თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №2/2066-18 შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/2066-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2018 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლომ
მოსამართლე მაია სვიანაძე
განმცხადებელი: შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგური“ (ს/კ 227719868);
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ წარმომადგენლის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 17 ოქტომბერს, შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ მიმართ გადაახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საზოგადოების უზრუნველყოფილი კრედიტორი არის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 11 320.63 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” ცნობის მიხედვით, შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება UAZ 3962, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ACU-256. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ამორტიზებულია და მისის ნარჩენი ღირებულება 5 000 ლარს არ აღემატება. შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგური“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. დღევანდელი მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, საწარმოს აქტივები არ გააჩნია და არ შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნები. განმცხადებლის განმარტებით გაკოტრების საქმის წარმოების დაყოვნების შემთხვევაში მხოლოდ გაიზრდება ვალდებულებები, ამიტომ იგი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალურ სადგურს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალურ სადგურს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ (ს/კ 227719868) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ (ს/კ 227719868) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე