შპს „გზაარამადნეულის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/38066-16
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2018 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი
განმცხადებელი (კრედიტორი) – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი – სანდრო ვაშაყმაძე
მოვალე – შპს „გზაარამადნეული“ (ს.კ. 209442110)
დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია“
წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტარტამენტის განცხადება შპს „გზაარამადნეულის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.
კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ კახა ჭკუასელი, თამთა გიგაური და ლევან გოგოხია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 26 ოქტომბერს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილება შპს ,,გზაარამადენულის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „გზაარამდნეულის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
2018 წლის 28 მარტს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ წარმოადგინა შპს ,,გზაარამდენულის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად:
შპს „გზაარამადნეულის“ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების (ინერტული სამშენებლო მასალა, ქვა-ღორღი) საბაზრო ღირებულება შეფასების დასკვნების მიხედვით შეადგენდა 4,686 ლარს. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები, ასევე არ გააჩნია დადებითი ნაშთი ანგარიშზე საბანკო დაწესებულებაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. პირველ და მეორე აუქციონზე ქონების შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, ხოლო 2018 წლის 02 თებერვალს დასრულებულ მესამე აუქციონზე ქონების შემძენი გახდა ნუნუ ჭონქაძე (პ.ნ. 31001037703), რომელმაც აღნიშნული ქონება შეიძინა 234.3 ლარად და სრულად დაფარა საფასური. აქედან 18%, რაც შეადგენს 35,74 ლარს გადარიცხულ იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილმა თანხამ შეადგინა 198.56 ლარი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
„სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის ბიუროს საფასური უნდა განისაზღვროს 5000 ლარით. შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა – 198.56 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალიზებულია შპს ,,გზაარამდენულის“ სამეურვეო ქონება და ამონაგები თანხა განაწილებულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას სამეწარმეო რეესტრში და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებულად გამოცხადებას.
სასამართლომ შეამოწმა შპს „გზაარამდენულის“ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ შპს „გზაარამდენულის“ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ვინაიდან აუქციონი შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (როგორც მეურვისა და გაკოტრების მმართველის) მოთხოვნას – რომელიც ჯამში შეადგენს 5000 ლარს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება როგორც მე-4 რიგის კრედიტორის – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა – 1113 ლარის და 09 თეთრის ოდენობით, ასევე მე-6 რიგის კრედიტორის: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების მოთხოვნაც 5336 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,,გზაარამადენულის“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონების რეალიზაციით შემოსული თანხა განაწილებულია, მოვალის სხვა რაიმე ქონება ვერ იქნა მოძიებული და გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,გზაარამადნეულის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-ე-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასრულდეს შპს „გზაარამადნეულის“ (ს/კ 209442110) გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, გაგარინის ქუჩა №29ა) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად.
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „გზაარამადნეულის“ რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე