შპს „აგროგეო+ -ის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2018 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს „ალუდა“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611)
წარმომადგენელი – არჩილ თაბაგარი
მოვალე – შპს „აგროგეო+“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404880287)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა შპს „ალუდას’’ წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა და მოითხოვა შპს „აგროგეო +“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „აგროგეო +“-ს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, განმცხადებლის – შპს „ალუდას“ წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).
მოვალე „აგროგეო+“-ის წარმომადგენელი არცერთ კრებაზე არ გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს „აგროგეო +“-ის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად.
2018 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც წარმოადგინა მოვალე შპს „აგროგეო +“-ის გაკოტრების საბოლოო ანგარიში.
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „აგროგეო +“-ის (404880287) ქონება, რითაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია, ასევე არ გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან ვერ მოხერხდა მოვალე კომპანიის წარმომადგენლის მოძიება, უცნობია არარეგისტრირებული მატერიალური თუ არამატერიალური ქონების შესახებ რაიმე ინფორმაცია. აღნიშნულის გარდა საწარმოს რაიმე სახის ქონება ან დადებითი ნაშთი არ გააჩნია.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს „აგროგეო +”-ის გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. (იხ. საბოლოო ანგარიში, ს.ფ. 153-154).
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. დასრულდეს შპს „აგროგეო +“-ის გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის ქ. №7, საიდენტიფიკაციო კოდი №404880287).
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს შპს „აგროგეო +“-ის (მისამართი: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის ქ. №7, საიდენტიფიკაციო კოდი №404880287) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი .