⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.02.2024)

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.04.2018
ძალის დაკარგვა 15.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №59/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,473 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2018 მიღება
15.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №59/04 2018 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული ლიკვიდაციის პროცესები დასრულდეს ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გაუუქმა რეგისტრაცია. 2. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების/ქონების რეალიზაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი. 3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი. 4. რეგისტრაციის გაუქმებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება, ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) 10-დღიან ვადაში   ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. მუხლი 2🔗. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები  1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა. 2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ წყდება იძულებითი აღსრულება. 3. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო აგენტი, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გაიხსნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება ყველა სხვა კომერციულ ბანკში არსებული თანხების აკუმულირება სალიკვიდაციო ანგარიშზე. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გაერთიანდება ძირითად ვალთან. 6. რეგისტრაციის გაუქმებისთანავე დაიბლოკება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გახსნილი ყველა  ანგარიში, ლიკვიდატორის შეტყობინების საფუძველზე. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირის სახელზე სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება შესაბამისი ფიზიკური/იურიდიული პირის ძირითადი მოთხოვნის ანგარიშზე. კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირის ძირითადი მოთხოვნის ანგარიშზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ. 8. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ. თუ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა, დარჩენილ ნაწილში ის დაკმაყოფილდება ამ ბრძანებით დადგენილი საერთო წესით. 9. რეგისტრაციის გაუქმებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითად საშუალებები. 10. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო ანგარიშიდან, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 11. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. 12. რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება ამ რეგისტრაციით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. 13. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო. 14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. 15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. ლიკვიდატორის უფლებები 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. 2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია. 3. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ლიკვიდატორი უფლებამოსილია შექმნას სალიკვიდაციო კომისია. 4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე შეუძლია შეწყვიტოს: ა)  გარიგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულებები, რომელთა განხორციელებაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 3 თვით ადრე იყო გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას. 5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ისეთი ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილად ცნობა, რომელთა შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება. 6. ლიკვიდატორს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, უფლება აქვს: ა) ეროვნული ბანკის თანხმობით ლიკვიდაციის პროცესში გააფორმოს შესაბამისი  ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვის/შენახვის და დაარქივების უზრუნველსაყოფად; ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს: ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში არსებული მიმდინარე ანგარიშები; ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკისგან; გ) აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ვალდებულებათა გადაცემას. 8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე (ელექტრონული აუქციონზე) გაყიდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები, ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა. ამისათვის მან ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ. 9. თუ ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული გადაცემისას, შესაბამისი მიმღები დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. ლიკვიდატორის ვალდებულებები 1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. 2. ლიკვიდატორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. 4. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეების ლიკვიდატორისთვის გადმობარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია. ამავდროულად, ლიკვიდატორმა უნდა მიიღოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. 5. ლიკვიდატორი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში: ა) შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებს, საკრედიტო ბარათებისა და ფულადი გზავნილების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება და მოითხოვოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ემიტირებული ბარათების გაუქმება; გ) წერილობითი ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება; დ) დაუგზავნოს შეტყობინებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა ყოფილ ადმინისტრატორს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. 6. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად, უნდა გაანადგუროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი და ამავდროულად უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება. ლიკვიდატორი ვალდებულია შესაბამისი განადგურების აქტი წარადგინოს ეროვნულ ბანკში. განადგურების აქტი ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის მონაწილე პირები. 7. მოთხოვნის შემთხვევაში, ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკებს წარუდგინოს ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშები. 8. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ კრედიტორებს წერილობით  უნდა გაუგზავნოს შეტყობინება, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, საკანონმდებლო მაცნეში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ, დადგენილ ვადებში, ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით; ბ) მოვალეებს გაუგზავნოს შეტყობინება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროეცნტი) თაობაზე. მოითხოვოს მათგან 1 თვის ვადაში წერილობითი დასტურის წარმოდგენა, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სრულად დაფარვის თაობაზე. 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, ლიკვიდატორი ვალდებულია: ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით; ბ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება; გ) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შეადგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი) და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; დ) უზრუნველყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნისა და მოვალეთა მიერ დავალიანების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის კანონიერების შემოწმება; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მოვალეების დავალიანებების  რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარავად; ვ) მოვალეების მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება  სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;          ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქონების გაფლანაგვის ან/და მითვისების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე აცნობოს ეროვნულ ბანკს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მიზნით; თ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის; ი) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში; კ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი; ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და აღნიშნული წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რის შემდეგაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად; მ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას; ნ) უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპისა და ეთიკის ნორმების დაცვით; ო) ყოველ 6 თვეში უზრუნველყოს კრედიტორთა ინფორმირება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. 