გადაწყვეტა სცილდება კომისიის კომპეტენციას, კომისია (კომისიის აპარატი) ზეპირი მოსმენის გარეშე, განცხადების შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით ატყობინებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.
მუხლი 7🔗. სადავო საკითხების განხილვის ენა
1. კომისიის სხდომაზე სადავო საკითხები იხილება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
2. თუ დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციული საჩივარი/განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარის/განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. თარგმნისთვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 3 (სამი) დღეზე ნაკლები, რომლის გაშვება შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 8🔗. ვადების ათვლა
1. ამ წესებში დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.
2. კომისიაში სადავო საკითხის განხილვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
თავი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე კომისიაში ადმინისტრაციული საჩივარი შეიძლება წარადგინოს პირმა, რომლის მიმართაც იქნა გამოტანილი დადგენილება, ან მისმა წარმომადგენელმა. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი. წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა/რწმუნებულება ნოტარიულად უნდა დამოწმდეს.
2. ადმინისტრაციული საჩივრის საწარმოში შეტანის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, კომისიას გადაუგზავნოს ადმინისტრაციული საჩივარი და მის ხელთ არსებული, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული საწარმოს დადგენილების გასაჩივრების ვადა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გასაჩივრდეს კომისიაში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის გზით დადგენილების გამოტანიდან 10 (ათი) დღის ვადაში, თუ მხარე მონაწილეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში ან დადგენილების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, თუ მხარე არ ესწრებოდა საწარმოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე არ ესწრებოდა საწარმოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, მას დადგენილება ეგზავნება ფოსტის მეშვეობით და გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებული მხარე დადგენილებას ჩაიბარებს და საწარმოს დაუბრუნდება შესაბამისი საფოსტო შეტყობინება. თუ პირი დადგენილების ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, ფოსტით გაგზავნა განხორციელდა ორჯერ მაინც და საწარმოს დაუბრუნდა საფოსტო გზავნილი სათანადო აღნიშვნით, ასეთ შემთხვევაში დადგენილება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი მეორედ გაგზავნიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა.
3. დადგენილება დაინტერესებულ მხარეს ბარდება მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის ან სამუშაო ადგილის მიხედვით. დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს საწარმოში.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის არაბრალეულად (დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ახლო ნათესავის გარდაცვალების, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა განსაკუთრებული საპატიო მიზეზით) გაშვების შემთხვევაში, ეს ვადა დაინტერესებული მხარის დასაბუთებული განცხადებით, ვის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს კომისიამ, რაც აღინიშნება კომისიის მიერ შესაბამის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების შეჩერება
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ჩერდება საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების ან/და დარიცხვის მოქმედება სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამ დროის განმავლობაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საწარმოსთვის ჩაბარების მომენტიდან, მომხმარებელს არ შეიძლება შეუწყდეს მომსახურება (მიმდინარე დავალიანების გადახდის პირობით), ხოლო თუ იგი შეწყვეტილია – უნდა აღუდგეს არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღეში.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი
ადმინისტრაციულ საჩივარში აღინიშნება:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა (სახელი/სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი) და მისამართი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საწარმოს დასახელება, რომლის დადგენილება საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული აქტის დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) საჩივრის წარდგენის თარიღი და საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
1. კომისია არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
ა) იგი არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხი;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება/დადგენილება/განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (მათ შორის დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) სადავო საკითხზე არსებობს კომისიის გადაწყვეტილება;
ე) არსებობს მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული მორიგება/ხელშეკრულება გასაჩივრებულ საკითხზე;
ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია ქმედუუნარო პირის ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
თ) ადმინისტრაციული საჩივარი არ შეიცავს მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია შესაბამის მტკიცებულებასთან ერთად.
3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობისას, დაინტერესებულ მხარეს წერილობით ეცნობება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში და განემარტება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლისა და უარის გასაჩივრების წესის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე გარემოება გამოვლინდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან სადავო საკითხზე ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, აგრეთვე 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომისია წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, განუხილველად ტოვებს ადმინისტრაციულ საჩივარს და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 14🔗. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
1. კომისია ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში.
2. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე მეტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
3. კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენის გარეშე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს (კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.
4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით.
მუხლი 15🔗. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა
1. ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე.
2. უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ზეპირი მოსმენის დროს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი განაცხადოს ზეპირადაც.
3. ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის მიერ უარის განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველია, იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოჰყვება საჯარო ინტერესის შელახვა ან სხვა მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გამო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს კომისიას საერთო წესის დაცვით.
თავი III. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა
მუხლი 16🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. კომისიაში ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან იწყება ადმინისტრაციული წარმოება.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კომისიაში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით.
მუხლი 17🔗. ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა
1. კომისია ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მას.
2. კომისია არ არის შებოჭილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფორმულირებით და სადავო საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ და დაეხმაროს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.
3. კომისია უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, ერთად განხილვისა და ერთი საერთო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ერთ წარმოებად გააერთიანოს რამდენიმე ერთგვაროვანი, ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ან მსგავსი საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება სადავო საკითხების უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.
მუხლი 18🔗. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადება
1. თუ საქმეზე დამატებითი მასალების მოძიება აუცილებელია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქმის განხილვის გადადების შესახებ.
2. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ისე განხილვამდე.
3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადება უნდა მოხდეს გონივრული ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ არ დაირღვეს ამ წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
4. საქმის განხილვის გადადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
მუხლი 19🔗. საქმის წარმოების შეჩერება
1. კომისია უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) დავის ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის რეორგანიზაციისას, თუ სადავოსამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას;
ბ) თუ კომისია დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;
გ) მხარეები ითხოვენ ვადას დავის მორიგებით დასრულების მიზნით;
დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ;
ე) ადმინისტრაციული საჩივარი ან თანდართული სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე;
ვ) ამ წესების 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ზ) სხვა შემთხვევებში, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. კომისიის მიერ საქმის წარმოების შეჩერება შესაძლებელია როგორც ზეპირი მოსმენისას, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულია დადგენილება, საქმის წარმოება შეწყდება ამ წესების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეჩერების მოთხოვნა მოქმედებს კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 20🔗. საქმის წარმოების შეჩერების ვადები
კომისია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას შეაჩერებს ამ წესების მე-19 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვისა. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, ადმინისტრაციული საჩივარი დარჩება განუხილველად;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მხარეებს შორის შეთანხმებულ და კომისიის მიერ მოწონებულ გონივრულ ვადამდე;
დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს მიერ შესაბამის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დამოწმებული თარგმანის წარმოდგენამდე;
ვ) „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების მიღებამდე, ცნობების შეგროვებამდე, სადავო საკითხზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დავალების შესრულებამდე, ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე;
ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის მიერ დადგენილი ვადით.
მუხლი 21🔗. საქმის წარმოების განახლება
საქმის წარმოება დადგენილი წესით განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.
მუხლი 22🔗. საქმის წარმოების შეწყვეტა
1. კომისია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:
ა) დავა არ უნდა იქნეს განხილული კომისიაში იმის გამო, რომ კანონმდებლობის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაა;
ბ) არ არსებობს დავის საგანი;
გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენმა პირმა უარი თქვა ადმინისტრაციულ საჩივარზე;
ვ) მხარეები მორიგდნენ;
ზ) მომხმარებლის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, ან იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;
თ) ამ წესების მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადებში არ იქნა აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიისთვის შესაბამის მტკიცებულებასთან ერთად ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულება ეკისრებათ დაინტერესებულ მხარეებს.
3. საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ წერილობით.
მუხლი 23🔗. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვამდე განსახორციელებელი პროცედურები
1. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს ადმინისტრაციული საჩივარი მიღების დღესვე და მასზე აღნიშნოს რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
2. სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უგზავნის (გადასცემს) მას ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას.
3. ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა ამოწმებს ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისობას ამ წესების მე-12 მუხლთან.
4. ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ბუნდოვანებისას ან მოთხოვნის ფორმულირების დაზუსტების საჭიროებისას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს შეუძლია დაეხმაროს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.
5. თუ ადმინისტრაციული საჩივარი არ შეესაბამება ამ წესების მე-12 მუხლს, კომისია ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთი) დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის თხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) დღისა, გააგრძელოს ეს ვადა. ამ ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
6. კომისია ადმინისტრაციული საჩივარს, მისი ამ წესების მე-12 მუხლთან შესაბამისობაში დადგენიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად გადაუგზავნის საწარმოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საწარმოს წერილობითი მოსაზრებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებების წარმოსადგენად.
