„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების პროექტები მოქმედი
მიღების თარიღი 29.05.2018
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პროექტი საქართველოს კანონი | პროექტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1🔗. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17🔗1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ლიცენზიის გამცემის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზია შესაძლოა ასევე პირდაპირი წესით გაიცეს:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – მომხმარებელთა წყალმომარაგების (წყალმომარაგების სისტემის/სისტემების, მათ შორის სასმელი წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდების) მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად.
ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის – სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვებისათვის;
2. ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებისათვის წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.
3. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებისას, ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგენს სათანადო განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და მიზნობრიობის შესახებ.
4. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისთვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად აგრეთვე წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის განცხადებას ასევე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს:
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.
2. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი საკუთარ ვებგვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებგვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებული იქნება აუქციონის ჩასატარებლად. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია დამატებით გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებებიც.“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 10 კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.“.
მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოქმედი კანონმდებლობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ხდება აუქციონის წესით. კანონმდებლობა იცნობს ლიცენზიის პირდაპირი წესით (აუქციონის გარეშე) გაცემას, თუმცა ეს გამონაკლისი მოიცავს მხოლოდ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წყლითა და სამკურნალო ტალახით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.
• კანონმდებლობით დასარეგულირებელია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ცნობილია, რომ ამ მიზნით გამოიყენება როგორც ზედაპირული წყლები (ამ ტიპის წყლით სარგებლობა ლიცენზიას არ საჭიროებს), ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყლები, რომელთა სარგებლობისთვისაც კანონმდებლობა ითვალისწინებს ლიცენზიის არსებობას. სარგებლობის ლიცენზიის მიღების აუქციონის წესი აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კონკურენციის რისკი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია და არსებობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისათვის წყლით სარგებლობის ლიცენზიის მიღების დაბრკოლების ალბათობა. არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში შესაძლებელია, აუქციონის ფასი გაიზარდოს არაადეკვატურად და საბოლოოდ დასრულდეს უშედეგოდ, ან/და სხვა კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეექმნას მისგან წყლის სასყიდლიანი მიღების აუცილებლობა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე, გამოიწვევს წყალმომარაგების შეფერხებას, წყლის ღირებულების გაზრდას და ა.შ. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასეთი საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებისათვის არსებობდეს სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის გარეშე მოპოვების შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის წყალმომარაგების შეფერხება. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის ამ ტიპის შემთხვევებისათვის საჭირო იქნება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების კომპანიებზე ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს, ვინაიდან იგი დაკავშირებულია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებასთან, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ხსენებულ შემთხვევაშიც ხდებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია კანონში გათვალისწინებულ იქნეს საგამონაკლისო შემთხვევებში გარკვეული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობასთან და განმაპირობებელია სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის.
ზემოხსენებული ცვლილების შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული მუხლით ასევე გათვალისწინებულ იქნეს, თუ რა დოკუმენტაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინტერესებულია გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება. სწორედ ამის გამო ცვლილების პროექტით განისაზღვრა წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელების მიერ 171 მუხლით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება. მნიშვნელოვანია განცხადების ავტორმა კომპანიამ დაასაბუთოს, რომ ის ნამდვილად ფლობს წყალმომარაგების ლიცენზიას და ამ მიზნით წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
• საჭიროა კანონმდებლობით არსებობდეს შესაძლებლობა სუბიექტის მიერ ლიცენზიის მიღების პირდაპირი წესით მიღებისათვის იმ შემთხვევაში, როცა საუბარია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის და ამ მიზნით საჭიროა ცვლილების განხორციელება კანონის 171 მუხლში. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებობს კერძო პირის დაინტერესება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვებაზე. ამ სუბიექტებს, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოპოვებისათვის უწევთ აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის პრინციპი ართულებს მეწარმეებისათვის მტკნარი წყლის მოპოვების შესაძლებლობას და ქმნის ბარიერს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აუქციონი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოშობს კონკურენციის რისკს ობიექტთან დაკავშირებით. არსებობს შესაძლებლობა და ალბათობა აუქციონში გაიმარჯვოს სხვა სუბიექტმა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მესაკუთრეს გააჩნდეს უარყოფითი პოზიცია მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე წყლით სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თვითონ გააჩნია აღნიშნული ლიცენზიის ფლობის ინტერესი. ეს პროცედურები წარმოადგენს ხელის შემშლელ გარემოებას როგორც მესაკუთრისათვის, ასევე აუქციონში პოტენციური გამარჯვებულისათვის, რაც აფერხებს როგორც ლიცენზირების პროცესს, ისე სამეწარმეო საქმიანობას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონმდებლობით არსებობდეს შესაძლებლობა, კერძო მესაკუთრის დაინტერესების შემთხვევაში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიცეს ლიცენზია პირდაპირი წესით – აუქციონის გარეშე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ლიცენზიის გაცემისას, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წლის განმავლობაში 5 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის წყლის მოპოვების უფლებით. აღნიშნული შეზღუდვის მიზანია, არ მოხდეს წყლის რესურსების შეუზღუდავი, ან/და დიდი მოცულობით ხარჯვა და უზრუნველყოფილი იქნეს მათი რაციონალური გამოყენება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნული რეგულაციები შეეხოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსაც.
გარდა აღნიშნულისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტის მხრიდან გარკვეული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, როცა იგი ითხოვს მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებას. ამ შემთხვევაში, სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ტერიტორია, სადაც არსებობს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების შესაძლებლობა, მის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• ზემოხსნებული ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ განაპირობა ნორმის სათაურის განახლებული სახით ჩამოყალიბება. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა მოხდეს საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული შემთხვევების წრის გაფართოება, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სათაურით ნორმის არსებობა გაუმართლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. მოქმედი რედაქციით არსებული სახელწოდება ვერ დაფარავს მის შინაარსში არსებულ შემთხვევებს. სწორედ ამის გამო უმჯობესია ნორმის სათაურის გაფართოებული შინაარსით ჩამოყალიბება, რაც გამორიცხავს ხსენებული ნორმის სათაურსა და შინაარსს შორის არათავსებადობას. სწორედ იმის გამო, რომ ნორმა თავისი შინაარსით უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის გარკვეული კატეგორიის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემას, მისი სახელწოდება საჭიროა ჩამოყალიბდეს, როგორც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი.
• წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილების განხორციელება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში. პუნქტის მოქმედი რედაქცია ავალდებულებს ლიცენზიის გამცემს აუქციონის ჩატარების მიზნით საჭირო ინფორმაცია გამოაქვეყნოს ცენტრალურ პრესაში. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წლიდან აუქციონის ჩასატარებლად ლიცენზიის გამცემის მიერ გამოყენებულია ელექტრონული ფორმა. ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში მონაწილეობისათვის უწევს ელექტრონულად დარეგისტრირება შესაბამის ვებგვერდზე და სრული აუქციონის პროცესის ელექტრონულ ფორმატში ჩართულობა. რაც ნიშნავს, რომ ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციით. შემდეგ ამავე ვებგვერდზე რეგისტრაციისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს აუქციონში. როგორც აღნიშნულიდან გამომდინარეობს, არ არსებობს აუქციონის თაობაზე ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების საჭიროება. წარმოდგენილი ცვლილება არ შეაფერხებს ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირთა წრისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და დაზოგავს ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯებს, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად. ამ საკითხზე უფრო მეტი სიცხადის შესატანად ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა ლიცენზიის მფლობელთა გამოკითხვა (ლიცენზიანტებთან პერიოდულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინიციატივების გაზიარება-განხილვის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მოხდა ლიცენზიანტების მოსაზრების გამორკვევა იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმითაა უფრო მოსახერხებელი სარგებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღება – ელექტრონული საშუალებებით, თუ ბეჭდური მედიის (ცენტრალური პრესის) საშუალებით). ასი გამოკითხული რესპოდენტიდან მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა განაცხადა, რომ ისურვებდა ორივე (და არა მხოლოდ ბეჭდური მედიით) საინფორმაციო საშუალებით ხდებოდეს ინფორმაციის გამოქვეყნება, დანარჩენმა 96 სუბიექტმა განაცხადა, რომ მათთვის მოსახერხებელია ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონული მედიასაშუალებებით. აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით აუქციონის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების ვალდებულების არარსებობა.
• წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება. ნორმის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემის ვალდებულებას ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემით დაინტერესების შემთვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება ლიცენზიაში და გასცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა. სამდღიანი ვადა არ არის საკმარისი, ვინაიდან რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე საჭიროა გადამოწმებულ იქნეს ლიცენზიასთან დაკავშირებული მონაცემები (დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თავსებადობა მის მიერვე წინა პერიოდში წარმოდგენილი წლიური ანგარიშგების მონაცემებთან. პრაქტიკაში არსებულმა შემთხვევებმა ცალსახად აჩვენა, რომ ლიცენზიის გადაცემისას აუცილებელი ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმების მიზნით საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი ვადის გაზრდა. წარმოდგენილი ცვლილებით განსაზღვრული ვადა შეადგენს 10 დღეს, რაც საკმარისი იქნება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მოამზადოს ადმინისტრაციული აქტის პროექტი და სალიცენზიო მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისათვის პირდაპირი წესით. წყალმომარაგებისათვის მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის მიზანს წარმოადგენს აუქციონთან დაკავშირებული გართულებული პროცედურების თავიდან აცილება, რათა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს არ შეექმნას ბარიერი წყალმომარაგების ლიცენზიის მიზნებისათვის მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობაში. ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობისათვის გამარტივებული წესის შემოღება, რათა მოხდეს რესურსის ეფექტური გამოყენება სამეწარმეო მიზნით.
კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯების ოპტიმიზაციას. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება დარგის განვითარებისათვის.
კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს ლიცენზიის გამცემს მიეცეს ლიცენზიის გადაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად გადამოწმების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზიის გამცემის მიერ ყველა საჭირო მოქმედების განხორციელებისათვის დროის ოპტიმალური პერიოდის არსებობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
• წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის 171 მუხლში, რომლის მიხედვითაც ხდება:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მომხმარებელთა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესის სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა;
ბ) პროცედურის გამარტივების მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებაზე ლიცენზიის პირდაპირი გაცემის წესის გავრცელება. დამატებით პირობად კი, განსაზღვრულია წყლით სარგებლობის წლიური ზედა ზღვარი 5 000 კუბური მეტრის მოცულობით.
ზემოხსენებული ცვლილებების გათვალისწინებით, კანონის 171 მუხლს ემატება პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება ლიცენზიის პოირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია. კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელმა სუბიექტმა, რომელიც დაინტერესებულია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებით, საჭიროა ამ მუხლით ჩამოთვლილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, 171 მუხლს დაემატება პუნქტი, რომელიც დამოუკიდებლად გაითვალისწინებს დამატებით დოკუმენტაციას, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც ექნება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს. აღნიშნულმა სუბიექტმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის თაობაზე ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება შესაძლებლობა, ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოიყენოს დამატებითი ტექნიკური საშუალებებიც.
• წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ხდება ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის 10 კალენდარული დღის დაწესება ნაცვლად სამდღიანი ვადისა. კანონმდებლობა არ უნდა ზღუდავდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოს დროში ისე, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულყოფილად მოახდინოს ყველა საჭირო დოკუმენტის გადამოწმება. შესაბამისად, მისთვის ამ მოქმედებების განსახორციელებლად უნდა არსებობდეს დროის ოპტიმალური შუალედი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი უზუსტობა;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის ამოქმედება არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიირეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 17🔗1. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.
2 . ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღების შესახებ.
3. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს :
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.
6 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 18🔗. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.
4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება:
ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის.
დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.
5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.
6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.
7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე.
8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც.
10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.
12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.
მუხლი 20🔗. სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.
21. თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისათვის თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის განხორციელებას.
4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.
5. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი წესით.
6. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.
7. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.
8. ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.