შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/6820-18
(330210318002335335)განჩინება
საქართველოს სახელით
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
განმცხადებელი – შპს „ლიბ კონსტრაქშენი“
წარმომადგენელი – დიანა კვარაცხელია
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
აღწერილობითი ნაწილი:
2018 წლის 05 მარტს, შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ წარმომადგენელმა დიანა კვარაცხელიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, კერძოდ საწარმოს ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, რომელთა მიმართ ჯამურად დავალიანება შეადგენს 234 385,95 ლარს; ასევე, საწარმოს ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც ჯამური დავალიანება შეადგენს 819 287,05 ლარს, სულ ჯამში საწარმოს კრედიტორთა წინაშე გააჩნია 1 053 673 ლარის დავალიანება.
განმცხადებლის განმარტებით, საზოგადოებას გააჩნია მხოლოდ მოძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. საზოგადოების მთელ მოძრავ ქონებას განცხადების შეტანის დღისათვის ადევს ყადაღა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ და აღნიშნული ქონების ღირებულება არ არის საკმარისი ამ უკანასკნელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, იგი ვერ უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, შპს „ლიბ კონსტრაქშენს“ განესაზღვრა ხუთი სამუშაო დღის ვადა განცხადებაში არსებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარმოედგინა: 1. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „ლიბ კონსტრაქშენის“სახელზე არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით; 2. ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრიდან, რომ შპს „ლიბ კონსტრაქშენი“არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და 3. ინფორმაცია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან იმის შესახებ, არის თუ არა შპს „ლიბ კონსტრაქშენის“სახელზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული.
2018 წლის 16 აპრილს შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ წარმომადგენელმა, ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მომართა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ შპს „ლიბ კონსტრაქშენს“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „ლიბ კონსტრაქშენს“ არ გააჩნია ფულადი თანხები საბანკო ანგარიშზე, ასევე სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით, საწარმოს სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის; ასევე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით, შპს „ლიბ კონსტრაქშენს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა და მას გააჩნია მხოლოდ მოძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით (ს.ფ.-ები:236-237); საზოგადოების მთელ მოძრავ ქონებას განცხადების შეტანის დღისათვის ადევს ყადაღა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ (ს.ფ. 16) და აღნიშნული ქონების ღირებულება არ არის საკმარისი ამ უკანასკნელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი – ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება; ასევე, ვერ მოხდება მეურვის სავალდებულო ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლიბ კონსტრაქშენს“ (ს.კ.404386400) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. შპს „ლიბ კონსტრაქშენი“ (ს.კ.404386400) გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორმა შპს „ლიბ კონსტრაქშენის“ (ს.კ.404386400) მიმართ არ შეიტანა სასამართლოში განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.
3. განჩინება გამოქვეყნდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
5. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
6. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
7. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში, მხარისათვის განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი