შპს „თემოს“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/35739-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/35739-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2018 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

განმცხადებელი: შპს „თემო“, ს/კ 430030236

წარმომადგენელი: გიორგი ზედგენიძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ განიხილა შპს „თემოს“ წარმომადგენლის გიორგი ზედგენიძის განცხადება გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ და

 

გამოარკვია:

2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თემოს“ წარმომადგენელმა გიორგი ზედგენიძემ და საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს „თემო“ დაფუძნდა 2015 წლის 12 თებერვალს და საზოგადოების პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელია ციალა თაბაგარი. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საზოგადოებას აქვს აღიარებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 187 297.19 ლარის ოდენობით, რასაც ყოველდღიურად ერიცხება 0.06% საურავი. აღნიშნულის გამო, კომპანიის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განმცხადებლის განმარტებით, კომპანიას ჰყავს კრედიტორები, რომელთა მიმართაც რსებული დავალიანება შეადგენს 70 517.62 ლარს. ამასთან, საწარმოს ფულადი სახსრები არ გააჩნია, მის სახელზე არ ირიცხება არც უძრავ-მოძრავი ქონება ან რაიმე სხვა სახის მატერიალური აქტივი. საწარმო აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ შპს „თემოს“ დავალიანება შეადგენს 187 297.19 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „თემოს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, შპს „თემოს“ დაევალა სასამართლოსთვის ა) 5 000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი საბუთის, ბ) ვალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და გ) კრედიტორების  მისამართების წარმოდგენა.

2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თემოს“ წარმომადგენელმა გიორგი ზედგენიძემ, დააზუსტა მოთხოვნა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით შპს „თემოს“ 2017 წლის 29 დეკემბრის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსთვის შპს „თემოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების წარმოდგენა. 2018 წლის 18 იანვარს, განმცხადებლემა შეავსო ხარვეზი (ს.ფ. 105).

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ არ არსებობს გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „თემოს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული პირველი მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „თემოს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა. მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი და ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება, ვერ მოხება ასევე მეურვის სავალდებულო ანაზღაურებაც.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. შპს „თემოს“, საიდენტიფიკაციო ნომერი 430030236, უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორი არ შეიტანს განცხადებას სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                                          ვერა დობორჯგინიძე