,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №18

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 04/02/2016, 010250050.35.162.016367) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის  დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება
მუხლი 1. დასახლების საერთო კრება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომში – საერთო კრება) არის სოფლის/ქალაქის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი კატეგორიის დასახლებისაგან („სოფელი/ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. ეს დებულება განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისათვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.

5. იმ დასახლებისათვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა. საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად.

6. იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება.


მუხლი 2.  საერთო კრების რჩეული
1. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის  და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5 %-ს.

2. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

3. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.

4. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.


მუხლი 3. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის  შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენასთან დაკავშირებით;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საკითხი, მათ შორის დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. დასახლების საერთო კრების მიერ ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება;

ი) მუნიციპალიტეტის მერი, დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

ლ) განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების დებულებები ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტზე, გარდა თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულისა.

2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.

3. საერთო კრების გადაწყვეტილება ახმეტის მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის წარედგინებათ ამ დებულებით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს.


მუხლი 4. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.

3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის  მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი საჯაროდ ქვეყნდება.

5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ დებულების ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.

6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად.

7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თრიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუმლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.

9. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღე.

10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8– მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.

13. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.

14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში). 


მუხლი 5. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.

2. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.

3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე კრების წევრთა რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.