„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმი
მიღების თარიღი 17.08.1998
ძალაში შესვლა 04.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №71808991
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2018
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ოქმი | ოქმი |
| მონაწილე: | ხელმოწერის თარიღი: |
| ბაჰამის თანამეგობრობა | 26/08/1998 |
| ბრაზილია | 27/08/1998 |
| ჩილეს რესპუბლიკა | 14/04/1999 |
| კოტ დ’ივუარი | 25/09/1998 |
| ჩეხეთის რესპუბლიკა | 01/08/2000 |
| ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა | 26/04/2000 |
| ფინეთის რესპუბლიკა | 31/03/1999 |
| განას რესპუბლიკა | 12/01/1999 |
| საბერძნეთის რესპუბლიკა | 14/10/1998 |
| ინდონეზიის რესპუბლიკა | 26/08/1998 |
| იტალიის რესპუბლიკა | 18/05/2000 |
| იამაიკა | 26/08/1998 |
| კენიის რესპუბლიკა | 26/08/1998 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია "სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმი
ოქმი
„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“
ამ ოქმის მხარე სახელმწიფოები,
ითვალისწინებენ რა, რომ გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ ქმნის ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს,
აღნიშნავენ რა, რომ გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის 176-ე მუხლი ადგენს, რომ ორგანო ისარგებლებს საერთაშორისო სამართალსუბიექტურობით და ისეთი სამართლებრივი ქმედუნარიანობით, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების შესასრულებლად,
აღნიშნავენ რა, რომ გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის 177-ე მუხლი უზრუნველყოფს, რომ კონვენციის თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორგანო ისარგებლებს კონვენციის XI ნაწილის G ქვენაწილის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით და რომ საწარმო ისარგებლებს IV დანართის მე-13 მუხლით განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით,
აღიარებენ რა, რომ ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს ფუნქციების განსახორციელებლად საჭიროა დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ტერმინების გამოყენება
ამ ოქმის მიზნებისთვის:
(a) „ორგანო“ ნიშნავს ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს;
(b) „კონვენცია“ ნიშნავს გაეროს 1982 წლის 10 დეკემბრის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციას;
(c) „შეთანხმება“ ნიშნავს გაეროს 1982 წლის 10 დეკემბრის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის XI ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით მისი დებულებებისა და კონვენციის XI ნაწილის ინტერპრეტაცია და გამოყენება განხორციელდება ერთად, როგორ ერთიანი დოკუმენტის; ეს ოქმი და ამ ოქმში არსებული მითითებები კონვენციაზე შესაბამისად უნდა იქნეს ინტერპრეტირებული და გამოყენებული;
(d) „საწარმო“ ნიშნავს ორგანოს ორგანიზაციას, როგორც განსაზღვრულია კონვენციით;
(e) „ორგანოს წევრი“ ნიშნავს:
(i) კონვენციის ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს; და
(II) ნებისმიერ სახელმწიფოს ან ერთეულს, რომელიც წარმოადგენს ორგანოს დროებით წევრს შეთანხმების დანართის პირველი ნაწილის 12 (a) პუნქტის შესაბამისად;
(f) „წარმომადგენლები“ გულისხმობს დელეგაციების წარმომადგენლებს, ალტერნატიულ წარმომადგენლებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებსა და მდივნებს;
(g) „გენერალური მდივანი“ გულისხმობს ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს გენერალურ მდივანს.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები
სამართლებრივი სტატუსის, კონვენციის XI ნაწილის G ქვენაწილის მე-4 ნაწილითა და IV დანართის მე-13 მუხლით ორგანოსა და საწარმოსთვის მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეზღუდვის გარეშე, ამ ოქმის თითოეული მხარე სახელმწიფო უზრუნველყოფს ორგანოსა და მის ორგანოებს, ორგანოს წევრების წარმომადგენლებს, ორგანოს ოფიციალურ პირებსა და ორგანოს მისიების ექსპერტებს იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც განსაზღვრულია ამ ოქმით.
მუხლი 3🔗. ორგანოს სამართალსუბიექტურობა
1. ორგანო იქნება სამართალსუბიექტურობის მფლობელი. ის იქნება სამართლებრივად ქმედუნარიანი, რათა:
(a) დადოს კონტრაქტები;
(b) შეიძინოს და განკარგოს უძრავი და მოძრავი ქონება;
(c) წარმოადგენდეს მხარეს სამართალწარმოების დროს.
