შპს „სანზონა ჰაუსის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4687-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/4687-18 (330210318002305628)

 გ

 საქართველოს სახელით  კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების  წარმოებაში

მიღების თაობაზე

 2018 წლის 12 მარტი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი

  განმცხადებელი (კერძო საჩივრის ავტორი) შპს „სანზონა ჰაუსი“

წარმომადგენელი ბადრი ლომთათიძე, ნათია ბაღბაია

მოთხოვნა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

საკითხები, რომელზედაც მიღებულია განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი :

2018 წლის 14 თებერვალს, შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენლებმა, ბადრი ლომთათიძემ და ნათია ბაღბაიამ, განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს „სანზონა ჰაუსის“ მიმართ, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულ განცხადებაზე 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების მ იზნით, 2018 წლის 22 თებერვალს, შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენელმა ნათია ბაღბაიამ განცხადებით მომართა სასამართლოს. 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განმცხადებელს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებლის მიერ 06.03.2018 წელს შემოტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა, განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 კერძო საჩივარი მოტივირებულია შემდეგი საფუძვლებით:

შპს „სანზონა ჰაუსი“ ქ.თბილისში, გურამიშვილის ქ.N64-ში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, 2016 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 1 255 455,86 ლარი დღგ-ს გარეშე, ამავე ხელშეკრულების თანახმად შპს „სანზონა ჰაუსს“, მიწის ნაკვეთზე უფლება გადაეცემოდა შპს „კოლხეთი გრუპისათვის“ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდგომ, თუმცა ნასყიდობის ფასი ფინანსური პრობლემების გამო არ იქნა გადახდილი.

 ფინანუსრი აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, შპს „კოლხეთი გრუპი“ არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორი. ამასთან შპს „სანზონა ჰაუსი“ მშენებლობას ახორციელებდა არა შპს „კოლხეთი გრუპის“ სასარგებლოდ, არამედ თავისთვის, საკუთარი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, შემდგომში აშენებული შენობის ბინებად მესამე პირებზე რეალიზაციის მიზნით. ამდენად ზემოთხსენებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს შენობა არის შპს „სანზონა ჰაუსის“ ბალანსზე, როგორც აქტივი, განსაზღვრული თანხით/მოცულობით, რომლის განკარგვა/გადაცემა მესამე პირისათვის, მათ შორის არც შპს „კოლხეთი გრუპისამდი“ არ განხორციელებულა, შესაბამისად შპს „კოლხეთი გრუპი“ არ არის შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორი.

ქ.თბილისში, გურამიშვილის ქ.64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი დღემდე შპს „კოლხეთი გრუპის“ საკუთრებაშია, შესაბამისად შპს „სანზონა ჰაუსი“ მოკლებული იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ადასტურებდეს ხსენებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ მშენებარე შენობა-ნაგებობაზე შპს „სანზონა ჰაუსის“ საკუთრების უფლებას, შეიძლება იყოს მხოლოდ: ა) საქონლისა და ნედლეულის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბ) შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტები, რომელთა მიხედვით დასტურდება განმცხადებლის მიერ, შპს „კოლხეთი გრუპის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფაქტი.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებას, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებას და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

  სამოტივაციო ნაწილი :

 კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კანონის მე-9 მუხლის ,მეორე ნაწილის თანახმად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება. ამავე კანონის მე-9 მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი კერძო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით და მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „სანზონა ჰაუსის“კერძო საჩივარის დაკმაყოფილების და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები, ვინაიდან კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და მასზე დართული დოკუმენტების წარმოდგენის შედეგად, განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-9, მე-14, მ ე-17, მე-19, მე-20, 21-ე 25-26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

:

1. დაკმაყოფილდეს შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.ნ. 405161854) კერძო საჩივარი.

2 გაუქმდეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

3. შპს ,,სანზონა ჰაუსის” (ს.ნ.405161854) განცხადება მიღებული იქნეს წარმოებაში.

4.მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.

5. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

7. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება;

9. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

10. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

11. გაგრძელდეს მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი.

12. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

13. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №20 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

14. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.

15. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

  მოსამართლე ზაალ მარუაშვილი .