1. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების და მორიგი სხდომის დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 146-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებულ მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.

5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

6. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს და საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე.

7. დებატები იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ მუხლითა და რეგლამენტის მე-60-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევათ საკრებულოს წევრებს.

8. იმ შემთხვევაშიც თუ სხდომაზე მონაწილე თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 და მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლად თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.

9. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.

10. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამასთან, უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.

11. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მომხსენებლის (თანამომხსენებლის) თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.

12. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:

ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით;

ბ) ფრაქციული ინდექსაციით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);

გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.

13. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“ ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს.

14. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს, ნებისმიერ დროს, თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.

15. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გაუცვალოს სხვა წევრს რიგი. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა.

16. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.

17. პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს.

18. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს