შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/6188 -18 წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2018 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოვალე – შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 226572937).
დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’ (წარმომადგენელი თამარ მუმლაძე).
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, მას არ ერიცხება დებიტორული მოთხოვნები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 1231,57 ლარის ოდენობით, რომელიც არის უზრუნველყოფილი საგადასახადო გირავნობა იპოთეკით. კომპანიის დირექტორმა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და განმარტა, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.
2018 წლის 2 მარტის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის გამოსწორების მიზნით საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და მოთხოვნის დაზუსტება.
2018 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობაის“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“, დააზუსტა მოთხოვნა, განმარტა, რომ ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. განმცხადებელმა მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე და მოითხოვა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობაის“ გაკოტრება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის ცნობით და სს ,,ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან 2018 წლის 22 თებერვლის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს ,,ლიბერთი ბანკში’’ და ანგარიშზე აქვს 0 (ნული) ლარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის №89568 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის №89437 ცნობის თანახმად, შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №MIA 71800404087 ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის შესაბამისად, 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობას“ საგადასახადო ვალდებულება შეადგენს: ძირითადი გადასახადი 293,45 ლარი, საურავი – 216,4 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები (არ არის აღიარებული) 723,86 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობას“ (ს/კ 226572937) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2 . განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე