შპს „ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2018 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
წარმომადგენელი – მამუკა ნოზაძე
მოვალე – შპს „ტექნიკა 2008“ (ს/ნ 206322433)
მოთხოვნა – შპს „ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „ტექნიკა 2008“-ს (ს/კ 206322433) უარი ეთქვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 მარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 29 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „ტექნიკა 2008“-ის (ს/კ 206322433) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2018 წლის 16 აპრილს, სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურს 2018 წელის 03 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 დღის ვადით. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაჰბარდა 2018 წლის 24 აპრილს.
2018 წლის 2 მაისს, სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და დამატებით ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) დღით კიდევ ერთხელ გაგრძელება, ვინაიდან „სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1640 განკარგულების მიხედვით, შესაბამისი თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ დროსთან, ვიდრე ეს სასამართლო განჩინებით არის განსაზღვრული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 03 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 დღის ვადით.
2018 წლის 8 მაისს, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა – საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს შპს „ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13–მე-15, მე-18, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ტექნიკა 2008“-ის (ს/ნ 206322433) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
6. შეჩერდეს შპს „ტექნიკა 2008“-ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №40 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე