„საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 09.03.2018
ძალაში შესვლა 20.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №42-50
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე
საქართველო
და
ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნებისათვის წარმოდგენილი ბ-ნი რობ უეინრაითის, აღმასრულებელი დირექტორის სახით, და შემდგომში წოდებული როგორც „ევროპოლი“,
შემდგომში ერთად წოდებულნი როგორც „მხარეები“ ან ინდივიდუალურად წოდებულნი როგორც „მხარე“,
ითვალისწინებენ რა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმებას (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“),
ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე ინფორმაციის გაცვლა მოითხოვს მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია დაარეგულიროს ინფორმაციის გაცვლისათვის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნა, განხორციელება, ოპერირება, ჩანაცვლება და დემონტაჟი.
2. მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება მხოლოდ მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შეთანხმების შესაბამისი დებულებების თანახმად.
3. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის გამოყენებით საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ნებადართული იქნება, რამდენადაც იარსებებს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) შორის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ“
ურთიერთგაგების მემორანდუმი“.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნისათვის:
a) „დემარკაციის პუნქტი“ ნიშნავს ევროპოლის ოპერაციების ქსელსა და საქართველოს ქსელს შორის ინტერფეისს, სადაც ოპერატიული კონტროლი და საკომუნიკაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება გადადის ერთი მხარიდან მეორეზე;
b) „ევროპოლის ქსელი“ ნიშნავს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელების კოლექტიურ ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება ოპერატიული ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის ევროპოლის სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად;
c) „უსაფრთხოების საბაზისო დონე“ ნიშნავს უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ორივე მხარის ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗
საკონტაქტო პუნქტები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექნიკურ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისათვის თითოეულმა მხარემ უნდა განსაზღვროს საკონტაქტო პუნქტი.
მუხლი 4🔗
კავშირის კოდი
1. მხარეებმა უნდა განახორციელონ „ევროპოლის საინფორმაციო სისტემებთან კავშირის კოდით“ (შემდგომში წოდებული როგორც „კოდი“) დადგენილი უსაფრთხოების მინიმალური კონტროლი.
2. კოდი ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორივე მხარის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენასა და განხორციელებაზე.
3. თუ მხარეები ახორციელებენ შემდგომ ურთიერთკავშირს სხვა რომელიმე ქსელთან, ასეთი კავშირი უნდა დაექვემდებაროს შეთანხმების მიღწევას ისეთი პრინციპებისა და მოთხოვნების პატივისცემასთან დაკავშირებით, რომელიც ეკვივალენტურია ამ კოდით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებთან.
4. მხარე არ უნდა ჩაერიოს მეორე მხარის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წერილობით მეორე მხარის მიერ ან საგანგებო სიტუაციის დროს.
5. თუ მოხდება უსაფრთხოების სერიოზული ინციდენტი, შესაბამისმა მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს დაყოვნების გარეშე და უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ხელშეუხებლობის დასაცავად, ასევე, რაიმე ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მეორე მხარის სისტემასთან კავშირის გაწყვეტის გათვალისწინებით.
6. მანამ, სანამ განხორციელდება რაიმე ცვლილება ურთიერთკავშირებზე ან სისტემებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ მხარის ქსელზე, შესაბამისი ინფორმაცია და სათანადო წინასწარი შეტყობინება წერილობით უნდა გაეგზავნოს მეორე მხარის საკონტაქტო პუნქტს. თუ საჭიროა შეხვედრის გამართვა ცვლილებების განსახილველად, ის უნდა გაიმართოს მათ განხორციელებამდე.
მუხლი 5🔗
ზოგადი დებულებები და ვალდებულებები
1. მხარეებმა უნდა გამოიყენონ ურთიერთდაკავშირებული სისტემები მხოლოდ შეთანხმების მიზნისათვის და წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებების შესაბამისად.
2. თითოეული მხარე იქნება პასუხისმგებელი საკუთარი სისტემების უსაფრთხოებაზე, რომელიც იწყება დემარკაციის პუნქტიდან.
3. მხარეებმა არ უნდა განახორციელონ მეორე მხარის სისტემაში რაიმე სახის ტესტები, მოწყვლადობის სკანირებები ან შეღწევის მცდელობები მეორე მხარის მიერ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
4. მე-4 (5) მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, მხარეებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საფრთხეებთან და მოწყვლადობასთან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ერთმანეთის სისტემებს.
5. ყველა აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა კომუნიკაციის არხის შექმნისათვის ევროპოლის ქსელის დემარკაციის პუნქტამდე, მიწოდებული იქნება ევროპოლის მიერ და დარჩება ევროპოლის საკუთრებაში.
6. ევროპოლის აღჭურვილობა, რომელიც დამონტაჟებული იქნება საქართველოში, დარჩება ევროპოლის საკუთრებაში. საქართველოს საკუთარი აღჭურვილობა, რომელიც დამონტაჟებული იქნება ევროპოლის შენობებში, დარჩება საქართველოს საკუთრებაში. მე-4 მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, აღჭურვილობის მესაკუთრე იქნება პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე.
7. თითოეული მხარე იქნება პასუხისმგებელი საკუთარი აღჭურვილობის დამონტაჟებაზე, შენახვაზე, ჩანაცვლებასა და დემონტაჟზე. დახმარების შესახებ მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს თითოეული მხარის შესაბამისი ქსელის სისტემის ადმინისტრატორების მიერ იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს დახმარებისა და შენახვის საკითხებს. ამგვარ მოთხოვნებთან მოპყრობის პროცედურა შეიძლება შეთანხმდეს მხარეთა შორის წერილობით.
8. ევროპოლი იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნაზე, შენახვასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე. საქართველო სათანადო პროცედურების შესაბამისად უზრუნველყოფს ევროპოლის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირის წვდომას მისი შენობების შესაბამის ადგილებში ამგვარი შენახვის ან ხარვეზიანი აღჭურვილობის ჩანაცვლების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ნაკლოვანება აღმოჩენილია საქართველოს მიერ, ევროპოლის მიერ დანიშნული პირები იქნებიან ტექნიკური დახმარების პირველი წყარო.
9. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის დემონტაჟი უნდა მოხდეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ევროპოლი იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო კომუნიკაციის არხისა და საქართველოში დამონტაჟებული მისი აღჭურვილობის დემონტაჟზე. მხარემ სათანადო პროცედურების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს წვდომა მეორე მხარის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირისთვის უსაფრთხო კომუნიკაციის არხისა და მისი საკუთარი აღჭურვილობის დემონტაჟის მიზნით.
10. მხარეები დაყოვნების გარეშე გადასცემენ ერთმანეთს იმ შესაბამის აღჭურვილობას, რომლის დემონტაჟიც მოხდა. ამ მიზნით, პრაქტიკული ღონისძიებები უნდა შეთანხმდეს წერილობით მხარეებს შორის, მე-6 (6) მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად.
მუხლი 6🔗
ხარჯების განაწილება
1. ევროპოლმა, შესყიდვების შესახებ თავისი წესების შესაბამისად, უნდა შეიძინოს ყველა ნივთი ან აღჭურვილობა და უზრუნველყოს საჭირო მომსახურების გაწევა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნისთვის, განხორციელებისთვის, ოპერირებისთვის, ჩანაცვლებისა და დემონტაჟისთვის.
2. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან, შენახვასა და ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ანაზღაურდება ევროპოლის მიერ.
3. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის ყოველთვიური საექსპლუატაციო ხარჯები უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის, თითოეულის მიერ 50%-ის გადახდით. საჭიროებისამებრ, ევროპოლი წინასწარ სრულად გადაიხდის ყოველთვიურ საექსპლუატაციო ხარჯებს. საქართველომ უნდა აანაზღაუროს ყოველთვიური საექსპლუატაციო ხარჯების 50% მას შემდეგ, რაც ევროპოლი გამოსცემს ანაზღაურების შესახებ ბრძანებას ევროპოლის ფინანსური რეგულაციის შესაბამისად. ყოველთვიური საექსპლუატაციო ხარჯები შეადგენს 2107,76 ევროს.
