საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 07.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №05/01
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.03.2005
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №05/01
2018 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/42 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ (შემდგომში – ანსამბლი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის” უფლებამონაცვლეს.
2. ანსამბლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. ანსამბლის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი”.
4. ანსამბლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ, №103.
მუხლი 2🔗.
ანსამბლის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ფოლკლორის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია:
ა) ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის, პროფესიული მუსიკის, ქორეოგრაფიის, საკრავიერი მუსიკის მოძიება, კვლევა, შესწავლა და შესრულება;
ბ) შემოქმედებით-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება (კერძოდ: ფოლკლორის სხვადასხვა დარგის მიმართულებით მოსამზადებელი, სასწავლო სტუდიების, ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება);
გ) ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, საკონცერტო საქმიანობის, ფესტივალების, კონკურსების, ხალხური შემოქმედების ხელშემწყობი პროექტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება/განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3. ანსამბლს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმართოს შემოქმედებითი საქმიანობა, ასევე დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნების შესრულებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ანსამბლის დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლის ხელმძღვანელობას ახორციელებს ანსამბლის აღმასრულებელი დირექტორი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. ანსამბლის აღმასრულებელ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 4🔗.
ანსამბლის აღმასრულებელი დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. ანსამბლის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს;
დ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ე) კანონით დადგენილი წესით ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით განაგებს და განკარგავს ანსამბლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელფასო დანამატი და სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
თ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
2. აღმასრულებელ დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) სამეურვეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
ე) მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 5🔗.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი
1. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას;
ბ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;
გ) განსაზღვრავს ანსამბლის შემოქმედებით პრიორიტეტებს და მიმართულებებს;
დ) სამეურვეო საბჭოს წარუდგენს სტუდია „მართვეს“ სასწავლო პროგრამას დასამტკიცებლად;
ე) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ვ) წლის განმავლობაში სამეურვეო საბჭოს აცნობებს წერილობით ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ.
მუხლი 6🔗.
ანსამბლის სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები
1. სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღმასრულებელი დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის საქმიანობას.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი შემადგენლობიდან.
4. სამეურვეო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მხარს უჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. მიღებულ გადაწყვეტილებას საბჭო აფორმებს წერილობით, რომელსაც ხელს აწერს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და 5 დღის ვადაში წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს.
6. სამეურვეო საბჭოს ჰყავს საბჭოს არაწევრი მდივანი, რომელიც ადგენს ოქმს და მიღებულ გადაწყვეტილებას.
7. სამეურვეო საბჭო:
ა) შეიმუშავებს ანსამბლის შემოქმედებით სტრატეგიას, განსაზღვრავს მთავარ პრიორიტეტებს და მიმართულებებს;
ბ) ითანხმებს ანსამბლის ბიუჯეტის პროექტს და აღმასრულებელი დირექტორისგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
გ) განიხილავს ანსამბლის რეორგანიზაციის საკითხებს, ითანხმებს ანსამბლის დებულების ცვლილებების პროექტს;
დ) განიხილავს ანსამბლის საქმიანობისათვის დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს მინისტრს.
8. სამეურვეო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
9. სამეურვეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სამეურვეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
ანსამბლის ქონება
1. ანსამბლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ანსამბლს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი, რაც გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ანსამბლს მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ანსამბლის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8🔗.
ანსამბლის დაფინანსების წყაროები
1. ანსამბლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) ანსამბლის მიერ ბილეთებისა და აბონემენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ვ) სტუდია „მართვეს“ მოსწავლეთა მიერ გადახდილი სწავლების საფასური;
ზ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
თ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად;
ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ანსამბლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ანსამბლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 9🔗.
ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ანსამბლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ანსამბლი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს (სამინისტროს).
3. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗.
ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ანსამბლის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება წინამდებარე დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ანსამბლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗.
ანსამბლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ანსამბლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წინამდებარე დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.