1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში.

2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) დაწესებულების პერსონალი –
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) კლასტერი –

საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;

გ) ადმინისტრაციული პერსონალი –

პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;

დ) სტრატეგიული მართვა –

დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა –

დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;

ვ) მატერიალური რესურსის მართვა –

დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;

ზ) ადამიანური რესურსის მართვა –

დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;

თ) საგანმანათლებლო პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;

ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი –

აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);

კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);

ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი –

პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

მ) ტექნიკური პერსონალი –

პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;

ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი –

პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;

ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;

პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;

ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;

რ) მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში);

ს) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;

ტ) თემი –

ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.

თავი IIდაწესებულების პერსონალის შემადგენლო