საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2018
ძალის დაკარგვა 24.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-374
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016508
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის N2-374 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-374
2018 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადება;
გ) სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება;
დ) გარემოზე ზემოქმედების შეფესების (შემდგომში – გზშ) ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის (შემდგომში – საქმიანობა) განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) გზშ-ის ანგარიშის, სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ) ანგარიშის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნის, ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;
ზ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული მიმდინარე საქმიანობის (შემდგომში – მიმდინარე საქმიანობა) გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა, საექსპერტო კომისიის შექმნის და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება;
თ) სკრინინგის, სკოპინგის, გზშ-ის ანგარიშის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ, სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის და სგშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ი) სკოპინგის, გზშ-ის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ, სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;
ლ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და აღნიშნული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;
მ) სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზი და არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება;
ნ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება;
ო) გზშ-ის ანგარიშის განხილვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება;
რ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ს) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
ტ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის წარმოება;
უ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება;
ქ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების დაკმაყოფილებისათვის/შესრულებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, სხვა პირზე გადაცემა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ძ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
წ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება;
ჭ) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება;
ხ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
ჯ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით, მონაცემთა ინტერაქტიული შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფა, ასევე სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა;
ჰ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;
ჰ1) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გარემოსდაცვითი შეფასების მეორადი სტრუქტურული ერთეული;
ბ) სტრატეგიული დაგეგმვის მეორადი სტრუქტურული ერთეული;
გ) ინტეგრირებული მართვის მეორადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები
1. გარემოსდაცვითი შეფასების მეორადი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელებას და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადებას;
ბ) გზშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელებას და სკოპინგის დასკვნის მომზადებას;
გ) გზშ-ის ანგარიშის განხილვას და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებას;
დ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნის და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას და ექსპერტიზის დასკვნის შედგენას;
ვ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვას, საექსპერტო კომისიის შექმნის და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას და გადაწყვეტილების მომზადებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
თ) სკოპინგის, გზშ-ის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადებას და შესაბამისი პროცედურების ორგანიზებას;
კ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და აღნიშნული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
ლ) სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზს და არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღებას;
მ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას;
ნ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობას/ორგანიზებას;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სტრატეგიული დაგეგმვის მეორადი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელებას და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ს სკოპინგის პროცედურის განხორციელებას და სკოპინგის დასკვნის მომზადებას;
გ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ს ანგარიშის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნის და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას და ექსპერტიზის დასკვნის შედგენას;
დ) სკოპინგის, სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის და სგშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიღებას;
ე) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის განხილვას და რეკომენდაციების მომზადებას;
ზ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის წარმოებას;
თ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის განხილვას და კოორდინაციას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნებას;
კ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, სხვა პირზე გადაცემას და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადებას და შესაბამისი პროცედურების ორგანიზებას;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავებასა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ინტეგრირებული მართვის მეორადი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს:
ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვას;
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვას;
გ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღებას, მონაცემების ანალიზს და პროგრამულ დამუშავებას;
დ) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოებას და წყალსარგებლობის კრებულის მომზადებას;
ე) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვას;
ვ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვას;
ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით მონაცემთა ინტერაქტიულ შეგროვებას და ხარისხის უზრუნველყოფას;
თ) სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნას;
ი) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გზშ-ის, სგშ-ის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მეორადი სტრუქტურული ერთეულში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.