დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2018
ძალის დაკარგვა 30.06.2025
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.06.2025
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2018 წლის 20 თებერვალი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება, დანართი №1-ს შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, პროექტების მართვას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებასა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახურის მისამართია ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების მომზადებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო ფონდებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიზნობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობას;
ე) საგრანტო კონკურსებში მუნიციპალიტეტის მონაწილეობას, საგრანტო წინადადებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
მ) მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში რეკომენდაციების წარდგენას;
ნ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებას;
ო) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
პ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან:
ა) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური, ეკონომიკის განვითარებისა დაგეგმვისა და სტატისტიკის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით წინადადებების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ვ) ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური პროექტების მართვის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, საგრანტო წინადადებების და მასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, მის მართვას, მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) პროექტის ფარგლებში დაინტერესებული პირების და პარტნიორების გამოვლენას და მათთან თანამშრომლობის წარმართვას;
გ) მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების ამსახველი ყოველდღიური ანგარიშის მომზადებას და შესაბამის უწყებებში გაგზავნას;
დ) პროექტებთან დაკავშირებული საჭირო მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფროსს.
მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 11🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.