საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.01.2018
ძალის დაკარგვა 19.09.2018
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 იანვრის N4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 19.09.2018
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №4
2018 წლის 12 იანვარი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტატუსი, ანგარიშვალდებულება და სახელმწიფო კონტროლი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში –
სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.
2. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი, შტამპი, ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით, ასევე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
4. სააგენტოს გააჩნია ემბლემა –
ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ატრიბუტებზე.
5. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იქონიოს სპეციალური ტექნიკა განმასხვავებელი ნიშნით, სპეციალური ხმოვანი სიგნალით, სპეციალური შეფერილობითა და კავშირის სპეციალური საშუალებებით.
6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახური, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №83ა.
8. დაწესდეს მეხანძრე-მაშველის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 12 ივნისს.
მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციის, სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების პრინციპებს.
2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
თავი II
სააგენტოს უფლებამოსილება და ძირითადი ამოცანები
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას.
2. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება, ასევე ხანძართან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების კონტროლი.
3. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს − გუბერნატორს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
4. სააგენტო უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის დადგენის საერთო პრინციპების განსაზღვრაში და განახორციელოს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება.
5. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სააგენტოს საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვები და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, მის შენახვასა და ექსპლუატაციაზე კონტროლი.
6. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტო და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებასა და ორგანიზებას.
მუხლი 4🔗. სააგენტოს ძირითადი ამოცანები
სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების განხორციელების კოორდინირება და ორგანიზება;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაცია;
გ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ზომების შემუშავება - რეალიზება, რომლებიც მიმართულია ხანძრების პროფილაქტიკისა და დასახლებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეფექტურობის ამაღლებისკენ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა;
ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) საგანგებო სიტუაციების განვითარების დროს, საქართველოს მთავრობის განაცხადის ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო სამაშველო ძალებისა და ჰუმანიტარული დახმარებების მოთხოვნა, მათი მიღება და განაწილების კოორდინირება;
ზ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ორგანოების რეაგირების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის ორგანიზება;
თ) ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის სუბიექტების უფლებამოსილების და ორგანიზების საფუძვლების შემუშავება;
ი) ტექნიკური რეგლამენტების, ნორმების, წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავება.
თავი III
სააგენტოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 5🔗. სააგენტოს დირექტორი
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას, წყვეტს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ახორციელებს სააგენტოში შემავალი დანაყოფების საქმიანობის კონტროლს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს –
ბრძანებას;
დ) წარმოადგენს სააგენტოს სხვა პირებთან ურთიერთობაში, სააგენტოს მოსამსახურეებს უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) უზრუნველყოფს სააგენტოს შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამსახურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს და სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
თ) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ი) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;
ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსს ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს.
მუხლი 6🔗. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც სააგენტოს დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას სამსახურის უფროსის ან სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
3. სააგენტოს დირექტორის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომლებიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის ან/და სააგენტოს დირექტორის დავალების შესაბამისად, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სააგენტოს დანაყოფები
1. სააგენტოს ძირითადი დანაყოფებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფები;
ბ) სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფები;
გ) სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები.
2. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
გ) ფინანსების მართვის სამმართველო;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
ე) ლოჯისტიკის სამმართველო;
ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
ზ) ინსპექტირების სამმართველო;
თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო;
ი) სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო;
კ) ოპერატიული მართვის ცენტრი (სამმართველო);
ლ) განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო.
3. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფებია:
ა) თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;
გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოები იმ ქალაქებში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციები (შემდგომში –
სამხარეო სამმართველოები);
დ) მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო სამსახურები და განყოფილებები.