მუხლი 4🔗. ორგანოს შენობების ხელშეუხებლობა
ორგანოს შენობები იქნება ხელშეუხებელი.
მუხლი 5🔗. ორგანოს ფინანსური შესაძლებლობები
1. ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, რეგულაციებით ან მორატორიუმებით შეზღუდვის გარეშე, ორგანოს თავისუფლად შეუძლია:
(a) ნებადართული არხებით ნებისმიერი ვალუტის შესყიდვა და მისი ფლობა და განკარგვა;
(b) ნებისმიერი სახის ფონდების, ფასიანი ქაღალდების, ოქროს, ძვირფასი ლითონების ან ვალუტის ფლობა და ანგარიშების ოპერირება ნებისმიერ ვალუტაში;
(c) მისი ფონდების, ფასიანი ქაღალდების, ოქროს ან ვალუტის ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ერთი ქვეყნის ფარგლებში გადატანა და მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ვალუტის ნებისმიერ სხვა ვალუტაში კონვერტირება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების განხორციელებისას ორგანო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ორგანოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მთავრობის პრეტენზიებს იმდენად, რამდენადაც მიჩნეული იქნება, რომ ასეთ პრეტენზიებზე რეაგირება ზიანს არ მიაყენებს ორგანოს ინტერესებს.
მუხლი 6🔗. დროშა და ემბლემა
ორგანოს უფლება აქვს, რომ მის შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ოფიციალური მიზნებით გამოიყენება, განათავსოს მისი დროშა და ემბლემა.
მუხლი 7🔗. ორგანოს წევრების წარმომადგენლები
1. ორგანოს წევრების წარმომადგენლები ორგანოს მიერ მოწვეულ შეხვედრებზე დასწრების დროს მათი ფუნქციების განხორციელებისას და შეხვედრის ადგილისკენ და შეხვედრის ადგილიდან მგზავრობისას ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:
(a) იმუნიტეტით სამართლებრივი პროცესების მიმართ მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან ან წერილობით ტექსტებთან დაკავშირებით, ასევე მათი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წევრი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, აშკარად უარს ამბობს ასეთ იმუნიტეტზე კონკრეტულ შემთხვევაში;
(b) იმუნიტეტით პერსონალური დაკავების ან დაპატიმრების მიმართ, ასევე მათ პირად ბარგთან დაკავშირებით იმავე იმუნიტეტებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც გარანტირებულია დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის;
(c) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობით;
(d) კოდების გამოყენების უფლებით და დოკუმენტების ან კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით ან დალუქული პაკეტით მიღების უფლებით;
(e) საიმიგრაციო შეზღუდვებისგან, უცხოელთა რეგისტრაციასთან ან სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან გათავისუფლებით როგორც ორგანოს წევრების წარმომადგენლები, ისე მათი მეუღლეები იმ სახელმწიფოში, რომელშიც იმყოფებიან ან რომლის ტერიტორიაზეც გაივლიან მათი ფუნქციების განხორციელების დროს;
(f) სავალუტო შეზღუდვებთან დაკავშირებით იმავე შესაძლებლობებით, რომლებიც გარანტირებულია ოფიციალური დროებითი მისიების დროს უცხოეთის შესაბამისი რანგის მთავრობებისთვის.
2. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ორგანოს წევრების წარმომადგენლების სიტყვის სრული თავისუფლება და მათი მოვალეობების განხორციელების პროცესში დამოუკიდებლობა, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას მათ მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით მინიჭებული სამართლებრივი პროცესების მიმართ იმუნიტეტის მოქმედება გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები აღარ იქნებიან ორგანოს წევრების წარმომადგენლები.
3. როდესაც ნებისმიერი სახის დაბეგვრა დამოკიდებულია ბინადრობაზე, ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ორგანოს წევრების წარმომადგენლები ესწრებიან ორგანოს შეხვედრებს და იმყოფებიან ორგანოს წევრის ტერიტორიაზე მათი მოვალეობების შესრულების მიზნით, არ ჩაითვლება ბინადრობის პერიოდად.
4. ორგანოს წევრების წარმომადგენლებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა პირადი სარგებლის მისაღებად, არამედ ორგანოსთან დაკავშირებული მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ორგანოს წევრს აქვს უფლება და მოვალეობა, მოუხსნას მის წარმომადგენელს იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ორგანოს წევრის მოსაზრებით, იმუნიტეტი დააბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას და იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნისთვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლის გამოც გარანტირებულია ეს იმუნიტეტი.
