ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2018
ძალაში შესვლა 16.04.2018
ძალის დაკარგვა 11.09.2020
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 23 მარტი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის №31 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 16 აპრილიდან.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები და საქმიანობის პრინციპები
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელება: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეებისგან.
5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილებები, სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები
ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა შესაბამის სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებასთან ერთად;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;
ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;
ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია, ანალიზი და გავრცელება;
ზ) მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაცემების შეგროვება და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ი) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე, ეკომიგრანტებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებათა პაკეტის შემუშავება;
ლ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
მ) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ნ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა აღრიცხვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის სხვა სამსახურებთან ერთად სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება;
პ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ძმათა სასაფლაოების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ჟ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, მათი რეგისტრაცია და შესაბამისი ბაზის შექმნა;
რ) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ს) უზრუნველყოფს მერის, მერის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
უ) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ფ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
ქ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება სამსახურის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
ღ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ყ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტები;
შ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;
ჩ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები და პროგრამების პროექტები;
ც) განახორციელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა შესრულებაზე კონტროლი;
ძ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომ – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
დ) ამზადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;
ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ი) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და, თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართველობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
კ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ლ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
მ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ნ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილის და მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ჟ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
6. სამსახურის საჯარო მოხელების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
თავი IV
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეები.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V
სხვა დებულებები
მუხლი 6🔗
სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.