4. სააგენტოს სტრუქტურულ, ტერიტორიულ და სახელშეკრულებო დანაყოფებს ხელმძღვანელობენ დანაყოფების უფროსები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
5. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფების შექმნის და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენცია
ადმინისტრაციის უფლებამოსილებაა:
ა) სააგენტოში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების, ორგანიზება;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
გ) საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა დანიშნულებისამებრ;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მომზადებაში მონაწილეობა;
ე) სააგენტოში მომზადებული, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი ხასიათის ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა;
ზ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელ და მუნიციპალიტეტის ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;
ი) სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
კ) სააგენტოს დირექტორის და მისი მოადგილეების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 9🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენცია
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) ადამიანური რესურსების მართვის ღონისძიებების განხორციელება სამსახურის სისტემაში აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის ან/და სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
დ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;
ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება;
ზ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) დოკუმენტაციის მომზადება სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ი) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;
კ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება;
ლ) სააგენტოში მოსამსახურის სამუშაოდ მისაღები კონკურსის ორგანიზება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗. ფინანსების მართვის სამმართველოს კომპეტენცია
ფინანსების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკურ ანგარიშების შედგენა და წარდგენა;
ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ბუღალტრული აღრიცხვა-გაანგარიშების წარმოება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენცია
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) წლის მანძილზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად აუცილებელი ბაზრის კვლევის ჩატარება;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗. ლოჯისტიკის სამმართველოს კომპეტენცია
ლოჯისტიკის სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, მათი გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვის უზრუნველყოფა, ასევე მათი სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საჭირო ინვენტარით, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, საწვავით, სხვა მატერიალური საშუალებებით და საოფისე მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის ექსპლუატაციაში მიღება და მათი გამართული მუშაობის ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების მომარაგება მათი საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი სპეციალური საშუალებებით (მათ შორის, ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკები) უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენცია
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;
დ) სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის დანაყოფებში სატელეფონო და რადიოკავშირის საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, საინფორმაციო ბანკის შექმნა, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, გეოგრაფიულ კოორდინატებთან მიბმული მონაცემთა ბაზების და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე სპეციალური მეთოდიკის და პროგრამების შემუშავება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 14🔗. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენცია
ინსპექტირების სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;
ბ) მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრა და პრევენცია;
გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი, მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვა, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 15🔗. სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენცია
სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავება;
გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ მიერ შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;
დ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებსა და დაწესებულებებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგი და ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ზ) ბირთვული, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;
თ) ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობა;
ი) მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში;
კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება;
ლ) სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა;
მ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
ნ) საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე ინციდენტის ადგილზე, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის (სამაშველო, საავარიო-სამაშველო და ადამიანთა ძებნის სამუშაოები) ორგანიზებაში მონაწილეობა;
ო) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
პ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება და დირექტორისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;
რ) საქართველოში საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;
ს) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური დახმარება;
ტ) საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საგანგებო ვითარებების შეფასებაში მონაწილეობა, შესაბამისი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი, ბირთვული ავარიის შემთხვევაში დეზაქტივაციისა და მოსახლეობის სპეციალური დაცვის სხვა ღონისძიებათა ორგანიზება;
უ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საინჟინრო დამცავი ნაგებობების აღრიცხვა, მათი შენახვისა და ექსპლუატაციის მონიტორინგის განხორციელება;
ფ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ შესრულების კონტროლი;
ქ) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;
ღ) სასწავლო დაწესებულებების მიერ გამოსაყენებელი საგანგებო სიტუაციების პრევენეციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება;
ყ) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება და კონტროლი;
შ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საგანგებო სიტუაციების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის ბაზაზე ინფორმაციის ანალიზი და განზოგადება, საპროგნოზო მრავალწლიანი ნორმების მაჩვენებლების დაზუსტება და რისკების შეფასება;
ჩ) პირველადი რეაგირებისათვის სამაშველო ჯგუფების მომზადება და საგანგებო სიტუაციების ზონაში მათი მუშაობის ორგანიზება;
ც) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ექსპერტიზის ჩასატარებლად;
ძ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება;
წ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა და მათი საგანგებო სიტუაციების ზონაში მობილიზების უზრუნველყოფა;
ჭ) საავარიო-სამაშველო ქვედანაყოფების შექმნის მიზნით სპეციალისტთა მომზადება და საგანგებო სიტუაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი გამოყენების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ხ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სამაშველო რაზმების ჩამოყალიბებაში მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის დახმარების აღმოჩენა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 16🔗. სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს კომპეტენცია
სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზება და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) საქართველოში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
გ) რთული და დიდი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებების კოორდინირების უზრუნველყოფა;
დ) ხანძრის ჩაქრობის მორიგე ცვლებში არსებული ოპერატიული ვითარების კონტროლი, მორიგეობის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება, სააგენტოს უფლებამოსილი პირების განკარგულების საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების სამსახურის „გაძლიერებულ მზადყოფნაზე“ გადაყვანის ორგანიზება, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის მორიგე ცვლების მუდმივი მზადყოფნისა და დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზების უზრუნველყოფა;
ე) დადგენილი წესით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება;
ზ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის ტერიტორიულ, სახელშეკრულებო, მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებასა და განხორციელებისათვის დადგენილი წესის შესრულების, ასევე პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი;
თ) სამხარეო და ავტონომიურ დონეებზე ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა და ამ სიტუაციების ეროვნულ დონეზე გადასვლის საშიშროების შემთხვევაში, მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში რეაგირების შესაბამისი ხელმძღვანელისთვის წინადადებების და რეკომენდაციების დროულად მომზადება;
ი) ეროვნულ, ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეებზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმების შემუშავების და მათი რეალიზების ორგანიზება;
კ) ქვეყანაში მომხდარი რთული და ფართომასშტაბიანი ხანძრების შესწავლა და ანალიზი, ხანძრების წარმატებით ჩასაქრობად შესაბამისი პირობების შექმნისათვის შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის ტერიტორიულ, სახელშეკრულებო, მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის საკითხების კონტროლი;
მ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სახანძრო და სპეციალური ტექნიკის, სხვა მატერიალური საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების საკითხებზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში მონაწილეობა;
ნ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;
ო) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ წარმოდგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
პ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზების და განხორციელების სამართლებრივი, სარეკომენდაციო და მეთოდური დოკუმენტების, სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესისა და ორგანიზების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის გამოყენების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ჟ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობა და მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;
რ) ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების ორგანიზება და განხორციელება;
ს) სივრცითი მოწყობის და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობა, მათ შორის, იმ შეთანხმებების რეალიზების საკითხებში, რომლებიც შეეხება ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციასა და ჰუმანიტარულ რეაგირებას;
უ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ფ) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის ორგანიზება;
ღ) მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება და განხორციელება;
ყ) სახანძრო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშროლობა;
შ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება, ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი შეკრება და განზოგადება, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება.
