1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მოხსენებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

5. თუ საკრებულოს წევრს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად, საკრებულოს იურიდიულ  საკითხთა და ეთიკის კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას ცნობის სახით.

6. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.

7. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის  კომისიას. კომისია ადგენს გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოითხოვოს და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

8. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ცნობის სახით.

9. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს.

10. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

12. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისგან.

13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშე