„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2018
ძალის დაკარგვა 30.04.2025
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2018 წლის 30 აპრილი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
დანართი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპენტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
დ) საკანონმდებლო აქტების, პროექტებისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა. თავისი კომპენტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები,დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები, საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.