7. საწარმო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოსაზრება და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა კომისიას მიაწოდოს კომისიის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, თუ კომისიის მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული.
მუხლი 24🔗. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საკითხის განხილვის დღის წესრიგში შეტანა
1. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ამ წესების 23-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესრულების შემდეგ, როდესაც საკითხი მომზადებულია კომისიის სხდომაზე განსახილველად, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამზადებს მოხსენებით ბარათს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული საკითხის კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.
2. მოხსენებით ბარათში აღინიშნება:
ა) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის მხარეები;
გ) კომისიის სხდომაზე დასაბარებელ პირთა სია.
3. მოხსენებით ბარათს სრულად უნდა ერთოდეს ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა, ასევე სადავო საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 25🔗. შეტყობინება კომისიის სხდომის შესახებ
1. დაინტერესებულ მხარეებს კომისიის სხდომის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 7 (შვიდი) დღით ადრე მაინც.
2. დაინტერესებული მხარისთვის შეტყობინების ჩაბარება ხორციელდება და დასტურდება:
ა) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.
3. საფოსტო გზავნილისას კომისიის სხდომის შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დრო აღინიშნება შეტყობინებაზე, რომელიც უბრუნდება კომისიას. ელექტრონული ფორმით შეტყობინების გადაცემის დრო აღინიშნება/ფიქსირდება ამ ტექნიკური საშუალებით მიწოდებული შეტყობინების ჩაბარების დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების ჩაბარების/კომუნიკაციის შესახებ შედგენილ აქტში/ჩანაწერში.
4. კომისიის სხდომის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაინტერესებულ მხარეს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ის არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე მიმღების ხელმოწერით.
5. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას.
6. კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს მის გარეშე.
მუხლი 26🔗. კომისიის სხდომასზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა (ზეპირი მოსმენა)
1. კომისია ადმინისტრაციულ საჩივარზე, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა.
3. კომისიის სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
4. კომისიის სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.
5. სხდომის თავმჯდომარე სხდომას აცნობს კომისიის სხდომის დღის წესრიგს. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დღის წესრიგში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, გადააქვს საკითხის განხილვა სხვა დროისთვის. კომისია კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
6. სხდომის თავმჯდომარე განსაზღვრავს გამომსვლელთა თანამიმდევრობას, მათთვის სიტყვის მიცემას და ჩამორთმევას, ასევე ახსნა-განმარტების ან პასუხის ხანგრძლივობას, წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას.
7. სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელ პირს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ სადავო საკითხზე;
გ) აჭარბებს იმ დროს, რომელიც მას მიეცა სხდომის თავმჯდომარის მიერ სადავო საკითხზე ახსნა-განმარტებისთვის.
8. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
9. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული კომისიას გააცნობს ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს და მოთხოვნას. ამის შემდეგ (მოპასუხე/მოწინააღმდეგე) მხარე კომისიას აცნობს თავის მოსაზრებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ან/და მის წარმომადგენელს და საწარმოს წარმომადგენელს უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.
10. სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევას ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეებს აძლევს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომენტარი გაუკეთოს გამომსვლელის განმარტებას, უპასუხოს შეკითხვას. კომისიის წევრს უფლება აქვს ზეპირი მოსმენის ნებისმიერ სტადიაზე შეკითხვით მიმართოს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს.
11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით განაცხადოს შუამდგომლობა. კომისია არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას.
12. კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის ან გამოთხოვის, ცნობების შეგროვების, სადავო საკითხზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის დავალების მიცემის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც ამ წესების მე-19 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძველია.
13. სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საკითხის განხილვის დამთავრება ერთ სხდომაზე. თუ სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საკითხის განხილვა გადაიდება.
14. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კომისიის გადაწყვეტილებას ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) დღეს.
15. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ, ამის თაობაზე უნდა ეცნობოთ მხარეებს და მიეცეთ მათ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
თავი IV. კომისიის გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება
მუხლი 27🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
3. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მისი აღსრულების მექანიზმი, გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი.
4. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში შესაბამისი კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობით დაერთვის კომისიის გადაწყვეტილებას.
მუხლი 28🔗. კომისიის გადაწყვეტილება
1. კომისიის გადაწყვეტილება შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილისაგან. აღწერილობით ნაწილში აღინიშნება დავის საგნის შინაარსი (დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძვლები), სამოტივაციო ნაწილში – კომისიის დასაბუთება დავის საგანთან მიმართებაში (დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), ხოლო სარეზოლუციო ნაწილში – კომისიის გადაწყვეტილება.