4. ნებისმიერი მხარის მიერ უსაფრთხო კომუნიკაციის არხის გადაადგილების შემთხვევაში, ასეთი გადაადგილების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს იმ მხარის მიერ, რომელმაც განახორციელა აღნიშნული გადაადგილება.
5. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის დემონტაჟთან დაკავშირებული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ევროპოლის მიერ მე-5 (9) მუხლის შესაბამისად. თითოეულმა მხარემ უნდა აანაზღაუროს თავისი აღჭურვილობის დემონტაჟისა და გაგზავნის ხარჯები მე-5 (10) მუხლის შესაბამისად.
6. ყველა იმპორტი და საჭიროებისამებრ, ექსპორტი, ევროპოლიდან საქართველოში შესასვლელად ან მის დასატოვებლად უნდა იყოს ნებადართული ისე, რომ არ დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდას, დაბეგვრას, საფასურს, დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) ან ეკვივალენტური შედეგის მქონე ნებისმიერ სხვა გადასახადს, დაბეგვრას, საფასურსა და მოსაკრებელს. ამგვარი გათავისუფლება იქნება გამოყენებული მხოლოდ ისეთ იმპორტზე ან ექსპორტზე, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად ევროპოლის მიერ მიწოდებულ ან უკან გაგზავნილ ნივთებთან ან აღჭურვილობასთან ან/და გაწეულ მომსახურებასთან.
მუხლი 7🔗
პასუხისმგებლობა და დავების მოგვარება
1. შეთანხმების 21-ე მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, მხარეს დაეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, განხორციელების, ოპერირების, ჩანაცვლებისა და დემონტაჟის შედეგად მეორე მხარისთვის მიყენებულ ყველა ზიანზე. ასეთ შემთხვევებში მხარეები უნდა ეცადონ, იპოვონ სამართლიანი გადაწყვეტის საშუალება მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის.
2. მესამე მხარის მიერ დაწყებული საქმის, სარჩელის ან სამართალწარმოების დაცვის შედეგად წარმოშობილი ხარჯები და მხარის მიერ მესამე მხარისთვის გადახდილი კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმთან, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა იქნეს ანაზღაურებული მეორე მხარის მიერ, თუ ისინი გამოწვეული იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ან უმოქმედობით მეორე მხარის მიერ. მხარეები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს და ეცადონ, იპოვონ ანაზღაურების სამართლიანი გადაწყვეტის საშუალება.
3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მხარეებს შორის უნდა გადაწყდეს შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ცვლილებები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები ორმხრივად უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის წერილების გაცვლის გზით. ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-11 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. შეთანხმებული ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
2. პირველი პუნქტისათვის ზიანის მიუყენებლად, ევროპოლი წერილობით შეატყობინებს საქართველოს მე-6(3) მუხლში მითითებული ყოველთვიური საექსპლუატაციო ხარჯების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა საქართველოს მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან და წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი იქნება.
მუხლი 9🔗
შეჩერება
იმ შემთხვევაში, თუ მხარე არსებითად გადაუხვევს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებიდან, უსაფრთხო კომუნიკაციის არხი ან ორ ქსელს შორის კონკრეტული მომსახურებები შესაძლოა შეჩერებულ იქნეს ცალმხრივად მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მანამ, სანამ საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი.
მუხლი 10🔗
მოქმედების შეწყვეტა
1. ურთიერთგაგების მემორანდუმს შეიძლება მოქმედება შეუწყდეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში.
2. პირველი პუნქტისათვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის სამართლებრივი შედეგები ძალაში რჩება.
მუხლი 11🔗
ძალაში შესვლა და ხელმოწერები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის საქართველოს მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ეხება ევროპოლის მიერ საქართველოდან შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებას.
ხელმოწერილია ორ დედნად, ჰააგაში 2018 წლის 9 მარტს.
საქართველოს სახელით ევროპოლის სახელით
გიორგი გახარია რობ უეინრაითი
ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი აღმასრულებელი დირექტორი
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)
.