საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2018
ძალის დაკარგვა 31.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016710
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№18
2018 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომში – „112“) არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. „112“-ის სრული დასახელებაა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“. „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: სსიპ – „112“ ან/და „112“.
3. „112“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. „112“ დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. „112“ ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. „112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი, ბლანკი, სიმბოლიკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის ელექტრონული სისტემა.
8. „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა.
9. „112“-ის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ლისის ქ. №1ა.
მუხლი 2🔗.
„112“-ის მიზნები და ფუნქციები
1. „112“-ის მიზნებია:
ა) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ერთიანი სატელეფონო ნომრის – „112“-ის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით შეტყობინების მიღება, დამუშავება, შეფასება და რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
2. „112“-ის ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის, სამართალდარღვევების, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურების გაწევის და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
დ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და პირისთვის აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
ე) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში „112“-ისათვის შეტყობინებისა და შესაბამისი მოქმედების განხორციელების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობის უზრუნველყოფა;
თ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;
ი) სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
„112“-ის ხელმძღვანელობა
1. „112“-ს ხელმძღვანელობს „112“-ის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს „112“-ის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დირექტორი:
ა) ახორციელებს „112“-ის მართვას, მოქმედებს „112“-ის სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს „112“-ის სახელით;
ბ) უზრუნველყოფს „112“-ზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“-ის სახსრებსა და ქონებას;
დ) ახორციელებს „112“-ის სტრუქტურული ერთეულებისა და „112“-ის მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „112“-ის მოსამსახურეებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს „112“-ის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას „112“-ის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ის მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს „112“-ის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
მ) ამტკიცებს „112“-ის ბიუჯეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ამტკიცებს „112“-ის შინაგანაწესს;
ო) ამტკიცებს „112“-ის მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;
პ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
5. დირექტორი ანაწილებს მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს.
6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
მუხლი 4🔗.
„112“-ის სტრუქტურა
1. „112“ თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. „112“- ის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული მართვის სამმართველო:
ა.ა) თბილისის ცენტრი (სამსახური);
ა.ბ) რუსთავის ცენტრი (სამსახური);
ბ) ადმინისტრაცია (სამსახური);
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური:
გ.ა) სასწავლო ცენტრი (განყოფილება);
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამსახური;
ე) ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური;
ვ) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური:
ვ.ა) ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება);
ზ) ინსპექტირების სამსახური.
მუხლი 5🔗.
„112“-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. „112“-ის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; უზრუნველყოფს სტრუქტრული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ვ) დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. „112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
მუხლი 6🔗.
ოპერატიული მართვის სამმართველოს ფუნქციები
1. ოპერატიული მართვის სამმართველო:
ა) დაკავშირების სხვადასხვა არხით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შეფასებას;
ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებების მართვის მიზნით უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას;
დ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებს უწევს პირველად კონსულტაციას;
ე) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვას, ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამუშაო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და მისი გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;
თ) უზრუნველყოფს თბილისისა და რუსთავის ცენტრების საქმიანობის კოორდინაციას;
ი) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. თბილისის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ადმინისტრაციის (სამსახური) ფუნქციები
ადმინისტრაცია (სამსახური):
ა) უზრუნველყოფს „112“-ის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას;
ბ) უზრუნველყოფს „112“-ის წარმომადგენლობას სასამართლოში;
გ) ახორციელებს საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) ახორციელებს „112“-ში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;
ე) ახორციელებს საჯარო ინფორმაციის გაცემას და პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით „112“-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;
ზ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე უზრუნველყოფს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საორგანიზაციო საკითხებს;
ი) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციები
1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს „112“-ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრას და მის განხორციელებას;
ბ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს ადამიანური რესურსების მოზიდვას, შერჩევას, დანიშვნისა და დაქირავების პროცესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოფს საკადრო რეზერვის შექმნას;
დ) განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს ადამიანური რესურსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით (სამუშაოს შეფასებისა და მოტივაციის სისტემები);
ე) კოორდინაციას უწევს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების, შინაგანაწესის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავების პროცესს;
ვ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის ამუშავებს შესაბამის მონაცემებს, აწარმოებს „112“-ის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზებს;
ზ) ხელს უწყობს „112“-ის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სასწავლო ცენტრი (განყოფილება):