5. ორგანოს წევრების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ მესამე მხარის მიმართ რისკების დაზღვევა მათ მფლობელობაში არსებულ ან მათ მიერ ოპერირებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, როგორც მოთხოვნილია იმ სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით, რომელშიც ხდება სატრანსპორტო საშუალებების ოპერირება.
6. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გავრცელდება ორგანოს წარმომადგენელსა და ორგანოს იმ წევრის ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე, რომლის მოქალაქეც არის წარმომადგენელი ან რომლის წარმომადგენელიც არის ან იყო ის.
მუხლი 8🔗. ოფიციალური პირები
1. გენერალური მდივანი განსაზღვრავს ოფიციალური პირების კატეგორიებს, რომლებზედაც გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები. გენერალური მდივანი წარუდგენს ამ კატეგორიებს ასამბლეას, რის შემდეგაც ეს კატეგორიები ეცნობება ორგანოს ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობებს. ამ კატეგორიებში მითითებული ოფიციალური პირების სახელები პერიოდულად ეცნობება ორგანოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს.
2. ორგანოს ოფიციალური პირები, მათი მოქალაქეობის მიუხედავად:
(a) ისარგებლებენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცესების მიმართ მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან ან წერილობით ტექსტებთან დაკავშირებით, ასევე მათი ოფიციალური სტატუსის ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებასთან დაკავშირებით;
(b) ისარგებლებენ იმუნიტეტით პირადად დაკავების ან დაპატიმრების მიმართ მათი ოფიციალური სტატუსის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით;
(c) გათავისუფლდებიან გადასახადებისგან მათთვის გადახდილ ხელფასებთან, ანაზღაურებასთან და ორგანოს მიერ განხორციელებულ ნებისმიერი ფორმის გადახდასთან დაკავშირებით;
(d) ისარგებლებენ იმუნიტეტით სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების მიმართ იმ პირობით, რომ იმ სახელმწიფოების შემთხვევაში, რომლის მოქალაქეებიც არიან ისინი, ასეთი იმუნიტეტით ისარგებლებენ ორგანოს ის ოფიციალური პირები, რომელთა სახელებიც, მათი მოვალეობების გამო, მითითებულია გენერალური მდივნის მიერ შედგენილ სიაში და დადასტურებულია დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ; თუ ორგანოს სხვა ოფიციალური პირები გამოძახებული იქნებიან სამოქალაქო სამსახურში, გენერალური მდივნის მოთხოვნისას დაინტერესებული სახელმწიფო უზრუნველყოფს ასეთი ოფიციალური პირების გაწვევის ისეთ დროებით გადავადებას, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს აუცილებელი სამუშაოს მიმდინარეობის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად;
(e) მათ მეუღლეებსა და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, გათავისუფლდებიან საიმიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისგან;
(f) სავალუტო შეზღუდვებთან დაკავშირებით ისარგებლებენ იმავე პრივილეგიებით, რომლებიც გარანტირებულია იმავე რანგის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მსახურობენ შესაბამისი მთავრობების დიპლომატიურ მისიებში;
(g) ექნებათ მათი ავეჯისა და ნივთების ბაჟის გადახდის გარეშე იმპორტის უფლება მათი პოსტის პირველად დაკავების დროს შესაბამის ქვეყანაში;
(h) გათავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმების მოთხოვნისგან, თუ არ არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ბარგი შეიცავს ნივთებს, რომლებიც განკუთვნილი არ არის პირადი გამოყენებისთვის ან ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია დაინტერესებული მხარის კანონმდებლობით ან კონტროლდება ამ მხარის საკარანტინო რეგულაციებით. ასეთ შემთხვევაში შემოწმება განხორციელდება დაინტერესებული ოფიციალური პირის თანდასწრებით, ხოლო ოფიციალური ბარგის შემთხვევაში - გენერალური მდივნის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით;
(i) საერთაშორისო კრიზისის დროს, მათ მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნებიან რეპატრიაციის იმავე შესაძლებლობებით, რომლებიც გარანტირებულია დიპლომატიური აგენტებისთვის.
3. მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დამატებით, გენერალური მდივანი ან ნებისმიერი ოფიციალური პირი, რომელიც მოქმედებს მისი სახელით მისი თანამდებობაზე არყოფნის პერიოდში და საწარმოს გენერალური დირექტორი, ასევე მათი მეუღლეები და მცირეწლოვანი შვილები ისარგებლებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, შეღავათებითა და შესაძლებლობებით.
4. პრივილეგიები და იმუნიტეტები ოფიციალური პირებს ენიჭებათ არა პირადი სარგებლის მისაღებად, არამედ მათ მიერ ორგანოსთან დაკავშირებული საკუთარი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. გენერალური მდივნის უფლება და მოვალეობაა, რომ მოუხსნას ნებისმიერ ოფიციალური პირს იმუნიტეტი, თუ გენერალური მდივნის აზრით იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულებას და იმუნიტეტი შეიძლება მოიხსნას ორგანოს ინტერესების შეზღუდვის გარეშე. გენერალური მდივნის შემთხვევაში იმუნიტეტის მოხსნის უფლება აქვს ასამბლეას.
5. ორგანო ყოველთვის ითანამშრომლებს ორგანოს წევრების შესაბამის სააგენტოებთან, რათა ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას, უზრუნველყოს საპოლიციო წესების დაცვა და თავიდან აიცილოს ამ მუხლით განსაზღვრული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შესაძლებლობების ნებისმიერი ფორმით ბოროტად გამოყენება.
6. დაინტერესებული სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, ორგანოს ოფიციალური პირები ვალდებული არიან ჰქონდეთ მესამე მხარესთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა მათ მფლობელობაში არსებულ ან მათ მიერ გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით.
მუხლი 9🔗. ექსპერტები, რომლებიც იმყოფებიან ორგანოს მისიაში
1. ექსპერტებს (რომლებიც არ არიან მე-8 მუხლით განსაზღვრული ოფიციალური პირები), რომლებიც ასრულებენ ორგანოს მისიას, მიენიჭებათ ისეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც საჭიროა მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განსახორციელებლად მათი მისიის განმავლობაში, მათ შორის, მათი მისიასთან დაკავშირებით მგზავრობის პერიოდში. კერძოდ, ისინი ისარგებლებენ:
(a) იმუნიტეტით პირადად დაპატიმრების ან დაკავების და მათი პირადი ბარგის ჩამორთმევის შემთხვევაში;
(b) იმუნიტეტით მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან ან წერილობით ტექსტებთან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის მიმართ, ასევე მათი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამ იმუნიტეტის მოქმედება გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი პირები აღარ იქნებიან დასაქმებული ორგანოს მისიებში;
(c) ნებისმიერი საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობით;
(d) ორგანოსთან მათი კომუნიკაციის მიზნებისთვის, კოდების გამოყენების და დოკუმენტების ან კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით ან დალუქული პაკეტით მიღების უფლებით;
(e) გადასახადებისგან გათავისუფლებით მათთვის გადახდილ ხელფასებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ან ორგანოს მიერ განხორციელებულ ნებისმიერი ფორმის გადახდასთან დაკავშირებით. ეს დებულება არ გავრცელდება ექსპერტსა და ორგანოს იმ წევრს შორის ურთიერთობაზე, რომლის მოქალაქეც არის ის;
(f) სავალუტო ან გაცვლით შეზღუდვებთან დაკავშირებით იმავე შესაძლებლობებით, რომლებიც გარანტირებულია უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში დროებით მისიებში.
2. ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა პირადი სარგებლობისთვის, არამედ მათ მიერ ორგანოსთან დაკავშირებული საკუთარი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. გენერალური მდივნის უფლება და მოვალეობაა, რომ მოუხსნას ნებისმიერ ექსპერტს იმუნიტეტი, თუ გენერალური მდივნის აზრით იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულებას და იმუნიტეტი შეიძლება მოიხსნას ორგანოს ინტერესების შეზღუდვის გარეშე.
მუხლი 10🔗. კანონებისა და რეგულაციების პატივისცემა
მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეზღუდვის გარეშე, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული ნებისმიერი პირი ვალდებულია პატივი სცეს ორგანოს წევრის კანონებსა და რეგულაციებს, რომლის ტერიტორიაზეც შესაძლოა იმყოფებოდეს ის ორგანოს საქმეზე ან რომლის ტერიტორიაზეც შესაძლოა გაიაროს მან ასეთ საქმეზე. ეს პირები ასევე ვალდებული არიან, არ ჩაერიონ წევრის შიდა საქმეებში.
მუხლი 11🔗. საშვები და ვიზები
1. ორგანოს მიერ მისი საკუთარი სამგზავრო დოკუმენტების გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გარეშე, ამ ოქმის მხარე სახელმწიფოები აღიარებენ და მიიღებენ ორგანოს ოფიციალური პირებისთვის გაცემულ გაეროს საშვებს.
2. ორგანოს ოფიციალური პირების სავიზო განაცხადები (როდესაც საჭიროა ვიზა) უნდა დამუშავდეს რაც შეიძლება სწრაფად. ორგანოს იმ ოფიციალური პირების სავიზო განაცხადებს (როდესაც საჭიროა ვიზა), რომლებიც ფლობენ გაეროს საშვებს, თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი მოგზაურობენ ორგანოს ოფიციალური საქმეზე.
მუხლი 12🔗. შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმების და ოქმის ურთიერთდამოკიდებულება
ამ ოქმის დებულებები წარმოადგენს შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმების დამატებით დებულებებს. რამდენადაც ამ ოქმის ნებისმიერი დებულება დაკავშირებულია იმავე არსებით საკითხთან, ორი დებულება, შესაძლებლობის შემთხვევაში, განიხილება როგორც ურთიერთშემავსებელი დებულებები ისე, რომ გამოყენებული იქნება ორივე დებულება და არც ერთი არ შეზღუდავს მეორე დებულების მოქმედებას; თუმცა ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმების დებულებებს ექნება უპირატესი ძალა.
მუხლი 13🔗. დამატებითი შეთანხმება
ეს ოქმი არც ერთ შემთხვევაში არ შეზღუდავს ან არ დააბრკოლებს იმ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს, რომლებიც გარანტირებულია ან გარანტირებული იქნება მომავალში ორგანოსთვის ორგანოს ნებისმიერი წევრის მიერ ამ წევრის ტერიტორიაზე ორგანოს შტაბ-ბინის ან რეგიონული ცენტრების ან ოფისების განთავსების გამო. ეს ოქმი ხელს არ შეუშლის ორგანოსა და ორგანოს ნებისმიერ წევრს შორის დამატებითი შეთანხმებების დადებას.
მუხლი 14🔗. დავების გადაწყვეტა
1. ამ ოქმით მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით ორგანო შეიმუშავებს შესაბამის დებულებას, რათა სათანადოდ გადაწყდეს:
(a) კერძო სამართლის ხასიათის დავები, რომლის მონაწილე მხარეც არის ორგანო;
(b) დავები, რომლებშიც ჩართულია ორგანოს ნებისმიერი ოფიციალური პირი ან ორგანოს მისიაში მყოფი ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც მისი ოფიციალური პოზიციის გამო სარგებლობს იმუნიტეტით, თუ ეს იმუნიტეტი მოხსნილი არ არის გენერალური მდივნის მიერ.
2. ამ ოქმის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ორგანოსა და ორგანოს წევრს შორის, რომელიც ვერ გადაწყდება კონსულტაციების, მოლაპარაკებების ან სხვა შეთანხმებული გზით დავის მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, ეს დავა გადაეცემა სამი არბიტრისგან შემდგარ კოლეგიას საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მისაღებად:
(a) ერთი არბიტრი ნომინირებული იქნება გენერალური მდივნის მიერ, ერთი არბიტრი – დავის მონაწილე მეორე მხარის მიერ, ხოლო მესამე არბიტრს, რომელიც იქნება კოლეგიის თავმჯდომარე, შეარჩევს პირველი ორი არბიტრი;
(b) თუ რომელიმე მხარე ვერ შეძლებს არბიტრის დანიშვნას მეორე მხარის მიერ არბიტრის დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პრეზიდენტი განახორციელებს ასეთ დანიშვნას. თუ პირველი ორი არბიტრი ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე პირველი ორი არბიტრის დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში, მესამე არბიტრს შეარჩევს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პრეზიდენტი გენერალური მდივნის ან დავის მონაწილე მეორე მხარის მოთხოვნით.
