სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2018 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ,
საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი – 200261199
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ და შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს „ევროელექტრონიქსი+“-ს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის შპს „ევროელექტრონიქსი +“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. განჩინებით დადგინდა, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოს არ მიმართავდა, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება – გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, შპს „ფრანკე კავკასუსსა“ და „დაჩი 2006“-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2017 წლის 1 სექტემბერს.
2017 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ს ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 109 612 ლარის ოდენობით. 2015 წლის 17 სექტემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომლის თაობაზეც საწარმოს ეცნობა 2015 წლის 1 ოქტომბერს. განმცხადებლის მითითებით, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის დირექტორისთვის ცნობილი იყო რა 2015 წლის სექტემბრის პერიოდში მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია, მან თავისი 100%-იანი წილობრივი თანამონაწილეობით დააფუძნა ახალი საწარმო – შპს „რაჭა“ (ს/კ400149362) და საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 16 სექტემბერს, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება გადაფორმდა შპს „რაჭაზე“. 2017 წლის 17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი შპს „ევროელექტრონიქსი+“-ისა და შპს „რაჭას“ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიერ შპს „რაჭას“ დაფუძნება მიზნად ისახავდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ კრედიტორისთვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახური შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი საპროცესო ხარჯის გადაუხდელობის გამო და განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა მითითებული ხარვეზის შესავსებად.
2017 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში ფოსტის მეშვეობით შემოვიდა შემოსავლების სამსახურის განცხადება ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაგრძელდა განჩინების განმცხადებლისთვის გადაცემიდან 14 დღით. აღნიშნული განჩინება შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2017 წლის 30 ნოემბერს.
2017 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მომართა შემოსავლების სამსახურმა და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება ვერ ხერხდება და ითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება14 დღით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღით. აღნიშნული განჩინება შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2017 წლის 25 დეკემბერს.
2018 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და განმარტა, რომ შეცდომით მოხდა გადახდის დანიშნულების გრაფაში ადრესატის მითითება, რის გამოც ითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით ვადის გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღით. აღნიშნული განჩინება შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2018 წლის 15 იანვარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 1 თებერვალს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლის სახით, ხოლო 2018 წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა იმავე გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით დამოწმებული ასლი (ს.ფ 70-73).
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასა და მასზე თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2. შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ს, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 18 აპრილს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, დარბაზში №9.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
11. დაევალოს მეურვეს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა არაუგვიანეს 2018 წლის 16 მარტისა.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე