ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2018
ძალის დაკარგვა 30.05.2025
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.142.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2018 წლის 30 მარტი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“
ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
, „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინებული მუშაობის წარმართვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
გ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, პროექტების ანალიზი;
დ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შ ესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;
ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) საბჭოს უფლება აქვს, სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს თავმჯდომარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მიერ განსაზღვრული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის - ქალთა ოთახის მენეჯერი, გენდერული თანასწორობის სპეციალისტი (საბჭოს მდივანი) და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები.
4. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის-ქალთა ოთახის მენეჯერი, გენდერული თანასწორობის მოხელე.
3. საბჭოს სხდომას, 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრთაგან, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 6🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციედება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.