სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2018
ძალაში შესვლა 13.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016498
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-16/ნ
2018 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ
სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის პროცედურის დარეგულირების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 25 სექტემბრის №358/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი
სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესი
1. მელოგინე მშობიარობის შემდგომი პერიოდისა და ახალშობილი ადრეული ნეონატალური პერიოდის გაურთულებელი მიმდინარეობისას, გაწერილ უნდა იქნენ მშობიარობიდან მე-3-4, ხოლო საკეისრო კვეთის შემთხვევაში – მე-4-5-6 დღეს (გართულებულ შემთხვევაში გაწერა ხდება მელოგინის და/ან ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავს ინდივიდუალურად მკურნალი ექიმი). ამასთან, ბავშვის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს:
ა) ბავშვის სხეულის მასა ≥2000გ, არ საჭიროებს ანტიბაქტერიულ თერაპიას და ვიტალური მაჩვენებლების მონიტორინგს უკანასკნელი 48 სთ-ის განმავლობაში;
ბ) ახალშობილის მასის ფიზიოლოგიური კლება ნორმის ფარგლებშია ან სახეზეა ბავშვის მასის მატება;
გ) ბავშვი იმყოფება სრულ ენტერალურ კვებაზე (საწოვარით ან ძუძუთი კვება);
დ) თერმოსტაბილურია (არ საჭიროებს გამათბობლიან საწოლს).
2. სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) გაწერამდე ნეონატოლოგი თითოეულ პალატაში უნდა გაესაუბროს მელოგინეებს სახლის პირობებში ბავშვის მოვლისა და კვების შესახებ, მორიგე ექთანი კი ვალდებულია, დამატებით დაამუშაოს და ხელახლა ჩააცვას ბავშვს პალატაში. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში, ჯანდაცვის პერსონალი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ,,სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვის მიტოვების პრევენციის სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №01-129/ო ბრძანებით (შემდგომში – მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №01-129/ო ბრძანება) დამტკიცებული ინსტრუქციით.
3. გაწერის წინ, ახალშობილის ექთანი დედის (ან მეურვის) თანდასწრებით აცმევს ბავშვს ტანსაცმელს და დედას (მეურვეს) აცნობს სახელის, გვარის, სქესის და წონისა/სიმაღლის შესახებ ჩანაწერებს სამაჯურებზე (რომელთაც პერინატალური სერვისების მიმწოდებლ სამედიცინო დაწესებულებებს გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)).
4. ახალშობილის სამშობიარო სახლიდან გაწერის წინ ექიმი ნეონატოლოგი და ახალშობილის ექთანი ახალშობილის სამედიცინო ისტორიაში აფიქსირებს კანის და ხილული ლორწოვანი გარსების, ჭიპლარის ტაკვის მდგომარეობას და აღნიშნულ ჩანაწერს აცნობს დედას (მეურვეს). ხსენებული ჩანაწერი უნდა დადასტურებულ იქნეს ახალშობილის ექთნისა და დედის (მეურვის) ხელმოწერით.
5. დაწესებულების მეან-გინეკოლოგი და ნეონატოლოგი ვალდებულნი არიან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში – ფორმა №IV-100/ა (შემდგომში – ცნობა) აღნიშნონ ძირითადი მონაცემები დედისა და მისი ახალშობილის შესახებ: ორსულობისა და მშობიარობის ანამნეზი, დაბადებისას ახალშობილის შეფასება აპგარის შკალის მიხედვით, დაბადების მასა და სიგრძე, სამშობიარო დარბაზში განხორციელებული პირველადი რეანიმაციული დახმარება (ასეთი საჭიროების შემთხვევაში). ნეონატოლოგის მიერ დამატებით მიეთითება ადრეული ადაპტაციის პერიოდში მიმდინარე თავისებურებები: ჭიპლარის მოვარდნის თარიღი და დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჭიპლარის ტაკვის მდგომარეობა, სხეულის მასა გაწერისას, სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული ვაქცინაციის (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, ბცჟ ვაქცინა და სხვ.) შესახებ (თარიღის, ვაქცინის სერიის და დოზის მითითებით). თუ არ განხორციელებულა ვაქცინაცია, მიეთითოს მიზეზები. ექიმი ვალდებულია, ცნობაში სრულყოფილად ასახოს ინფორმაცია, ასევე, ჩატარებული სკრინინგ-ტესტების (სმენის, გულის თანდაყოლილი მანკის, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპოთირეოზზე და სხვა) და მათი შედეგების შესახებ.