2. კომისია უფლებამოსილია, შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, დასაბუთების გარეშე, თუ დაინტერესებული მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს ან/და მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე.
3. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საწარმოსთვის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ;
ე) მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
4. თუ დადგენილება გამოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად დაუბრუნდება საწარმოს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს მის საფუძველზე დაკისრებული და გადახდილი ფულადი თანხების დაბრუნებას.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების კომისიის მიერ ძალაში უცვლელად დატოვება, გაუქმება ან განუხილველად დატოვება არ უზღუდავს კომისიას უფლებას, დადგენილებისგან დამოუკიდებლად განიხილოს და გადაწყვიტოს საწარმოს მიერ მომხმარებლის მიმართ განხორციელებული დარიცხვის საფუძვლიანობის საკითხი.
7. კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ერთობლივად განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე.
მუხლი 29🔗. გადაწყვეტილების აღსრულება
1. კომისია უფლებამოსილია მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. კომისია უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებებს.
3. სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილება აღსრულდება იძულებით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
თავი V. სხვა სადავო საკითხის განხილვა
მუხლი 30🔗. სხვა სახის სადავო საკითხის კომისიაში განხილვა
1. კომისიაში სადავო საკითხზე შეტანილი განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესების მე-12 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, განიხილება ამ წესების III თავით დადგენილი ფორმით, ამ თავში გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.
2. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება მისი კანონიერი ინტერესის ხელყოფასთან დაკავშირებით საწარმოს მიერ განუხორციელებელ/განსახორციელებელ/განხორციელებულ ქმედებას, იგი უფლებამოსილია, ეს ქმედება წერილობითი განცხადების შეტანის გზით გაასაჩივროს კომისიაში.
3. კომისიაში განცხადება შეტანილი უნდა იქნეს საწარმოს მხრიდან მომხმარებლის კანონიერი ინტერესის ხელყოფიდან სამი წლის ვადაში.
4. განცხადებაში აღინიშნება:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) განმცხადებლის ვინაობა/სახელწოდება, მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე აბონენტის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საწარმოს დასახელება;
დ) მოთხოვნა, გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით;
ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. განცხადება რეგისტრირდება და კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით გადაეცემა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
6. მომხმარებლის განცხადებასთან დაკავშირებით, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია მეტი ვადა, კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების გამოტანის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 31🔗. კომისიის მოქმედება მხარეთა მორიგების მიზნით
1. კომისიამ (სტრუქტურულმა ერთეულმა) ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მოდავე მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
2. კომისიას (სტრუქტურულ ერთეულს) შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.
3. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, კომისია (სტრუქტურული ერთეული) უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, საჯარო სხდომაზე დავის განხილვამდე, დანიშნოს დაინტერესებული მხარეების სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაზე სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დგება შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები.
4. საქმის მორიგებით დამთავრებისას მხარეებს შორის ფორმდება მორიგების შეთანხმება და ადმინისტრაციული საქმის წარმოება დავაზე წყდება. საწარმოს მიერ მორიგების შეთანხმებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავაზე იწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება.
5. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. განმცხადებელს შეუძლია უარი თქვას განცხადებაზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. კომისიას შეუძლია, არ დაეთანხმოს მხარეთა ასეთ მოთხოვნას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მორიგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზიანს აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
მუხლი 32🔗. სადავო საკითხის განხილვა გადაუდებელი აუცილებლობისას
1. სადავო საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც სადავო საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ან განსაკუთრებულ გარემოებათა გამო ამგვარმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პირის უფლებებს ან გამოიწვიოს მატერიალური ხარჯების გაზრდა ან სხვა მძიმე შედეგი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია სადავო საკითხზე სხდომა ჩაატაროს ამ წესების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.
მუხლი 33🔗. სხვა სახის სადავო საკითხზე კომისიის გადაწყვეტილება
1. განცხადების განხილვისას კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განცხადების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საწარმოსთვის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ;
გ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი გამოცხადებისთანავე, თუ მასში სხვა ვადა არ არის მითითებული, და იგი, გადაწყვეტილების ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნებათ/გადაეცემათ მხარეებს.
თავი VI. გასაჩივრების წესი
მუხლი 34🔗. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
სადავო საკითხზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საერთო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.