მუხლი 17🔗. ოპერატიული მართვის ცენტრის (სამმართველო) კომპეტენცია
ოპერატიული მართვის ცენტრის (სამმართველო) უფლებამოსილებაა:
ა) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა უფლებამოსილი პირების შეტყობინებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ორგანოების სახანძრო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დანაყოფების ჩაბმა, დადგენილი წესის თანახმად;
გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
დ) საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება-გამოძახების გეგმის განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 18🔗. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს კომპეტენცია
განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფლებამოსილებაა:
ა) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული სამაშველო რეაგირება;
ბ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;
დ) სამმართველოს თანამშრომლების (მაშველები) მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. შესაბამისი სწავლების ჩატარება მაშველთა მომზადებისა და გადამზადების მიზნით;
ე) რეაგირების ძალების პირადი შემადგენლობის გადამზადების ორგანიზება, საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ვ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევაში მონაწილეობა;
ი) ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარება.
თავი V
სააგენტოს ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების კომპეტენცია
მუხლი 19🔗. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების კომპეტენცია
1. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების კომპეტენციას შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოადგენს:
ა) შესაბამის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის ორგანიზებასა და საქმიანობაში მონაწილეობა;
ბ) შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენით ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება;
გ) საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის კოორდინირება, სათანადო მმართველობის ორგანოებისათვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;
ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებების მიღების, გაგზავნისა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნის, ასევე მუნიციპალიტეტებისათვის დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გასანაწილებლად ჰუმანიტარული დახმარებების გადაცემის ორგანიზება;
ვ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება;
თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების, ასევე საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების ორგანიზება და განხორციელება;
ი) ხანძრის პროფილაქტიკის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, აგრეთვე ხანძრის დროს ადამიანების და ქონების გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და განხორციელება;
კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობა და მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;
მ) მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების მიზნით პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა;
ო)მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ობიექტებისათვის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
პ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვა, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ჟ) ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმისათვის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზება;
რ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;
ს) ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების სამუშაოების ორგანიზება;
ტ) საგანგებო სიტუაციების, ხანძრების და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისადმი ანგარიშგების წარმოება;,
უ) საქმისწარმოებასთან (მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება.
2. ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოები და სამხარეო სამმართველოები უზრუნველყოფენ:
ა) ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო სამმართველოების, სამსახურების და განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებას, კონტროლსა და მათთვის მეთოდური დახმარების აღმოჩენას;
ბ) რთული და ფართომასშტაბიანი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებების კოორდინაციას, აგრეთვე ხანძრების გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და შესაბამისი ანალიზისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას, ხანძრების წარმატებით ჩასაქრობად შესაბამისი პირობების შექმნისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სახელშეკრულებო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების მიზნით, პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლს.
3. სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურე (მაშველი) უფლებამოსილია, სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოიყენოს სპეციალური ვიდეოფიქსაციის საშუალება, აღნიშნულ სამუშაოთა მიმდინარეობის დაფიქსირების მიზნით.
მუხლი 20🔗. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები
1. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან ან/და საგანგებო სიტუაციისაგან დაცვას.
2. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები იქმნება ობიექტის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებში, პოტენციურად საშიშ ობიექტებში, ასევე ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობისა და მასობრივი თავშეყრის ობიექტებში.
3. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები საქმიანობას ახორციელებენ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების საფუძველზე.
თავი VI
სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 21🔗. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს ფუნქციების შესრულებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 23🔗. საკითხი, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამსახურის თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 24🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.