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს „112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს და უზრუნველყოფს სასწავლო მოდულების შემუშავებას, დაგეგმვას და ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს ოპერატორისა და დისპეტჩერის პოზიციაზე მისაღებ კანდიდატთა საბაზისო მომზადების სპეციალური კურსის ჩატარებას და სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვას;
გ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად სასწავლო კურსების ეფექტიანობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) „112“-ის მოსამსახურეებისთვის ან/და მისაღები კანდიდატებისთვის შეიმუშავებს კითხვარს, ტესტს, დამხმარე სასწავლო მასალას, უზრუნველყოფს მათ გამოყენებას/ჩატარებას და შედეგების შეფასებას;
ე) კონსულტაციას უწევს „112“-ის მოსამსახურეებს სტრესის მართვის, ეფექტიანი კომუნიკაციის ან/და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამსახურის ფუნქციები
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს „112“-ში ძირითადი სისტემისა და სატელეფონო კავშირის პროგრამულ დანერგვასა და განვითარებას;
ბ) ახორციელებს „112“-ის კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, უსაფრთხოებას და გარე შეჭრისგან დაცვას, გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზის დროულ აღმოფხვრას;
გ) უზრუნველყოფს „112“-ის ქსელური მოწყობილობის მართვას;
დ) ორგანიზებას უწევს „112“-ის მოსამსახურეთათვის შესაბამისი პროგრამის შეძენას და ინსტალაციას;
ე) უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის (რადიო) სისტემის მართვასა და კონტროლს;
ვ) „112“-ის ადმინისტრაციული შენობებისა და სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიზნით უზრუნველყოფს თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობების მოძიებას და „112“-ში დანერგვას;
ზ) უზრუნველყოფს „112“-სა და მესამე პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მათ ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას;
თ) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას;
ი) „112“-ის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფს „112“-ის მიერ ინიციირებული პროექტების პროგრამულ-ტექნიკურ მხარდაჭერასა და განვითარებას;
კ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗.
ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციები
ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური:
ა) სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს „112“-ის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენას;
ბ) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, სამუშაო პროცესის ანალიზსა და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
გ) მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და სამუშაო პროცესების ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოფს პროექტების ინიციირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფს „112“-ში არსებული სერვისების გაუმჯობესებას და ახალი სერვისების შექმნას;
ე) ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის მოძიებას და შესწავლას;
ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;
ზ) კომპეტენტიის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან „112“-ის წარმომადგენლობას;
თ) უზრუნველყოფს „112“-ის იმიჯის შექმნასა და ამაღლებას;
ი) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას;
კ) „112“-ის საჭიროებათა გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებსა და კამპანიებს;
ლ) ახორციელებს „112“-ის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვას;
მ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობას, საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗.
საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციები
1. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური:
ა) წარმართავს „112“-ის საფინანსო-ეკონომიკურ, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს „112“-ის ფინანსური და მატერიალური სახსრების ეფექტიან მართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეიმუშავებს „112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;
ე) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს;
ვ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ი) ახორციელებს „112“-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
კ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე მონიტორინგს და დაცვას;
ლ) ახორციელებს „112“-ის მომარაგების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება):
ა) უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს „112“-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომებზე სატრანსპორტო საშუალებათა განთავსებას/შენახვას;
გ) უზრუნველყოფს „112“-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“-ის ევაკუატორით მომსახურების სერვისით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობას;
ე) ევაკუატორით მომსახურების სერვისის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის წარმოებას და მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗.
ინსპექტირების სამსახურის ფუნქციები
ინსპექტირების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ზედამხედველობას და საჭიროებისამებრ სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასებას, აგრეთვე შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ბ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას;
გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას და შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებას;
დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს კორესპონდენციას შესაბამის ორგანოებთან;
ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს „112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების შესახებ;
ვ) „112“-ის მოსამსახურეთა წახალისების მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;
ზ) კონტროლს უწევს „112“-ის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;
თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13🔗.
„112“- ის ქონება
1. „112“-ს გააჩნია ქონება, რომელიც მისთვის გადაცემულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია „112“-ის მიერ.
2. „112“-ის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსი.
მუხლი 14🔗.
„112“-ის დაფინანსება
„112“-ის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ) „112“-ის მომსახურების საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 15🔗.
„112“-ის სახელმწიფო კონტროლი
1. „112“-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს „112“-ის საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს „112“-ის უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულება.
3. „112“-მა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე „112“-ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები „112“-ის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. „112“ აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 16🔗.
საბუღალტრო ანგარიშგება
„112“ ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 17🔗.
„112“-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
„112“-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.