2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.
3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
საქართველოს სახელმწიფოს საქართველოს სამოციქულო
სახელით ავტოკეფალური მართლმადიდებელი
საქართველოს პრეზიდენტი ეკლესიის სახელით
ე. შევარდნაძე სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
ტერმინთა განმარტება
1. სამოციქულო საყდარი – ეკლესია, რომელიც დაარსებულია ქრისტეს წმიდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ.
2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია – საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ (ავტოკეფალურ) მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერთცნობით და ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენიებით.
3. ავტოკეფალია – ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმიდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა.
4. საეკლესიო კრება – მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა სასულიერო პირთა დელეგატებისა და ერისკაცთა წარმომადგენლობისაგან.
5. წმიდა სინოდი – ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმიდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი).
6. კათოლიკოს-პატრიარქი – წმიდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი.
7. ქორეპისკოპოსი – კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.
8. მდივანი – კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. მდივანთა რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.
9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი – სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმიდა მირონი, ხდება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრების ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და უპირველესი საპატრიარქო კათედრა.
10. საპატრიარქო კათედრა – უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავროპიგიალური ტერიტორია (ქალაქი), სადაც არის კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი.
11. საპატრიარქო – კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა.
12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესების ერთობლიობა (ეს გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების დადგენილებებს); ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის – ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღეს მომქმედი მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმ. სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემული განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებრივი აქტები.
13. აღსარება – სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უფლის წინაშე მოძღვართან ნებაყოფლობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არა აქვს.
14. საეკლესიო საიდუმლოება – ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაცია.
15. სასულიერო პირი – მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდასხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენილებით.
16. სულიერი მოძღვარი – მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს აღსარებას და წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას.
17. ჯვრისწერა – საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო სწავლებით, ახლადდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი.
18. ღვთისმეტყველება – საეკლესიო და სასულიერო-საგანმანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ.
19. მონასტერი – ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი ტიპიკონით (ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს.
20. საეკლესიო საგანძური – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრის ხატი და ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული ღირსება.
21. წმიდა ნაწილები – მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილები.
22. წმიდა რელიკვია – მაცხოვრის, ღმრთისმშობლის და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები.
23. საეკლესიო ნივთი – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები.
24. ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია – ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: „საქართველოს სამოციქულო“; „ავტოკეფალური“; „მართლმადიდებელი“; „კათოლიკოს-პატრიარქი“; „წმიდა სინოდი“.
25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია – ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), – მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმიდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელეკინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია.
26. საღვთისმსახურო ქონება – ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმიდა ნაწილები, წმიდა რელიკვიები, საეკლესიო ნივთები.
27. ეკლესიის ოფიციალური სიმბოლიკა – მოცემულია ეკლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში;
28. დიდი საეკლესიო დღესასწაულები:
– წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);
– მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (15 თებერვალი);
– ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);
– სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე (გარდამავალია);
– ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);
– საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე (12 მაისი);
– ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);
– შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);
– მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);
– ტაძრად მიყვანა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი)