საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/279
2018 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 13 აპრილის №01/1002, №01/1003, №01/1004, №01/1005 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში „საავტომობილო გზების დეპარტამენტი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვენლობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ხულო-გოდერძის მონაკვეთის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და, გამოარკვია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთი გადის რთულ გეოგრაფიულ-გეოლოგიურ პირობებში. აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგიერთი უბნის რეკონსტრუქციასთან ერთად. საფარი ძირითადად ხრეშიანია, სავალი ნაწილი სადრენაჟო სისტემის არარსებობობის გამო ჩახრამულია, საფარის ზედაპირზე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და დეფექტები, წყალგამტარი მილები
მოითხოვს გაწმენდას და აღდგენას. აღსადგენია არსებული ხიდები, მრუდების გასწორების მიზნით, რიგ ადგილში საჭიროა საავტომობილო გზის ვაკისის ლოკალური ჩანაცვლება და ახალი ხიდების მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში პირველ ლოტს წარმოადგენს საგზაო მონაკვეთი ხულოდან გოდერძის ურელტეხილამდე (გზის მე-80 და 110-ე კილომეტრებს შორის) საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან და მთავრდება ამავე საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. მოცემულ მონაკვეთს, რომლის სრული სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ს შეადგენს გააჩნია ლოკალურად ძლიერი და დაზიანებული ასფალტის საფარი. ეს მონაკვეთი დაახლოებით 25-30 წლისაა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად დაზიანებულია. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასატანადო მდგომარეობაში, რაც ძალზედ ართულებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მოქალაქეების:
1. მერაბ აბულაძის (პ/ნ 61009003387).
2. იური შერვაშიძის (პ/ნ 61009000369).
3. იური შერვაშიძის (პ/ნ 61009000369), ნათია შერვაშიძისა და ნანა შერვაშიძის.
4. შოთა თავართქილაძის (პ/ნ 61009001124) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია საავტომობილო გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიაჩნია, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ხულო-გოდერძის საავტომობoლო გზის მონაკვეთის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 23.06.38.035, მისამართი: ხულო, სოფელი დეკანაშვილი, (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 1283.00 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს მერაბ აბულაძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი – კერძოდ, 214 კვ.მ და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 23.11.31.783, მისამართი: ხულო, დ. მამულაძის ქუჩა №3 (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 760 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს იური შერვაშიძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 267 კვ.მ და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 23.11.31.007, მისამართი: დაბა ხულო, დ. მამულაძის ქუჩა №3 (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 800 კვ.მ) თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ იური შერვაშიძე, ნათია შერვაშიძე, ნანა შერვაშიძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნაწილი, კერძოდ, 272 კვ.მ და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 23.06.38.253, მისამართი: ხულო, სოფელი განახლება (კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, 1000 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს შოთა თავართქილაძე, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნაწილი. კერძოდ, 309 კვ.მ და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების, პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/ გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (აგნისა)-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ხულო-გოდერძის საავტომობoლო გზის მონაკვეთის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:
1.1. უძრავი ქონება ს/კ 23.06.38.035 (მისამართი: რაიონი ხულო, სოფელი დეკანაშვილი), მესაკუთრე: მერაბ აბულაძე (პ/ნ 61009003387), საექსპროპრიაციო ფართი: 214 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
1.2. უძრავი ქონება ს/კ 23.11.31.783 (მისამართი: რაიონი ხულო, დ. მამულაძის ქუჩა №3), მესაკუთრე: იური შერვაშიძე (პ/ნ 61009000369), საექსპროპრიაციო ფართი: 267 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
1.3 უძრავი ქონება ს/კ 23.11.31.007 (მისამართი: რაიონი ხულო, დაბა ხულო, დ. მამულაძის ქუჩა №3), თანამესაკუთრე: იური შერვაშიძე (პ/ნ 61009000369), ნათია შერვაშიძე და ნანა შერვაშიძე, საექსპროპრიაციო ფართი: 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
1.4 უძრავი ქონება ს/კ 23.06.38.253, (მისამართი: რაიონი ხულო, სოფელი განახლება), მესაკუთრე: შოთა თავართქილაძე (პ/ნ 61009001124), საექსპროპრიაციო ფართი: 309 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი