საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 

 

ბრძანება №1-1/216

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის № 01/970, № 01/971 და № 01/972 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი), ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის  პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ   და   

  

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 50 კმ-ს, რომელიც დაყოფილია 2  ნაწილად, თითოეული დაახლოებით 25 კმ.

პროექტი იწყება სოფელ ძირულაში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზასთან მიერთების ადგილიდან და მთავრდება იმავე საავტომობილო გზის მიერთების ადგილთან ჩუმათელეთში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რიგ დასახლებებთან დაკავშირების შესაძლებლობა და აღნიშნული საავტომობილო გზა გამოყენებულ იქნება E-60 ავტომაგისტრალის პარალელურ ალტერნატიულ მარშრუტად. პროექტი, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მიუყვება არსებულ საავტომობილო გზას და ითვალისწინებს არსებული საგზაო ნაგებობების გამოყენების შესაძლებლობას. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მოქალაქეების რამაზ ჭელიძის (პ/ნ01013020186), სულიკო სალარიძის (პ/ნ 56001020260), ჯაბა სალარიძის (პ/ნ 56001020645) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია საავტომობილო გზის მშენებლობა,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიაჩნია, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: 

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 32.16.40.084, მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა, (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 300 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს რამაზ ჭელიძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - კერძოდ, 12 კვ.მ.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 36.01.33.057, მისამართი: დაბა ხარაგაული, ქუჩა სოლომონ მეფის დასაწყისი, (კატეგორია: არასასოფლო-სამეურნეო,5 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს სულიკო სალარიძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 36.01.02.038, მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა N1 (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 101.28 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს ჯაბა სალარიძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ჯაბა სალარიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და  მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.  გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე  მიეწოდათ ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში  საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების, პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.

ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს  უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით,  საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 19 აპრილის  სხდომის ოქმისა და  დასკვნის საფუძველზე,   

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

1.1. უძრავი ქონება  ს/კ 32.16.40.084 (მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა), მესაკუთრე: რამაზ ჭელიძე (პ/ნ 01013020186), საექსპროპრიაციო ფართი: 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

1.2. უძრავი ქონება ს/კ 36.01.33.057 (მისამართი: დაბა ხარაგაული, ქუჩა სოლომონ მეფის დასაწყისი), მესაკუთრე: სულიკო სალარიძე (პ/ნ 56001020260), საექსპროპრიაციო ფართი: 25 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

1.3 უძრავი ქონება  ს/კ 36.01.02.038 (მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა N1), მესაკუთრე: ჯაბა სალარიძე (პ/ნ 56001020645), საექსპროპრიაციო ფართი: 101.28 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12   კ.მ,  №6).

 

მინისტრი                                                                                                   დიმიტრი ქუმსიშვილი