10. ლიკვიდაციის პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმეები და ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაკავშირებული დოკუმენტაცია. მუხლი 5🔗. კრედიტორების დაკმაყოფილება  1. ლიკვიდატორმა, ლიკვიდაციის დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნები, რომელთა საფუძველია ფინანსური გირაო, უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი შეთანხმების პირობების დაცვით (ფინანსური გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი თანამიმდევრობით:  ა) კრედიტორები, რომელთა მიმართაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშვა ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ; ბ) კრედიტორ ფიზიკურ პირთა მოთხოვნები; გ) კრედიტორ იურიდიულ პირთა მოთხოვნები; დ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დანარჩენი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით არსებული მოთხოვნებისა; ვ) სუბორდინირებული ვალდებულებები დაფარვის თარიღების თანმიმდევრობის  მიხედვით; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვა ვალდებულებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ. 2. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 3. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების დაფარვის უზრუნველსაყოფად, ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება. 5. პირობითი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 8. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. 9. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას. მუხლი 6🔗. სალიკვიდაციო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) ფორმით ჩატარების პროცედურა 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) გატანა www.eauction.ge-ის საშუალებით წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:  ა) საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. საჯარო აუქციონი (ელექტრონული აუქციონი) მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს; გ) საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება; დ) საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ე) საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) გაყიდული ქონების/აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ქონებასთან/აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე; ვ) თუ პირველი საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო აუქციონს (ელექტრონულ აუქციონს) პირველი საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში; ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში. 2. საჯარო აუქციონზე (ელექტრონულ აუქციონზე) გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. ლიკვიდატორის მიერ ფინანსურ აქტივებზე ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონი (ელექტრონული აუქციონი) ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონი (ელექტრონული აუქციონი) ჩაატაროს დამატებით. 5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი საჯარო აუქციონის (ელექტრონული აუქციონის) დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან. მუხლი 7🔗. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. 2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ სრულადაა დაფარული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა. 3. ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ერიცხება დაუფარავი ვალდებულებები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი ვალდებულებების დასაფარავად. აღნიშნულ შემთხვევაში ლიკვიდატორი მოქმედებს ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები აღარ აქვს, თუ: ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი; ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებულნი არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება. 5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს; დ) ინფორმაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ; ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სალიკვიდაციო აქტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს. 7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. აღნიშნული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 8. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების ნიშნები, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელსაც წარუდგენს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიცემა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რის შემდგომაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად. 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით. 10. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერებს/პარტნიორებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით. 11. გამონაკლის შემთხვევებში, ეროვნული ბანკის თანხმობით შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას ისეთ მეწარმე-სუბიექტად, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. ამასთან, საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დანარჩენი ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი კრედიტორის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.  12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში წყდება ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი და იგი აღარ ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მუხლი 8🔗. ეროვნული ბანკის უფლებები 1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს: ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი; დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ; ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება ლიკვიდაციის მიზნებს. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო, ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმე გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს. მუხლი 9🔗. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა 1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით წარმართვაზე, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის; ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების გაფლანგვის ან/და მითვისების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის; გ) მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის; დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის; ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის; ზ) ფინანსური დარღვევებისათვის; თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებთან/კრედიტორებთან არაეთიკური მოპყრობისათვის. 2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. მუხლი 10🔗. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები 1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 3. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია. 5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. 6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ლიკვიდატორად ერთდროულად რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტში. 7. იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდატორი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის თანამშრომელს, მისი დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. 8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.