საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.06.2018
ძალის დაკარგვა 30.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-132
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.12.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-132
2018 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის:
ა) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების დაგეგმვის, მონიტორინგისა და განხორციელების კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა; ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;
ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვა; ევროკავშირთან საქართველოს ღრმა პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებისათვის ახალი პლატფორმების ძიება; ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტის სამდივნოს ფუნქციის შესრულება.
მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია და აღნიშნული დღის წესრიგის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტების და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია;
გ) ევროკავშირთან თანამშრომლობის პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამოყალიბების და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
დ) ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაში მონაწილეობა და ამ თანამშრომლობის განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება;
ე) „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან და მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან, თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ მიზნით, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების (საბჭო, კომიტეტი, ქვეკომიტეტი) სხდომების მომზადება და წარმართვა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა;
ზ) ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) საქართველოში ევროკავშირის დახმარების ფარგლებში არსებული პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
ი) ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტებისა და ორმხრივი ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტების (ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, საფინანსო შეთანხმებების, მემორანდუმების) შეთანხმებისა და ხელმოსაწერად მომზადების პროცესის კოორდინაცია;
კ) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები);
ლ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება;
მ) ევროკავშირთან/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების ხელშეწყობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კოორდინაცია;
ნ) რეგულარული პირდაპირი კონტაქტები ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან, აგრეთვე ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობა;
ო) ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური და სხვა) და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა;
პ) ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა
1. დირექტორატს ხელმძღვანელობს დირექტორატის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორატის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დირექტორატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების დირექტორებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივნის ფუნქციებს;
ვ) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში,
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დირექტორატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების ერთ-ერთ დირექტორს, დირექტორატის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.