შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის №2/2066-18
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2018 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: მაია სვიანაძე
განმცხადებელი შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგური“ (ს/კ 227719868)
მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,დიკას“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 17 ოქტომბერს, შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ მიმართ გადაახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ .
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურს“ (ს/კ 227719868) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან , განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ (ს/კ 227719868) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო .
2018 წლის 25 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 თებერვალს. ამასთან, განჩინება გაგზავნილ იქნა განმცხადებლის მიერ მითითებულ კრედიტორის, შემოსავლების სამსახურის მისამართზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგური“ (ს/კ 227719868) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგური“ (ს/კ 227719868) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვლის გურჯაანის რეგიონალური სადგურის“ (ს/კ 227719868) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: მაია სვიანაძე