მუხლი 15🔗. ხელმოწერა
ეს ოქმი ღია იქნება ორგანოს ყველა წევრისთვის ხელმოსაწერად ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს შტაბ-ბინაში, კინგსტონში, იამაიკაში, 1998 წლის 17 აგვისტოდან 28 აგვისტომდე და შემდგომში გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 2000 წლის 16 აგვისტომდე.
მუხლი 16🔗. რატიფიკაცია
ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, დამტკიცებას ან მიღებას. რატიფიკაციის, დამტკიცების ან მიღების დოკუმენტები დეპონირებული იქნება გაეროს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 17🔗. შეერთება
ეს ოქმი დარჩება ღიად შეერთებისთვის ორგანოს ყველა წევრისთვის. შეერთების დოკუმენტები დეპონირებული იქნება გაეროს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 18🔗. ძალაში შესვლა
1. ოქმი ძალაში შევა რატიფიკაციის, დამტკიცების, მიღების ან შეერთების მეათე დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან 30 დღის შემდეგ.
2. ორგანოს თითოეული წევრისთვის, რომელიც ახდენს ამ ოქმის რატიფიცირებას, დამტკიცებას ან მიღებას ან უერთდება მას რატიფიკაციის, დამტკიცების, მიღების ან შეერთების მეათე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შევა მისი რატიფიკაციის, დამტკიცების, მიღების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 19🔗. დროებითი გამოყენება
სახელმწიფოს, რომელიც აპირებს ამ ოქმის რატიფიცირებას, დამტკიცებას, მიღებას ან მასთან შეერთებას, ნებისმიერ დროს შეუძლია აცნობოს დეპოზიტარს, რომ ის დროებით გამოიყენებს ამ ოქმს ისეთი ვადით, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს ორ წელს.
მუხლი 20🔗. დენონსაცია
1. მონაწილე მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსირება გაეროს გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინებით. დენონსაცია ძალაში შევა შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, თუ შეტყობინებით განსაზღვრული არ არის უფრო გვიანი თარიღი.
2. დენონსაცია არც ერთ შემთხვევაში გავლენას არ მოახდენს ნებისმიერი მონაწილე მხარის ვალდებულებაზე, რომ შეასრულოს ამ ოქმით განსაზღვრული ნებისმიერი მოვალეობა, რომელსაც დაექვემდებარებოდა იგი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ამ ოქმისგან დამოუკიდებლად.
მუხლი 21🔗. დეპოზიტარი
გაეროს გენერალური მდივანი იქნება ამ ოქმის დეპოზიტარი.
მუხლი 22🔗. ავთენტური ტექსტები
ამ ოქმის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია.
რის დასტურადაც ქვემოთ ხელმომწერმა, ამ მიზნით სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს ოქმს.
ღიაა ხელმოსაწერად კინგსტონში, ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი წლის ჩვიდმეტი აგვისტოდან ოცდარვა აგვისტომდე, ერთ ორიგინალად, არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე.
ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ოქმის
ხელმომწერთა სია
მონაწილე:
ხელმოწერის თარიღი:
ბაჰამის თანამეგობრობა
26/08/1998
ბრაზილია
27/08/1998
ჩილეს რესპუბლიკა
14/04/1999
კოტ დ’ივუარი
25/09/1998
ჩეხეთის რესპუბლიკა
01/08/2000
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა
26/04/2000
ფინეთის რესპუბლიკა
31/03/1999
განას რესპუბლიკა
12/01/1999
საბერძნეთის რესპუბლიკა
14/10/1998
ინდონეზიის რესპუბლიკა
26/08/1998
იტალიის რესპუბლიკა
18/05/2000
იამაიკა
26/08/1998
კენიის რესპუბლიკა
26/08/1998
მალტის რესპუბლიკა
26/07/2000
ნამიბიის რესპუბლიკა
24/09/1999
ნიდერლანდების სამეფო
26/08/1998
ომანის სასულთნო
19/08/1999
პაკისტანის რესპუბლიკა
09/09/1999
პორტუგალიის რესპუბლიკა
06/04/2000
საუდის არაბეთის სამეფო
11/10/1999
სენეგალის რესპუბლიკა
11/06/1999
სლოვაკეთის რესპუბლიკა
22/06/1999
ესპანეთის სამეფო
14/09/1999
სუდანის რესპუბლიკა
06/08/1999
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია
17/09/1998
ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა
26/08/1998
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
19/08/1999
გაერთიანებული სამეფო
ურუგვაის რესპუბლიკა
21/10/1998