6. ცნობაში ფიქსირდება ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საყურადღებოა მელოგინისა და ახალშობილის გაწერის შემდგომი მონიტორინგისა და მართვისთვის:
ა) მელოგინის ჰიპოლაქტაციის შემთხვევაში ეს მდგომარეობა აღინიშნება ცნობაში და მიეთითება რეკომენდაცია ლაქტაციის გაუმჯობესების თაობაზე;
ბ) სამშობიარო ტრავმის, ბავშვის დაავადების/პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში, ცნობაში აისახება არა მხოლოდ დიაგნოზი, ბავშვის გამოკვლევის მონაცემები და ინფორმაცია ჩატარებული მკურნალობის შესახებ, არამედ მიეთითება, ასევე, რეკომენდაციები ბავშვის შემდგომი მართვის, კვების, სამკურნალო ღონისძიებათა თაობაზე;
გ) სამედიცინო დაწესებულების პერსონალის მიერ, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პარალელურად, მელოგინის და ასევე ახალშობილის შესახებ ინფორმაციის შეტანა უნდა მოხდეს ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში სრულყოფილად (სისტემაში განსაზღვრული შესაბამისი ველების და ვალიდაციების გათვალისწინებით) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ამასთან:
გ.ა) ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში უნდა მიეთითოს ინფორმაცია დედისა და ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ, სადაც გაწერიდან მინიმუმ 2 კვირის მანძილზე შესაძლებელია იმყოფებოდნენ;
გ.ბ) ასევე იმ სამედიცინო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც გეგმავენ (მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადმოცემით) ბავშვის დარეგისტრირებას/მიმაგრებას მომავალში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.
7. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა – ფორმა №103/ს-84, ელექტრონული შეტყობინების სახით, სამედიცინო დაწესებულების მიერ ბავშვის დაბადებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც აღნიშნული ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე ახორციელებს ბავშვის დაბადების რეგისტრაციას და გასცემს დაბადების მოწმობას:
ა) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობიდან გამომდინარე დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის ელექტრონულად წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ ივსება ცნობა მატერიალური ფორმით, „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ-№173 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული N3 დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აღნიშნული მატერიალური ცნობა გადაეცემა ბავშის მამას ან კანონიერ წარმომადგენელს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარსადგენად;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილს არ ჰყავს მამა ან კანონიერი წარმომადგენელი, საკითხი გადაწყდება ამ წესის 21-ე პუნქტის შესაბამისად.
8. ბავშვის მამა ან მშობლის კანონიერი წარმომადგენელი დაბადების მოწმობის აღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობას საკუთარ პირადობისა და ქორწინების მოწმობასთან (ბავშვის მამასთან დედის კანონიერ ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში) ერთად (აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება როგორც მშობიარის, ასევე ახალშობილის სამედიცინო დოკუმენტაციაში).
9. მელოგინისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ხორციელდება გადაყვანა (რეფერალი) პერინატალური სერვისის შესაბამისი დონის დაწესებულებაში „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით (შემდგომში – მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანება) განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
10. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სტაციონარში გადაყვანის (რეფერალის) საჭიროებისას, თუ მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები უარს აცხადებენ ახალშობილის სტაციონარში გადაყვანაზე, მისი გაწერა ხდება ბინაზე მშობლების/კანონიერი წამომადგენლის პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, მათივე ხელწერილის საფუძველზე. ხელწერილი უნდა ინახებოდეს ახალშობილის სამედიცინო ისტორიაში. აღნიშნულ შემთხვევაში, ბავშვის გაწერა განხორციელდება კონკრეტული ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში ბავშვის დარეგისტრირებისა და ცნობის წარდგენის თაობაზე დაწესებულებიდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
11. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სტაციონარში გადაყვანის (რეფერალის) საჭიროებისას, როცა გადაყვანის (რეფერალის) გარეშე გარდაუვალია ბავშვის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ მისი მშობლები/კანონიერი წარმომადგენელი აღნიშნულის წინააღმდეგია, დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
12. დედა, ლოგინობის ხანის გართულებისას, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, რეფერალური სისტემით გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში ჯანმრთელი ახალშობილი, ეწერება ბინაზე პირველ პუნქტში განსაზღვრული ვადის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაყვანას (რეფერალს) დაქვემდებარებული მელოგინე მარტოხელაა და ახალშობილს არ ჰყავს დედის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი, დაწესებულება ახალშობილის თაობაზე ინფორმაციას გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) ან მის ტერიტორიულ ერთეულს, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით (შემდგომში – მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება) განსაზღვრული წესით.
13. მელოგინე და ახალშობილი, ამ ბრძანების მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, დაწესებულებიდან ეწერებიან ერთად.
14. მელოგინის და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, სამედიცინო დაწესებულების განყოფილების/სამსახურის გამგესთან/უფროსთან (ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან) შეთანხმებით (მელოგინის შემთხვევაში – მეან-გინეკოლოგი, სამეანო განყოფილების/სამსახურის გამგე/უფროსი ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ახალშობილის შემთხვევაში – ნეონატოლოგი, ახალშობილთა განყოფილების გამგე ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).
15. მელოგინისა და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში (მელოგინისა და ახალშობილის სამედიცინო ისტორიებში), აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერები კეთდება ბოლო კურსუსსა და გაწერის ეპიკრიზში, მელოგინისა და ახალშობილის გაწერის თაობაზე ჩანაწერები კეთდება აგრეთვე ახალშობილთა სარეგისტრაციო ჟურნალსა და მშობიარეთა სარეგისტრაციო ჟურნალებში, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ფაქტის დადგომიდან 24 საათში.
16. მელოგინის და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერის თაობაზე სამედიცინო დოკუმენტაციაში შეტანილ ჩანაწერს ხელმოწერით ადასტურებენ მკურნალი ექიმები, განყოფილების გამგეები (ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები), პალატის ექთნები და თვით დედა (მეურვე), ამასთან ერთად, ჩანაწერი და ხელმოწერა კეთდება გარკვევით, თარიღისა და საათის მითითებით.
17. მელოგინის და ახალშობილის დაწესებულებიდან გაწერის წინ მკურნალი ექიმები ან/და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ შემდეგი დოკუმენტაციის შევსებას:
ა) მელოგინის გასაწერად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;
ბ) ახალშობილის გასაწერად:
ბ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;
ბ.ბ) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (მხოლოდ ამ დანართის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში).
18. მელოგინის და ახალშობილის გასაწერად მელოგინის ოჯახის წევრები (ახლობლები) დაწესებულებაში წარმოადგენენ:
ა) მელოგინის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) თუ მელოგინე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ახალშობილის მამასთან, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს ქორწინების მოწმობა.
19. თუ მელოგინეს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჰოსპიტალიზაციისთანავე მიმღების მორიგე ექიმი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამეანო განყოფილების/სამსახურის გამგეს/უფროსს ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, იურისტს და დაწესებულების ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში:
ა) დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია აცნობოს საპატრულო პოლიციას და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვოს მელოგინის პიროვნების დადგენა;
ბ) მელოგინის პიროვნების დაუდგენლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აქტის შედგენას, რომელსაც ხელს აწერს: დაწესებულების ხელმძღვანელი, სამეანო განყოფილების/სამსახურის გამგე/უფროსი ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მკურნალი ექიმი, იურისტი, პოლიციის წარმომადგენელი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი და თავად მელოგინე. აქტი დამოწმებული უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდით და მასში მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) დედა თავის სახელად და გვარად რას ასახელებს;
ბ.ბ) დედა რა სახელსა და გვარს ანიჭებს ბავშვს;
ბ.გ) მონაცემები მამის შესახებ (ვინ უნდა ჩაიწეროს მამად);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე, რომელთან ერთად წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში შედგენილ აქტს.
20. თუ მელოგინე მარტოხელაა, არ ჰყავს თანადგომის ქსელი და შესაძლოა არსებობდეს ბავშვის მიტოვების რისკი, დაწესებულებამ უნდა იხელმძღვანელოს მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №01-129/ო ბრძანებით.
21. ამ წესის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ახალშობილის გადაყვანა (რეფერალი) ხორციელდება რეფერალური სისტემის მობილური ბრიგადის მიერ სათანადო წესით შევსებული ცნობის თანხლებით. დაბადების მოწმობას იღებს ახალშობილის კანონიერი წარმომადგენელი. თუ ახალშობილს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, დაწესებულება აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით განსაზღვრული წესით და ახალშობილის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.
22. თუ მელოგინემ თვითნებურად, დაუკითხავად დატოვა სამედიცინო დაწესებულება (გაიპარა) ახალშობილის გარეშე, მელოგინის ახალშობილის გასაწერად დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) მელოგინის გაპარვის ფაქტის დადგენისთანავე გამოიძახოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი;
ბ) მელოგინის გაპარვის თაობაზე შეადგინოს აქტი, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მორიგე ექიმი (ვისი მორიგეობის პერიოდშიც გაიპარა მელოგინე), მორიგე ექთანი, სამეანო/მელოგინეთა განყოფილების/სამსახურის გამგე/უფროსი ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, იურისტი, დაწესებულების ხელმძღვანელი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი;
გ) დედის მიერ მიტოვებული ახალშობილის თაობაზე გადასცეს ინფორმაცია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს იმ წესით, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება. ამ შემთხვევაში ახალშობილის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.