საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №340
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020656
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | საქართველოს პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 19.11.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №340
2018 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;
ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ფ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ქ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;
ღ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
ყ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
შ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საგარეო რისკების ანალიზი და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში, გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას.
მუხლი 4🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება, გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება; აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება; დონორების დახმარების ეფექტიანი კოორდინაცია და საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა და ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; მათ სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოების ინფორმირება დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე; საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის გვერდის ადმინისტრირება; საქართველოს მთავრობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა; საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და მოქმედ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
თ) დავალებათა კონტროლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი, ამ მიზნით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და ანალიზი; მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის, შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის მიზნით;
ი) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია: ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო.
მუხლი 5🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს; სხვა სახელმწიფო მოსამსახურეებს; დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
მუხლი 6🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 7🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.