შპს „აისის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9273-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2018 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „აისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400133887)
წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
სასამართლომ გამოარკვია:
2018 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „აისის“ წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საწარმოს გადარჩენის არანაირი საშუალება არ არსებობს და სახეზეა მისი გადახდისუუნარობა. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას არ გააჩნია რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, არ ფლობს მატერიალურ აქტივებს და სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი აქვს ანგარიში, რომელზე რიცხული ნაშთი ნულის ტოლია, ამდენად საზოგადოებას არ გააჩნია ფულადი სახსრები, რომ დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „აისის“ წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „აისს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. მოვალეს ჰყავს კრედიტორები:
1. შპს „ბარამბო და კომპანია“ (ს/ნ 400052287), მის.: ქ. თბილისი, ხანძთელის ქუჩა №1, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს – 1768.69 ლარს;
2. შპს „გაგრა პლიუსი“ (ს/ნ 250723971), მის.: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა №4/12, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს – 2465,5 ლარს;
3. შპს „მეგაკო თრეიდი“ (ს/ნ 404953528), მის.: ქ. თბილისი, ერისთავის ქუჩა №5, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს – 1062,56 ლარს;
4. შპს ,,GIFT KING’’ (ს/ნ 40040031), მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის ქუჩა №15, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს – 1120,48 ლარს;
5. სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“ (ს/ნ 211350928), მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-11 კილომეტრი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს – 810 ლარს.
ამდენად, შპს „აისის“ ვადამოსული დავალიანება 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით ჯამში შეადგენს - 7 227, 23 ლარს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის ( კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს „აისის“ საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს „აისის“ (ს/ნ 400133887) წარმომადგენელს გიორგი ზედგინიძეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე