საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/119
2018 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 10 იანვრის №01/90 განცხადება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის (E-60) განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს დახმარებით, ახორციელებს აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს. პრიორიტეტულად დადგენილია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის სამი ახალი მონაკვეთი: (1) ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის 22 კმ-იანი მონაკვეთის განახლება/გაუმჯობესება; (2) ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კმ-იანი მონაკვეთი და (3) ქუთაისის ახალი შემოვლითი გზა სამტრედიის 20 კმ-იანი მონაკვეთი.
მაგისტრალის ცენტრალური მონაკვეთი, რომელიც გვერდს უვლის ქ. ქუთაისს, ითვლება მთელი პროექტის პრიორიტეტულ მონაკვეთად.
პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯიასთან“ (ს/ნ 215147874).
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალში მოექცა შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 33.04.37.328, ნაკვეთის წინა ნომერი: 33.04.37.320) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 33.04.3.328, მისამართია: თერჯოლა, სოფელი ნახშირღელე (კატეგორია: არასასოფლო-სამეურნეო) 12227 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“. ამასთან, საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა დასახელებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული 12227 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეს. დასახელებულ წერილობით შეთავაზებაში მესაკუთრეს ასევე განემარტა, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 02 მარტის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის (E-60) განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას –
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება: უძრავი ქონება ს/კ 33.04.37.328 (ნაკვეთის წინა ნომერი 33.04.37.320, მის.: თერჯოლა, სოფელი ნახშირღელე), მესაკუთრე: შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ (ს/ნ 215147874), საექსპროპრიაციო ფართი: 12 227 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი დ. ქუმსიშვილი