„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08.08.2014წ.,010340000.32.061.016099) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე.“.

2. დებულების მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;“.

3. დებულების მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დეპარტამენტის მიზნებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;“.

4.   დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს დეპარტამენტს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე; 

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეს, წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) დადგენილი წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;

ი) უფლებამოსილია, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;

კ) წყვეტს სამართლებრივ დავას დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

ლ) დადგენილი წესით მთავრობაში შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს;

მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ)  კანონით დადგენილი წესით აჩერებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს;

ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს   დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას  დასამტკიცებლად;

პ) მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომებში;

ჟ) უფლებამოსილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;   

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს;         

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. დეპარტამენტი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.

3. დეპარტამენტის შემადგენლობაში არიან:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

4. დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი დეპარტამენტში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას.

6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი დეპარტამენტში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, დეპარტამენტის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.“.

6.  დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის ჩართულობით;“.

7. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“.

8. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის ჩართულობით;“.

9. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: 

ა) ადმინისტრაცია (სამმართველო):

ა.ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ბ) საქმისწარმოების განყოფილება.

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის  სამმართველო:

ბ.ა)  სამართალშემოქმედების განყოფილება;

ბ.ბ) სამართლებრივი დახმარების განყოფილება; 

გ)  ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:

გ.ა)  მოხელეთა შერჩევის, შეფასებისა და ინსპექტირების განყოფილება.“.

10. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. ადმინისტრაცია, დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად:

ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევას;

ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სხვა დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობას;

ა.გ) აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობასა და შედეგების ანალიზს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას;   

ა.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;

ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ა.ვ) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებას;

ა.ზ) დეპარტამენტის ვებგვერდის პერიოდული განახლების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ვებგვერდზე განთავსების, დეპარტამენტის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას;

ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წარმართვას;

ა.ი) სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოებას; 

ა.კ) დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკასა და გამართულ მუშაობას;

ა.ლ) დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას;

ა.მ) შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზებას;

ა.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ბ)  საქმისწარმოების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ბ.ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას, ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;

ბ.ბ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ბ.გ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

ბ.დ) საქმისწარმოების ორგანიზებას, რაც მოიცავს: დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას; კორესპონდენციების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს; ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; სხდომების საოქმო წარმოებას;

ბ.ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;

ბ.ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიული გამოქვეყნებას;

ბ.ზ) „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარქივო დაწესებულებათა წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდიკური აქტების შესაბამისად არქივის მუშაობის ორგანიზაციას;

ბ.თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;

ბ.ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

11. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად:

ა) სამართალშემოქმედების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ა.ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან შესაბამისობის შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების წარდგენას;

ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;

ა.დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას;

ა.ე) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ა.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობას;

ა.ზ)  ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;

ა.თ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ა.კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ბ) სამართლებრივი დახმარების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ბ.ა) დეპარტამენტის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

ბ.ბ) საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების გატარებას;

ბ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას;

ბ.დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვას;

ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობას;

ბ.ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

12.  დებულების მე-13  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 13

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანებია: 

ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;           

ბ) დეპარტამენტის  ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

გ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება;

დ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ე) დეპარტამენტში სტაჟიორების (პრაქტიკანტების) შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების (პრაქტიკის) გავლის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;

ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;

თ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების გარდა, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ მოხელეთა შერჩევის, შეფასებისა და ინსპექტირების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზებას;

ბ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობას;

გ) მოხელეთა სამუშაო აღწერილობების პროექტების მომზადებას;

დ) მოხელის დაწინაურებისა და გადაადგილებისას მის მიერ შესრულებული დოკუმენტური მასალის, კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატის შერჩევასა და წარდგენას;

ე)  მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებაში ჩართულობასა და მონაწილეობას;

ვ) მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადების წარდგენას;

ზ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებასა და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

თ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალების საფუძველზე დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენას;

ი) მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და დახვეწას.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.“.

13. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.  დეპარტამენტის ბუღალტრის ფუნქციებია:  

ა) დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

ბ) დეპარტამენტის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირება;

გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დეპარტამენტის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულება;

დ) დეპარტამენტის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება, ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენა;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ზ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოება;

თ) ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაცია და კონტროლი;

ი) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დამატებული ვალდებულების, მოთხოვნის, განაცხადის, ხელშეკრულების დამოწმება;

კ) დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების მიღება და აღრიცხვა;

ლ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი სატენდერო კომისიისათვის გაცნობა, ოქმებისა და წერილების მომზადება, ასევე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.“;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-9-მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების მე-9-მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 5 მარტიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია